საქმე №ბს-580(კს-22) 29 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „...“.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 2019 წლის 20 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანება; 2) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 ივლისის №5613/2/2018 გადაწყვეტილება შპს ,,ე...ს’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; 3) შემოსავლების სამსახურს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, შპს ,,ე...ს’’ 2017 წლის 26 დეკემბრის საჩივრის ხელახალი განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „...მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2022 წლის 14 აპრილს შპს „...მ“ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანების მოქმედების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს ,,...ს’’ შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტი შუამდგომლობით ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანების მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული ბრძანების თანახმად, შპს ,,ე...’’-ს (ს/ნ ...) საჩივარი დარჩა განუხილველი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია განმცხადებლის შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, ან უნდა წარმოიშვას დასაბუთებული ეჭვი, რომ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტების კანონიერების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა სასამართლოს არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენს და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიმდინარეობს აქტის კანონიერების შემოწმება. აქედან გამომდინარე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემობები და მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცალსახად უკანონოა. ამასთან, საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული აქტით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დარჩა განუხილველი. შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა არ ქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე და ასევე მისი გადაუდებელი აღსრულებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესების არსებითი დაზიანების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის სადავო აქტის მოქმედების შეჩერების კანონისმიერი წანამძღვრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საწარმო განიცდის მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ვინაიდან სადავო აქტის საფუძველზე საწარმოს მიმართ გავრცელდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, ქონება და საბანკო ანგარიშები არის დაყადაღებული, რაც ავტომატურად ნიშნავს კომპანიის საქმიანობის შეწყვეტას და მის გაკოტრებას.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტების უკანონობა დასტურდება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკით. შესაბამისად, სახეზეა სადავო აქტის შეჩერების 2 საფუძველი: 1) არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; 2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს „...ს“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებით დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვის შესაძლებლობასაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სახით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით, კერძოდ, კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანება; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 ივლისის №5613/2/2018 გადაწყვეტილება შპს ,,ე...ს’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გ) შემოსავლების სამსახურს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, შპს ,,ე...ს’’ 2017 წლის 26 დეკემბრის საჩივრის ხელახალი განხილვა.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შპს ,,ე... (ს/ნ ...) შეერწყა შპს ,,...ს’’ (ს/ნ ...).
2017 წლის 13 ოქტომბერს შპს ,,ე...ს’’ მიმართ გამოცემული №... საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურში, რომლის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანებით საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №... კორექტირებული ,,საგადასახადო მოთხოვნა’’ გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისისს №17655 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამებოდა დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარს. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის (დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად) საფუძველზე შპს ,,ე...ს’’ საჩივარი დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანება შპს ,,...ს’’ მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 26 ივლისის №5613/2/2018 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შპს ,,ე...სათვის’’ დარიცხული თანხების კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დავალებოდა შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირების განხორციელება.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე შუამდგომლობით ითხოვს საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანების მოქმედების შეჩერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლზე, რომლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი (სუსგ 09.03.2017წ. განჩინება, საქმე Nბს-935-927(კს-16)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე (საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას) და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტი განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს. ასეთი აქტის მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია საჩივრის ავტორის მოთხოვნის დასაბუთებულობაზე სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, დასაბუთებული ეჭვის არსებობაზე იმის შესახებ, რომ აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას. ინტერესთა ბალანსი დგინდება სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე ინტერესის უპირატესობა აშკარაა, თუ სარჩელს აქვს წარმატების ნაკლები პერსპექტივა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის კანონიერების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა სასამართლოს არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენს და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიმდინარეობს აქტის კანონიერების შემოწმება. აქედან გამომდინარე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემობები და მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ დაასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცალსახად უკანონოა. მხოლოდ აქტის კანონიერების თაობაზე არსებითი განხილვის მიმდინარეობა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გამოირიცხოს. ადმინისტრაციული კანონმდებლობა აქტის მოქმედების შეჩერების წინაპირობად, მისი უკანონობის გარდა, სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულებით მხარისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტსაც ითვალისწინებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებისას სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უფლების დროებით დაცვაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ ქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე და ასევე მისი გადაუდებელი აღსრულებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესების არსებითი დაზიანების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს წარმოდგენილ შუამდგომლობას და არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №2476 ბრძანების მოქმედების შეჩერების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე