№ბს-606 (კ-22) 22 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ც-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 10 დეკემბერს მ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 აგვისტოს ,,ოჯახის დეკლარაცია”; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს №04-00-d/36210 წერილი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი „მ. ც-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04/59449 გადაწყვეტილება; დ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, „ოჯახის დეკლარაციაში” კორექტირების შეტანის თაობაზე, სადაც წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გაწეული კომუნალური ხარჯი მიეთითება 177 ლარი და 13 თეთრი, ნაცვლად, 283 ლარისა და 13 თეთრისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. ც-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 აგვისტოს „ოჯახის დეკლარაცია”, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს №04-00-d/36210 წერილი, „მ. ც-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04/59449 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ც-ესთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად კმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მ. ც-ე დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. ამასთან, 2019 წლის 4 აგვისტოს მ. ც-ეის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა და შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“, რომლის საფუძველზეც, 2019 წლის 6 სექტემბერს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 40460 ერთეულით და შეუმცირდა საარსებო შემწეობის ოდენობა. 2019 წლის 4 აგვისტოს „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე მ. ც-ეის ოჯახის მიერ, წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში (2018 წლის აგვისტოდან, 2019 წლის ივლისის ჩათვლით) მოხმარებული ელექტროენერგიისათვის, გაწეულმა კომუნალურმა ხარჯმა შეადგინა 283 ლარი და 13 თეთრი.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ 2019 წლის 4 აგვისტოს „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე მ. ც-ეის ოჯახის მიერ, წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში (2018 წლის აგვისტოდან, 2019 წლის ივლისის ჩათვლით) მოხმარებული ელექტროენერგიისათვის, გაწეულმა კომუნალურმა ხარჯმა შეადგინა 283 ლარი და 13 თეთრი. სს „...ის’’ მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს გაცემული, რეგისტრირებული აბონენტის ნომრის (№...) ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის თვის ხარჯი იყო - 0 კვტ. სთ., შესაბამისად, ხარჯი - 0 ლარი, ხოლო 2019 წლის იანვრის თვის - 1017 კვტ. სთ., შესაბამისად, ხარჯი - 234.31 ლარი. დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის და 2019 წლის იანვრის თვეებში, მოსარჩელე მ. ც-ეის ოჯახი სარგებლობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სუბსიდიით დახარჯულ ელექტროენერგიაზე. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სს ,,...ის“ წამკითხველის პოზიციაზე დასაქმებული შ. მ-ეის მიერ, 2019 წლის 16 აგვისტოს შედგენილი ხელწერილი რომლითაც დასტურდება, რომ მისი ბრალეულობით ვერ მოხდა 2018 წლის დეკემბერში ...ის ჩიხი №...-ში მდებარე უძრავ ქონებაში რეგისტრირებული №... აბონენტის მრიცხველიდან ანათვლის აღება, რამაც გამოიწვია 0 (ნული) ნიშნულის ასახვა აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. აღურიცხავი ანათვალი მითითებული იქნა შემდეგი თვის ჩვენებაში და შესაბამისად, მოხდა ამ უკანასკნელი თვის 2019 წლის იანვრის ჩვენების გაზრდა. დაშვებული შეცდომის გამო, აბონენტმა ვერ მიიღო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალური სუბსიდია და შ. მ-ემ ზიანის ანაზღაურების მიზნით, ნაწილ-ნაწილ, გადაიხადა 106 ლარიანი სუბსიდია და ასევე, ელექტრო ენერგიის ტარიფის სხვაობა 30 ლარი.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მ. ც-ეის დეკლარაციაში კომუნალურ გადასახადთან დაკავშირებით არსებული უზუსტობები, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ მოუხდენია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების გზით საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში არ იქნა გამოთხოვილი შესაბამისი ორგანოებიდან ინფორმაცია მ. ც-ეის კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა მ. ც-ე განმარტავდა, რომ სხვა სახის მტკიცებულებების მოძიება არ შეეძლო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა დეკლარაციაში მითითებული ელექტროენერგიის ხარჯის თაობაზე ინფორმაცია, რაც ცხადყოფს იმას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აღნიშნული კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ქმნის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 აგვისტოს „ოჯახის დეკლარაციის”, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს №04-00-d/36210 წერილისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04/59449 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართებულად დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ც-ესთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, მ. ც-ეის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი ...) ამჟამად რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ძველი თბილისის რაიონში მისამართზე: ...ის ჩიხი 4. 2019 წლის 4 აგვისტოს შეივსო დეკლარაცია და ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 40460 ერთეული, რომლის საფუძველზე ოჯახი იღებს 50 ლარიან ფულად სოციალურ დახმარებას ორ წევრზე ანუ სულ მთლიანობაში 100 ლარს. მ. ც-ეის ადმინისტრაციული საჩივარი შეეხება 2019 წლის 4 აგვისტოს (საიდენტიფიკაციო კოდზე ...) შევსებულ ოჯახის დეკლარაციას. მოცემულ პერიოდში ოჯახი გადამოწმდა 2019 წ. 1 ივლისის 4 წლიანი გენერაციის საფუძელზე. დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მ. ც-ეის ხელმოწერით. უფროსი სოციალური აგენტის მიერ დეკლარაციაში ბლოკის „ოჯახის კომუნალური ხარჯები“ 1-გრაფაში „რა თანხა გადაიხადეთ წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის“, სწორად არის დაფიქსირებული ოჯახის მიერ გაწეული კომუნალური ხარჯი. ამასთან, საჩივრის კონკრეტული მიზეზია 2019 წლის 26 აგვისტოს წერილი 04-00-d/36210, რომლის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა მ. ც-ეის 2019 წლის 19 აგვისტოს განცხადება 115176 მონაცემთა ერთიან ბაზაში კომუნალური ხარჯების კორექტირების შესახებ, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მოთხოვნებს. დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2019 წლის 6 სექტემბერს, რამაც შეადგინა - 40460 ერთეული. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, ოჯახმა მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის გაგრძელების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მ. ც-ეის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ოჯახის იდენტიფიკაციის, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ქულის ოდენობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გამოთვლის პროცედურა მოიცავს არა მხოლოდ მის მექანიკურ დაანგარიშებას, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ სუბიექტურ ინფორმაციას, საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში. ამრიგად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, რამდენადაც ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის მიღებულ შემოსავალს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ: ა) მ. ც-ე დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. ბ) 2019 წლის 4 აგვისტოს მ. ც-ეის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა და შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“, რომლის საფუძველზეც, 2019 წლის 6 სექტემბერს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 40460 ერთეულით და შეუმცირდა საარსებო შემწეობის ოდენობა. გ) 2019 წლის 4 აგვისტოს ,,ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე მ. ც-ეის ოჯახის მიერ, წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში (2018 წლის აგვისტოდან, 2019 წლის ივლისის ჩათვლით) მოხმარებული ელექტროენერგიისათვის, გაწეულმა კომუნალურმა ხარჯმა შეადგინა 283 ლარი და 13 თეთრი; დ) საქმეში წარმოდგენილი, სს ...ის მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს გაცემული, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული აბონენტის ნომრის (№...), ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის თვის ხარჯი იყო - 0 კვტ.სთ, შესაბამისად, ხარჯი - 0 ლარი, ხოლო 2019 წლის იანვრის თვის - 1017 კვტ. სთ, შესაბამისად, ხარჯი - 234.31 ლარი; ე) 2018 წლის დეკემებრის და 2019 წლის იანვრის თვეებში, მოსარჩელე მ. ც-ეის ოჯახი სარგებლობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სუბსიდიით დახარჯულ ელექტროენერგიაზე; ვ) საქმეში წარმოდგენილი, სს ,,...ის“ წამკითხველის პოზიციაზე დასაქმებული შ. მ-ეის მიერ 2019 წლის 16 აგვისტოს შედგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მისი ბრალეულობით ვერ მოხდა 2018 წლის დეკემბერში ...ის ჩიხი №...-ში მდებარე უძრავ ქონებაში რეგისტრირებული №... აბონენტის მრიცხველიდან ანათვლის აღება, რამაც გამოიწვია 0 (ნული) ნიშნულის ასახვა აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. აღურიცხავი ანათვალი მითითებული იქნა შემდეგი თვის ჩვენებაში და შესაბამისად, მოხდა ამ უკანასკნელი თვის 2019 წლის იანვრის ჩვენების გაზრდა. დაშვებული შეცდომის გამო, აბონენტმა ვერ მიიღო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალური სუბსიდია და შ. მ-ემ ზიანის ანაზღაურების მიზნით, ნაწილ-ნაწილ, გადაიხადა 106 ლარიანი სუბსიდია და ასევე, ელექტრო ენერგიის ტარიფის სხვაობა 30 ლარი; ზ) 2019 წლის 19 აგვისტოს, მოსარჩელე მ. ც-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2019 წლის 4 აგვისტოს ,,ოჯახის დეკლარაციაში“ კორექტირების შეტანა მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო შ. მ-ეის მიერ 2019 წლის 16 აგვისტოს შედგენილი ხელწერილი და სს ,,...ის“ მიერ გაცემული №... აბონენტის ბრუნვის ისტორია; თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს №04-00-d/36210 წერილით, მოსარჩელე მ. ც-ეის 2019 წლის 19 აგვისტოს განცხადება არ დაკმაყოფილდა და ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დეკლარაციაში დაფიქსირებული დენის გადასახადის კორექტირების საფუძველს. ი) 2019 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელე მ. ც-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს №04-00-d/36210 წერილის ბათილად ცნობა. კ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04/59449 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ც-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ მ. ც-ეის ოჯახის დეკლარაციაში ასახულია არაზუსტი მონაცემები. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული სოციალური დახმარების მიმღების - მ. ც-ეის მხრიდან არასწორი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოჯახის დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ბ. სტურუა