Facebook Twitter

ბს-998 (კ-21) 30 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. წ-ამ 12.07.17წ. სარჩელით, ხოლო 07.08.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 06.03.2014წ. N9 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის, ...ის ქუჩის მე-2 ჩიხის და მე-3 ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის თაობაზე, ასევე ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 24.04.2014წ. N16 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის, ...ის ქუჩის მე-2 ჩიხის და მე-3 ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხების საკითხზე (დღის წესრიგის მე-4 საკითხი) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.05.2014წ. N985 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2017წ. განჩინებით ლ. წ-ას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

07.09.2017წ. ლ. წ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. წარმოდგენილი დაზუტებული სარჩელით ლ. წ-ამ მოითხოვა: 1. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.03.2014წ. N1163759 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 04.03.2014წ. N1153113 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 3. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.03.2014წ. N1393925 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 4. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 26.03.2014წ. N1224304 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.05.2014წ. N985 განკარგულების ბათილად ცნობა, 6. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 06.03.2014წ. N9 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის, ...ის ქუჩის მე-2 ჩიხის და მე-3 ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე, 7. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 24.04.2014წ. N16 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მე-2 ჩიხის და მე-3 ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხების საკითხზე (დღის წესრიგის მე-4 საკითხი), 8. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2017წ. გადაწყვეტილების (ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2017წ. განჩინებით ლ. წ-ას უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და იგი დაუბრუნდა მოსარჩელეს თანდართული მასალებით, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ლ. წ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2017წ. განჩინებით ლ. წ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2017წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. განჩინებით ლ. წ-ას დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2018წ. მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტა პირველი, მესამე და მერვე სასარჩელო მოთხოვნები და მოთხოვნილ იქნა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014წ. N1163759 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (1-ლი სასარჩელო მოთხოვნა) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. N1393925 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (მე-3 სასარჩელო მოთხოვნა) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 26.09.2017წ. N1-2128 ბრძანების ბათილად ცნობა (მე-8 სასარჩელო მოთხოვნა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2018წ. განჩინებით მოპასუხეების ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.2018წ. განჩინებით ლ. წ-ას სარჩელზე მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, მოსარჩელე ლ. წ-ას გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.2018წ. განჩინებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ლ. წ-ას სარჩელზე მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, მოსარჩელე ლ. წ-ას გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2019წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე (N3/4862-17) განახლდა წარმოება, საქმეში მოსარჩელე ლ. წ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლე. წ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.08.2019წ. განჩინებით N3/4862-17 ადმინისტრაციულ საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: შპს "..." (ს/ნ ...), მ. ჯ-ი, მ. ს-ე, დ. პ-ი, ლ. პ-ი, ქ. ა-ი, ამხანაგობა "...", დ. ვ-ო, ე. მ-ი, ლ. ჩ-ი, მ. ა-ი, თ. მ-ე და ვ. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2020წ. განჩინებით ლე. წ-ას სარჩელზე, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 06.03.2014წ. N9 და 24.04.2014წ. N16 საოქმო გადაწყვეტილებების, ასევე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 04.03.2014წ. N1153113 გადაწყვეტილებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 26.03.2014წ. N1224304 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2020წ. გადაწყვეტილებით ლე. წ-ას (ლ. წ-ას უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.09.2017წ. №1-2128 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014წ. №1163759 გადაწყვეტილებასა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. №1393925 ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამავე ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. წ-ას წარმომადგენლის ი. მ-ეის მიერ 12.07.2017წ. წარდგენილ №19/01171931052-01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.09.2017წ. №1-2128 ბრძანების კანონიერება, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014წ. №1163759 გადაწყვეტილებასა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. №1393925 ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.09.2017წ. №1-2128 ბრძანებით ლ. წ-ას წარმომადგენლის ი. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 264 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 13.02.2012წ. №05.03.112 დადგენილებით დარეგულირებულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობები. მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამსახურის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე ნახვა, ელექტრონული დოკუმენტის გახსნის მეშვეობით, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში დაცულ მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. წ-ას მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების 30.07.2014წ. გაცნობის ფაქტი. საქმეში დაცული მასალები ცხადყოფს, რომ თანაგანმცხადებლად დაფიქსირებული პირის - ლ. წ-ასთვის საერთოდ არ იყო ცნობილი წარმოების მიმდინარეობის შესახებ, შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ავტომატურად ვერ ჩაითვლება თანაგანმცხადებლის მიერ აქტის ოფიციალურად გაცნობად. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 22.01.2020წ. გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მესამე პირის - შპს „...ს“ წარმომადგენელის - რ. ც-ეის მიერ დადასტურებულ იქნა ლ. წ-ას თანაგანმცხადებლად მითითების ფაქტი მისი თანხმობის გარეშე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, გასაჩივრების უფლება მოიცავ პრეზიუმირებას იმისა, რომ პირისათვის ცნობილია აქტის შინაარსი, გასაჩივრება გულისხმობს აქტის გამოცემის მოტივების ცოდნას. ამ თვალსაზრისით აქტის დასაბუთებას მისი გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის დატვირთვა გააჩნია (სუს 06.10.2016წ. ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილება). გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას (სუს 10.10.13წ. ბს-854-836(კ-12) გადაწყვეტილება).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 264-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის. ქალაქ თბილისის მთავრობის 13.02.2012წ. N05.03.112 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობისთანავე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე ნახვა, ელექტრონული დოკუმენტის გახსნის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. N1393925 ბრძანებას, ამავე სამსახურში წარდგენილი 26.03.2014წ. NAR1207486 განცხადების თანაავტორი ლ. წ-ა გაეცნო 30.07.2014წ., ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილია 12.07.2017წ. ანუ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ის გარემოება, რომ ლ. წ-ასთვის არ იყო ცნობილი ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ვ. აბრამიშვილმა (დამკვეთი-განმცხადებელი) 04.03.2014წ. განაშენიანების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის, ხოლო 26.03.2014წ. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების მოთხოვნით მიმართა არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა შორის იყო ასევე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და ლ. წ-ა, სხვა პირებთან ერთად მითითებული იყო თანაგანმცხადებლად. არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის ვ. ა-ის მოთხოვნა და განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთებისთვის გაიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, ასევე დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი და საბოლოოდ არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. N1163759 გადაწყვეტილებით შეთანხმდა განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა. ლ. წ-ას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით სადავო გახადა ლ. წ-ას წარმომადგენელმა ი. მ-ეემ, რომელმაც 12.07.2017წ. მიმართა მერიას ადმინისტრაციული საჩივრით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.09.2017წ. N1-2128 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. N1393925 ბრძანებას განცხადების თანაავტორი ლ. წ-ა 30.07.2014წ. გაეცნო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 13.02.2012წ. №05.03.112 დადგენილებაზე, რომლითაც დარეგულირებულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობები. მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამსახურის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე ნახვა, ელექტრონული დოკუმენტის გახსნის მეშვეობით, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ავტომატურად არ გულისხმობს თანაგანმცხადებლის მიერ ოფიციალურ გაცნობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თანაგანმცხადებლად დაფიქსირებული პირის - ლ. წ-ასათვის არ ყოფილა ცნობილი წარმოების მიმდინარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 22.01.2020წ. გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მესამე პირის - შპს „...ს“ წარმომადგენელმა - რ. ც-ეემ დაადასტურა ლ. წ-ას თანაგანმცხადებლად მითითების ფაქტი მისი თანხმობის გარეშე. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია არქიტექტურის სამსახურის 05.06.2017წ. N3301085 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. წ-ას წარმომადგენელს ი. მ-ეეს ეცნობა ლ. წ-ას მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ. N3301085 გადაწყვეტილების გაცნობის თარიღად დაფიქსირებულია 12.06.2017წ..

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი. პირს უნდა მიეცეს აქტის შინაარსის, მიმდინარე წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღების ობიექტური შესაძლებლობა. შესაბამისად, არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ (იხ. სუსგ 06.10.2016წ. Nბს-770-762(კ-15)).

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უზრუნველეყო სასამართლოში იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა განხორციელებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.09.2017წ. №1-2128 ბრძანება ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014წ. №1163759 გადაწყვეტილებასა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.07.2014წ. №1393925 ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე არის მიღებული, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი