Facebook Twitter

№ბს-403(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება, საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ს. ხ-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 თებერვლის №... გადაწყვეტილება, საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ს. ხ-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; გ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება, საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ს. ხ-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.

სარჩელის თანახმად, ს. ხ-ის 2000 წლიდან საკუთრებაში აქვს ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები (ს/კ ... და ...), რომლებიც საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 2008 წელს. 2020 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც სარეგისტრაციო სამსახურმა 2020 წლის 5 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიღებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 თებერვლის №... და 2016 წლის 1 თებერვლის №... გადაწყვეტილებებით განხორციელდა მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაფარვით. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე ზედდებით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (ს. ხ-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება, 2016 წლის 1 თებერვლის №... გადაწყვეტილება, 2018 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება; ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, 2020 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და 2020 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს. ხ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 4070 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია ს. ხ-ის საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ამონაწერი №1 გადაწყვეტილებიდან (სიაში რიგითი №855) (გაფორმების თარიღი - 27.04.2000 წელი, მიღებული ...ის საკრებულოს მიერ). ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, მელიების ფერმის ტერიტორიაზე მდებარე 3325 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია ს. ხ-ის საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ამონაწერი №1 გადაწყვეტილებიდან (სიაში რიგითი №855) (გაფორმების თარიღი - 27.04.2000 წელი, მიღებული ...ის საკრებულოს მიერ).

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო სწორედ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილების რეგისტრაცია. უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესაძლო სიყალბის დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის მიერ დოკუმენტაცია გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლოს გაგზავნილ №... (31.07.2020) და №... (31.07.2020) მიმართვებზე პასუხად მიღებულია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის №13/34-44518 (04.08.2020) და №13/34-44513 (04.08.2020) მომართვები, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია ერთვის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ №01606907 სისხლის სამართლის საქმეს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან 2020 წლის 4 აგვისტოს საოლქო პროკურატურიდან მიღებული პასუხით არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის სიყალბე ან მცდარობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია სარეგისტრაციო განცხადებაზე გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ აღარ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის საფუძველი და მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო განცხადებაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მესაკუთრე განკარგავს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე გვექნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ, აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც. ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც ცალსახად რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი ემსახურება, როგორც უკანონო ქონების განკარგვის, ასევე მესამე პირის ინტერესების დაცვას. თუ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება დაელოდოს პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას, მაშინ აზრი ეკარგება სააგენტოს ვალდებულებას, საეჭვოობისას მიმართოს საგამოძიებო ორგანოს, დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით.

ასევე აღსანიშნავია, რომ №... და №... სარეგისტრაციო განცხადებების განხილვის ეტაპზე საქმეზე წარმოდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მარეგისტრირებელმა ორგანომ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების მიზნით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და გამოითხოვა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და ს. ხ-ის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე, თუმცა მათგან არ იქნა წარმოდგენილი პასუხი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელს განუმარტა, რომ პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე ითვლებოდა უარის თქმად და შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის შესაბამისი მოთხოვნით. ამდენად, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ არსებობდა სარეგისტრაციო განცხადებებზე უარის თქმის საფუძვლები, ვინაიდან სააგენტოში დაცული და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდებოდა წარმოდგენილ კოორდინატებში მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთების მდებარეობა.

სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციების გაუქმებასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების №ბს-729-721(კ-16) თანახმად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს. ხ-იმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ს. ხ-ის არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 4070 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., „...ის“ მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ..., 25.05.2006 წლიდან წარმოადგენს ს. ხ-ის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 წლის გადაწყვეტილება №1 (ტ.1. ს.ფ. 94-95, 96-97, 98-104, 107-113). ასევე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 3325 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., მელიების ფერმის ტერიტორია „...“, ს/კ ..., 25.05.2006 წლიდან წარმოადგენს ს. ხ-ის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 წლის გადაწყვეტილება №1 (ტ.1. ს.ფ. 196-197).

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2016 წლის 7 აპრილს ს. ხ-იმა №... განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე ს/კ ..., მდებარე ბორჯომი, ...ი, ...ის მიმდებარე ტერიტორია, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 119 -125). ბ) 2016 წლის 12 აპრილს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის საფუძველიც იყო ორი გარემოება: ა) სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაცია №88999 მიმართვით გამოსაკვლევად გადაგზავნილ იქნა სამართალდამცავ ორგანოში და შესაბამისად პასუხის მიღებამდე შეჩერდა წარმოება და ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ტ.1. ს.ფ. 146); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 აპრილის №88999 წერილით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ეცნობა, რომ ს. ხ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა ს.კ. ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. 2006 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გაეგზავნა პროკურატურას გამოსაკვლევად (ტ.1. ს.ფ. 147-148); დ) 2019 წლის 29 იანვარს ს. ხ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება (ტ.1. ს.ფ. 138). 2019 წლის 4 თებერვალს მარეგისტრირებელმა ორგანომ №39255 წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და სთხოვა ეცნობებინა 2016 წლის 12 აპრილის №88999 წერილით გამოსაკვლევად გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული იყო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, რაზეც 2019 წლის 28 თებერვალს №13/34-14827 წერილით მარეგისტირებელ ორგანოს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტ.1. ს.ფ. 140, 143); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 6 მარტს მიიღო გადაწყვეტილება №...-15 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც ს. ხ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 6 მარტის №81641 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2019 წლის 6 მარტის №81641 წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. ს.ფ. 152, 144); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 5 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება №...-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მიერ სააგენტოდან გაგზავნილ წერილზე კანონით დადგენილ ვადაში პასუხი არ გაცემულა, ხოლო ს. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 153-154); ზ) 2020 წლის 29 ივლისს ს. ხ-იმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 4070 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 159). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც 2020 წლის 31 ივლისის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2020 წლის 31 ივლისის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. ს.ფ. 163, 161). სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ 2020 წლის 4 აგვისტოს №13/34-44513 წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს აცნობა, რომ საქმეზე გრძელდებოდა გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება იმ ეტაპზე არ იყო მიღებული (ტ.1. ს.ფ. 162); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 5 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება №..., რომლის თანახმადაც განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2020 წლის 31 ივლისის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. ს.ფ. 161).

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2016 წლის 7 აპრილს ს. ხ-იმა №... განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ...ი, მელიების ფერმის ტერიტორია „...“, ს.კ. ..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 191-197); ბ) 2016 წლის 13 აპრილს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაცია №90170 მიმართვით გამოსაკვლევად გადაგზავნილ იქნა სამართალდამცავ ორგანოში, შესაბამისად პასუხის მიღებამდე შეჩერდა წარმოება (ტ.1. ს.ფ. 207); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 აპრილის №90170 წერილით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ეცნობა, რომ ს. ხ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა ს.კ. ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. დოკუმენტაციის გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, დოკუმენტაცია გაეგზავნა პროკურატურას გამოსაკვლევად (ტ.1. ს.ფ. 198-199); დ) 2019 წლის 29 იანვარს ს. ხ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების განახლება (ტ.1. ს.ფ. 200); ე) 2019 წლის 4 თებერვალს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2019 წლის 4 თებერვალს გაიგზავნა წერილი №39261 სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში 2016 წლის 13 აპრილის №90170 წერილთან დაკავშირებით. განმცხადებელს განემარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნებოდა 2019 წლის 4 თებერვლის №39261 წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. ს.ფ. 208); ვ) 2019 წლის 4 თებერვალს მარეგისტრირებელმა ორგანომ №39261 წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და მოსთხოვა ეცნობებინა 2016 წლის 13 აპრილის №90170 წერილით გამოსაკვლევად გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული იყო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, რაზეც 2019 წლის 28 თებერვალს N13/34-14825 წერილით მარეგისტირებელ ორგანოს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტ.1. ს.ფ. 201-204); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 6 მარტს მიიღო გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 6 მარტის №81707 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2019 წლის 6 მარტის №81707 წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. ს.ფ. 209, 205); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 5 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სააგენტოდან გაგზავნილ წერილზე კანონით დადგენილ ვადაში პასუხი არ გაცემულა, ხოლო ს. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 210-211); ი) 2020 წლის 29 ივლისს ს. ხ-იმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, მელიების ფერმის ტერიტორიაზე მდებარე 3325 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 213-214); კ) 2020 წლის 31 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ №... წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და სთხოვა ეცნობებინათ 2019 წლის 4 თებერვლის №39261 წერილთან დაკავშირებით ხომ არ იყო მიღებული რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 215); ლ) 2020 წლის 31 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლებითაც განმცხადებელს განუმარტა, რომ №... (31.07.2020) მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან, ხოლო სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღების შემდეგ (ტ.1. ს.ფ. 217); მ) სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 4 აგვისტოს №13/34-44518 წერილით მარეგისტირებელ ორგანოს ეცნობა, რომ 2019 წლის 4 თებერვლის №39216 წერილი ერთვის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №01606907 საქმეს, რომელზეც გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება და იმ ეტაპზე რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული (ტ.1. ს.ფ. 216); ნ) 2020 წლის 5 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლებითაც განმცხადებელს განუმარტა, რომ №... (31.07.2020) მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან, ხოლო სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღების შემდეგ (ტ.1. ს.ფ. 217).

დადგენილია, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს ს. ხ-ის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა 2020 წლის 5 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის №... და №... გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 29 სექტემბერს №... გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1. ს.ფ. 220-234).

2016 წლის 2 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და 2016 წლის 1 თებერვლის №1/2-68 ბრძანების საფუძველზე, მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში ...ის ქუჩაზე მდებარე 4076 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 4 თებერვალს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ...ი, ...ის ქუჩაზე მდებარე 4076 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 235-242, 243, 245-246, 249-250).

2016 წლის 27 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა 2016 წლის 27 იანვრის №1/2-60 ბრძანების საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, „ყოფილი ...ის ტერიტორია“, მდებარე 36393 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 1 თებერვალს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ...ში, „ყოფილი ...ის ტერიტორიაზე“ მდებარე 36393 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 251-254, 255, 257-258, 261-262).

2018 წლის 17 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა 2018 წლის 16 მაისის წერილის საფუძველზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 36393 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერში. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 21 მაისს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 35194 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (ტ.1. ს.ფ 263-267, 268, 269-271).

ს. ხ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 4070 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ს.კ. ... სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ასევე, ს. ხ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ...ში, მელიების ფერმის ტერიტორიაზე მდებარე 3325 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ს/კ ... სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ტ.1. ს.ფ. 165, 219).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი გულისხმობს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო სამსახური საეჭვოდ მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს და აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა არ მოხდეს განმცხადებლის ინტერესების დაუსაბუთებელი ხელყოფა სარეგისტრაციო სამსახურის უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №ბს-443-443(კ-18); 18 ოქტომბერი, 2018 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ არსებობდა გონივრული ეჭვი განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში რეაგირების მიზნით კანონის მოთხოვნათა დაცვით გადააგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებები და მასზედ დართული დოკუმენტაცია, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მართებულად შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე.

რაც შეეხება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2​2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე.

კანონის აღნიშნული დათქმით კანონმდებელმა უზრუნველყო სარეგისტრაციო განცხადებაზე გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და დაიცვა დაინტერესებული მხარე საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებისაგან. მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოძიების დასრულების კონკრეტულ ვადას არ აწესებს და კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დაწყებისას იგი შესაძლოა გაგრძელდეს კონკრეტული კატეგორიის დანაშაულისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

მოცემულ საქმეზე კი დადგენილია, რომ თავდაპირველად 2016 წლისს 7 აპრილს, ხოლო შემდეგ - 2020 წლის 29 ივლისს ს. ხ-იმა სარეგისტრაციო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ცვლილების რეგისტრაცია (დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელება). ასევე დადგენილია, რომ 2016 წელს, რადგან სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთები მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, დოკუმენტაცია გადაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს გამოსაკვლევად, ხოლო 2020 წელს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და სთხოვა ეცნობებინა 2016 წლის 13 აპრილის №90170 წერილით და 2016 წლის 12 აპრილის №88999 წერილით გამოსაკვლევად გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული იყო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, რაზეც მარეგისტირებელ ორგანოს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმეზე გრძელდებოდა გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება იმ ეტაპზე არ იყო მიღებული.

სწორედ ზემოაღნიშნულ საფუძველზე მითითებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 5 აგვისტოს მიიღო №... და №... სადავო გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა სამართალდამცავი ორგანოებიდან პასუხის მიღებამდე.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განცხადება რეგისტრაციის შესახებ წარდგენილია ჯერ კიდევ 2016 წელს, რასაც იმავე წელს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოჰყვა სარეგისტრაციო დოკუმენტების გადაგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება, ამასთან დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან მიღებული პასუხით არ დადასტურდა სსიპ საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტაციის სიყალბე ან მცდარობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია სარეგისტრაციო განცხადებაზე გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ აღარ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის საფუძველი და მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო განცხადებაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ნაცვლად ამისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ კვლავ იმავე საფუძვლით მიიღო გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სამართალწარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება და შესაბამისად, არსებობს საკითხის დამატებითი კვლევა-შეფასების საჭიროება, არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონშეუსაბამოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ხ-ის მოთხოვნა 2020 წლის 5 აგვისტოს №... და 2020 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ს. ხ-ის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზედდების საკითხს, დგინდება, რომ ს. ხ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 4070 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). ასევე, ს. ხ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ...ში, მელიების ფერმის ტერიტორიაზე მდებარე 3325 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...), აღნიშნული კი გამოწვეულია სადავო 2016 წლის 4 თებერვლის №..., 2016 წლის 1-ლი თებერვლის №... და 2018 წლის 21 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებით.

დადგენილია, რომ ს. ხ-ის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) - ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 წლის №1 გადაწყვეტილება არ გაუქმებულა, ძალაშია და მოქმედებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლება აღრიცხულია სარეგისტრაციო სამსახურში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავოა სწორედ მიწის ნაკვეთთა ნაწილის გადაფარვის საკითხი, პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის ის ფაქტი, რეგისტრაცია მოხდა დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით. შესაბამისად, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომლის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციასაც ახდენს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესთა დაცვა, საკუთრების უფლების ხელყოფის აღმოფხვრა და მიწის ნაკვეთთა ზედდების გამორიცხვა. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს მესამე პირის საკუთრებად მიწის ნაკვეთების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია მოცემულ ნაკვეთებზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტებთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. №13094 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. №13094 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე