Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-449(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-ა)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 ნოემბერს მ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N01-425/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელე მ. ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ა-ა, ნ. ა-ა და მ. ა-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N01-425/ო ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ა-ას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-12, მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ქალაქ ზუგდიდში, ...ის N6-ში მდებარე ...ის შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე, თუმცა სადავო 2018 წლის 18 სექტემბრის N01-425/ო ბრძანებით მ. ა-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. N7-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N6, ... . ,,...ას“ შენობაში, ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო 2017 წლის 25 იანვრის მონიტორინგის შედეგებს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი არ ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში, ...ის N6-ში მდებარე ...ის შენობაში. მ. ა-ას და მისი ოჯახის წევრების დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თავიანთი საქმიანობიდან და პირადი მიზეზების გამო, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მათი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების გამომრიცხავ გარემოებად. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, სადავო შენობის გარდა, სხვა რა მისამართზე შეიძლებოდა ეცხოვრა მოსარჩელის ოჯახს მუდმივად. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდში, ...ის N6-ში მდებარე ...ის შენობაში. საქმის მასალებს ერთვის ლ. გ-ას, დ. ა-ას, ხ. შ-ას და ა. ა-ას 2018 წლის 29 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომლითაც ისინი, როგორც ...ის ...აში, ...ი ...ის შენობაში მცხოვრები დევნილები ადასტურებენ, რომ მ., გ. და მ. ა-ები 1998 წლიდან დღემდე ფაქტობრივად და მუდმივად ცხოვრობენ ზუგდიდში, ...ის ...აში (...ის ქ. N6, ოთახი N30, ...ი ...ის შენობა).

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის - რ. ა-ას განმარტებაზე, რომლის თანახმად, მ. ა-ა იყო მისი მეზობელი, ქ. ზუგდიდში, ...ის შენობაში. მანვე დაადასტურა, რომ მ. ა-ას ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ...ის ქ. N6-ში, ...ი ...ის შენობაში. მ. ა-ას ჰყავს მეუღლე - გ. ა-ა, რომელიც პედაგოგია და ასწავლის გალში. დედა - ნ. ა-ა ჯანმრთელობის მდგომარების გამო, იმყოფება ...ში. შვილი - მ. ა-ა სტუდენტია და ცხოვრობს თბილისში. თავად მ. ა-ა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, პერიოდულად იმყოფება ზუგდიდში. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის აბონენტის ბარათის შესაბამისად, ზუგდიდში, ...ის შენ. 06-ში (ბინა ...ა (...)) აბონენტად რეგისტრირებულია მ. ა-ა (აბონენტის N...).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმით და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მ. ა-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია: ზუგდიდი, ...ის ქ. N6. მ. ა-ას ჰყავს მეუღლე - გ. ა-ა; დედა - ნ. ა-ა და ერთი შვილი - მ. ა-ა; განმცხადებელს და მის ოჯახის წევრებს სხვა სახის უძრავი ქონება არ გააჩნიათ. ოჯახი რეგისტრირებულია ზუგდიდში, ...ის ქუჩა N6-ში (...ის შენობა), რომელიც მიეკუთვნება ნგრევადი ობიექტების კატეგორიას და იქ ცხოვრება, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით, მიზანშეუწონელია. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების შეუძლებლობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ იმსჯელა ზუგდიდში, ...ის ქ. 86-ში (...ის შენობა) არსებული დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტის გამოთავისუფლებაზე, იქ მაცხოვრებელი დევნილი ოჯახებისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გადაცემის გზით (მათი შემდგომში საკუთრებაში გადაცემით). ამასთანავე, გადაწყდა, რომ ახლადაშენებულ ობიექტზე არსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით, ჩატარებულიყო იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგი, რომლებისთვისაც სამომავლოდ იგეგმებოდა მოცემული ფართების საკუთრებაში გადაცემა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში. მოსარჩელის ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) სამინისტროს ბაზაში ფიქსირდებოდა ზუგდიდი, ...ის ქ. 6 (...ის შენობა), იქ მაცხოვრებელ სხვა ოჯახებთან ერთად, განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგიც. შედეგად, გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. მონიტორინგის განხორციელების დროს - 2017 წლის 25 იანვარს, მითითებულ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობიდან იმყოფებოდა მხოლოდ მ. ა-ა. მან მონიტორინგის თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად, მისი ოჯახის წევრები მონიტორინგის მისამართზე არ ცხოვრობენ და თვითონაც მუდმივად არ უწევს ამ მისამართზე ცხოვრება. ოქმი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ. 2018 წლის 2 თებერვალს, იმავე მისამართზე მონიტორინგის განხორციელების დროს, მონიტორინგის თანამშრომლებს ა-ების ოჯახიდან არავინ დახვდათ მისამართზე. მეზობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ა-ების ოჯახს შენობაში ფართი დაკავებული აქვთ, თუმცა იქ არ ცხოვრობენ. აღნიშნულმა პირებმა თანამშრომლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, მოსარჩელის ოჯახის წევრების რეალური საცხოვრებელი ადგილების შესახებ. ამდენად, დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფიქტიურად იყო რეგისტრირებული ხსენებულ შენობაში და ვერ მოექცეოდა იმ პირთა კატეგორიაში, რომლებიც საგამონაკლისო წესით, სახელმწოფოს მიერ დაკმაყოფილდნენ ხსენებული ობიექტის გამოთავისუფლების საფუძველზე.

კასატორი მიუთითებს, რომ ყველა იმ პირს, რომელთა განმარტებებითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრება ზუგდიდში, ...ის ქუჩა N6-ში, ახლობლური დამოკიდებულება აქვთ მოსარჩელის ოჯახთან. შესაბამისად, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტური და მიუკერძოებელი პირებისაგან მიღებულ ინფორმაციად. ამასთანავე, არც აბონენტად დარეგისტრირება ადასტურებს ოჯახის ცხოვრების ფაქტს აღნიშნულ შენობაში. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ წლების წინ, ოჯახის ნაწილი ნამდვილად ცხოვრობდა ამ შენობაში და ეს მტკიცებულება ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე რედაქციის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ა-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. აღნიშნულის დამადასტურებლად, მის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. მ. ა-ა, მეუღლესთან, სამ შვილთან და ოთხ შვილიშვილთან ერთად, რეგისტრირებულია მისამართზე: ზუგდიდი, ი. ...ის ქ. N6, „...ა“.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილის აღწერის შესაბამისად, 2017 წლის 25 იანვარს, აღწერის ადგილზე (ქ. ზუგდიდში, ...ის N6-ში, ...ის შენობაში, მე-2 სართულზე, ბინა N26-ში) უფლებამოსილ პირებს დახვდათ მ. ა-ა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დაიკავა 1998 წელს. შვილების გათხოვებამდე, ოჯახი სრულად ცხოვრობდა დაკავებულ ფართში. შვილების დაოჯახების შემდეგ კი, 2012 წლამდე. მეუღლე - გ. ა-ა გალის რაიონის სოფელი ...ის სკოლის პედაგოგია და ძირითადად, იქ უწევს ყოფნა. შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადის ზუგდიდში. მას ყოფნა უწევს როგორც დაკავებულ ფართში, ისე აფხაზეთში.

დათვალიერების ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს „მონიტორინგის ჯგუფი“ იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N6-ში, სადაც რამდენიმე ოჯახი არ დახვდათ და მათზე ინფორმაცია მიაწოდეს მეზობლებმა. მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. ა-ას ოჯახს ფართი დაკავებული აქვს 1998 წლიდან, ხოლო ამჟამად, ოჯახი იმყოფება გალის რაიონის სოფელ ...ში. მ. ა-ას შვილი - მ. არის სტუდენტი და სწავლობს თბილისში.

ლ. გ-ას, დ. ა-ას, ხ. შ-ას და ა. ა-ას 2018 წლის 29 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი, როგორც ...ის ...აში, ...ი ...ის შენობაში მცხოვრები დევნილები ადასტურებენ, რომ მ., გ. და მ. ა-ები 1998 წლიდან დღემდე ფაქტობრივად და მუდმივად ცხოვრობენ ზუგდიდში, ...ის ...აში (...ის ქ. N6, ოთახი N30, ...ი ...ის შენობა). ოჯახის უმძიმესი ცხოვრების პირობებს გაუსაძლისს ხდის 83 წლის ნ. ა-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული პირი უკვე მეორე წელია მწოლიარეა.

2018 წლის 30 ოქტომბრის აბონენტის ბარათით დგინდება, რომ ზუგდიდში, ...ის N6-ში (...ა) აბონენტად რეგისტრირებულია მ. ა-ა (აბონენტის N...).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვის შედეგად, 2018 წლის 5 ივნისის N22 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ა-ას ოჯახს უარი ეთქვა ზუგდიდში, ...ას ქუჩა N7-ში მდებარე კორპუსში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ზუგდიდში, ...ის ქუჩა N6-ში მდებარე ნგრევად ობიექტში - ...ი ...ის შენობაში, ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ კომისიამ იმსჯელა ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. წარმოების ფარგლებში, კომისიას წარედგინა შესაბამის ობიექტებთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნები. კომისიის მიერ საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულ ნგრევად ობიექტებს შორის ფიქსირდება ზუგდიდში, ...ის ქ. N6-ში მდებარე „...ა“.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სადავო 2018 წლის 18 სექტემბრის N01-425/ო ბრძანების გამოცემას.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამორიცხა მოსარჩელის ოჯახის ზუგდიდში, ...ის N6-ში, ...ი ...ის შენობაში ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ოჯახის წევრებთან ერთად, დროებით, ობიექტური მიზეზით შეიძლება იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენდა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შესაბამის ობიექტში მცხოვრები ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და გამოირიცხებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კერძოდ, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდში, ...ის N6-ში მდებარე ...ის შენობაში. საქმეზე წარმოდგენილი, 2018 წლის 29 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებებით, ...ის ...აში, ...ი ...ის შენობაში მცხოვრები დევნილები ადასტურებენ, რომ მ., გ. და მ. ა-ები 1998 წლიდან დღემდე ფაქტობრივად და მუდმივად ცხოვრობენ ზუგდიდში, ...ის ...აში (...ის ქ. N6, ოთახი N30, ...ი ...ის შენობა). გარდა აღნიშნულისა, განსახილველ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული რ. ა-ას განმარტების მიხედვით, მ. ა-ა იყო მისი მეზობელი, ქ. ზუგდიდში, ...ის შენობაში. მ. ა-ას ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ შენობაში. მ. ა-ას ჰყავს მეუღლე - გ. ა-ა, რომელიც პედაგოგია და ასწავლის გალში. დედა - ნ. ა-ა ჯანმრთელობის მდგომარების გამო, იმყოფება ...ში. შვილი - მ. ა-ა სტუდენტია და ცხოვრობს თბილისში. თავად მ. ა-ა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, პერიოდულად იმყოფება ზუგდიდში. ასევე საყურადღებოა, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის აბონენტის ბარათის შესაბამისად, ზუგდიდში, ...ის N6-ში (...ა) აბონენტად რეგისტრირებულია მ. ა-ა. სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმით და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მ. ა-ას ოჯახს, ზუგდიდში, ...ის ქ. N6-ში მდებარე ქონების გარდა, სხვა სახის უძრავი ქონება არ გააჩნია.

მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თავადვე ადასტურებს მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილის შეფასებას ნგრევად ობიექტად, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ოჯახმა ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელეთა დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N01-425/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე