საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-327(კ-20) 3 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 11 იანვარს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 18 თებერვალს გაცემული N3/137-07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA10013308 სააღსრულებო წარმოების გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განმარტეს კანონი. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო შეეფასებინა - საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო თუ არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან სწორედ ეს დაავალა სასამართლომ საგადასახადო ორგანოს. სადავოა არა მხოლოდ აქტის შინაარსი, არამედ ისიც, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულია თუ არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საგადასახადო ორგანომ კორექტირება შეიტანა ბათილად ცნობილ აქტში და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩათვალა, რომ აღსრულდა სასამართლო გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ასევე არ დაინტერესებულა საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე პირდაპირ ევალებოდა. მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობებში (საქმის წარმოების დამთავრების შესახებ) არ არის აღნიშნული, რატომ ჩაითვალა, რომ საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და რომელი ნორმის საფუძველზე მიიჩნია კორექტირებული აქტი ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა და კანონმდებლობით მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9); „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სადავოა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის N3/137-07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA10013308 სააღსრულებო წარმოების გაგრძელების დავალება. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიურომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N25810 ბრძანებისა და მასზე დართული დოკუმენტების საფუძველზე ისე შეწყვიტა 2010 წლის 18 თებერვალს გაცემულ N3/137-07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA10013308 სააღსრულებო წარმოება, რომ არ გამოუკვლევია სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეასრულა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის N3/137-07 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები და აღსრულებულია თუ არა სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
საკასაციო პალატა, აღმასრულებლის ქმედების კანონიერებისა და წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს აღმასრულებლის უფლება-მოვალეობაზე, რომელიც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, რომლის შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება; მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში; აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსრულების აქტი, რომლის შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2007 წლის 9 იანვრის Nდ/07 ბრძანება, 2007 წლის 11 იანვრის N970 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2010 წლის 18 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
შპს ,,...მა“ 2010 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 18 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისათვის დაკისრებული 10 389 ლარის მოთხოვნის აღსრულება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 იანვრის N980 ბრძანებით შპს ,,...ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულების შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე ბრძანებით გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 24 ოქტომბრის N005-5044 ბრძანება. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შპს ,,...ის’’ მიმართ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.
2012 წლის 27 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 8 აგვისტოს N21-13388 ბრძანების საფუძველზე, გაფორმდა საგადასახდო შეთანხმება ერთის მხრივ შპს ,,...სა’’ და მეორე მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების ოდენობის შემცირებას შეთანხმებით განსაზღვრული პირობების გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულების შემთხვევაში. შეთანხმების თანახმად, გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით, ხოლო გადახდის ვადად - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 07 სექტემბრის N16710 ბრძანებით შპს ,,...ს’’ 2012 წლის 31 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა სხვა არაკლასიფიცირებულ ჯარიმებსა და საურავებში 500 ლარით.
2013 წლის 19 აგვისტოს კრედიტორმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა აღსრულება იმ ნაწილშიც, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2007 წლის 9 იანვრის N დ/07 ბრძანება, 2007 წლის 11 იანვრის N 970 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2014 წლის 12 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვით ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,...ს’’ შორის 2012 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მორიგების აქტად, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 07 მარტის მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა შპს ,,...ის’’ წარმომადგენლის განცხადება და ამავდროულად განმეორებით მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ აღესრულებინა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა.
2014 წლის 20 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 12 თებერვლის N21-14/8717 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი მასალების სასამართლოში გადაგზავნის დავალება, რათა შეწყვეტილიყო სააღსრულებო წარმოების მხარეებს შორის მორიგების დამტკიცება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების შეწყვეტის დავალება. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
2018 წლის 18 იანვარს შპს ,,...ის’’ წარმომადგენელმა გიორგი უსუფაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა წერილობითი ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ანალოგიური შინაარსის განცხადებით კვლავ მიმართა შპს ,,...ის’’
წარმომადგენელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 14 თებერვალს.
2018 წლის 6 მარტს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილობით აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2018 წლის 6 მარტს გაეგზავნა NA10013308-025/001 წერილი სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოვალის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული მოქმედებების შესახებ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის N21-14/48215 წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-907-899(კ-16) განჩინების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტში გადაანგარიშდა შპს ,,...ის’’ მიმართ დარიცხული თანხები, რაზეც შედგენილ იქნა 2017 წლის 22 სექტემბრის დასკვნა N1474, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 26 სექტემბრის N25810 ბრძანება და 2017 წლის 26 სექტემბრის N005-237 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად სიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურო ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2017 წლის 26 სექტემბერს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N44006 წერილით შპს ,,...ის’’ წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 12 აპრილს მოვალემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა წერილით, რომელსაც ერთვოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N25810 ბრძანება და სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აქედან გამომდინარე, N3/137-07 სააღსრულებო
ფურცლის მოთხოვნა აღსრულებული, ხოლო სააღსრულებო წარმოება დასრულებული იყო.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N25810 ბრძანებით შპს ,,...ს’’ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 128 434 ლარი და დაერიცხა ჯარიმა 8 253 ლარი. ბრძანება გამოიცა - სსიპ შემოსავლების სამსახურის, შპს ,,...ის“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნის საფუძველზე. მითითებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ განხილულ იქნა ის საკითხები, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, დასკვნის მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N25810 ბრძანება, რაც ნიშნავს, იმას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N3/137-07 სააღსრულებო ფურცელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას და მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ შეამოწმა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული კვლევა და შეაფასა ის გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა თავის დასკვნაში იმსჯელა იმ საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ განახორციელა ის მოქმედებები, რაც უნდა განეხორციელებინა სასამართლო აქტების საფუძველზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების, დარიცხვების კანონიერების შესწავლა და მისი რევიზია კი სცილდება სააღსრულებო ბიუროსათვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებს. დაუშვებელია სააღსრულებო ბიუროს მიენიჭოს იმგვარი ფუნქციის განხორციელება, რაც საგადასახადო მიზნებისათვის გამოიწვევს კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებაში არამართებულ ჩარევას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 30.06.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.06.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე