Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1156(კ-20) 3 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ. გ-ი, ლ. მ-ე, დ. გ-ი და მ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 11 იანვარს მ. გ-მა, ბ. გ-ემ, ლ. მ-ემ, დ. გ-მა და მ. ჩ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ,,ხაშურის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 1259 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ოქტომბრის №1/1-2611 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ნოემბრის №846 ელექტრონული აუქციონის შედეგების, 2017 წლის 14 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01 მაისის №04/389 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

2019 წლის 11 მარტს მოსარჩელე ბ. გ-ემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელი გამოიხმო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელე ბ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ლ. მ-ის, დ. გ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა, ლ. მ-ემ, დ. გ-მა და მ. ჩ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის, ლ. მ-ის, დ. გ-ის და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა, ლ. მ-ემ, დ. გ-მა და მ. ჩ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ იქნა პირობებიანი აუქციონი. აუქციონის პირობების თანახმად, იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის გამოცხადებისას არ გამოიკვლია და დაადგინა, რამდენად იყო შესაძლებელი გეოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნულ ადგილას მშენებლობის განხორციელება. მხოლოდ გუბერნატორის წერილი, რითაც სრულიად დაუსაბუთებლად გასცემდა პრივატიზებაზე თანხმობას და უთითებდა მოსახლეობის ინტერესებზე, არ უნდა გამხდარიყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირობებიანი აუქციონით გასხვისების საფუძველი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აუქციონი იყო პირობებიანი და აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სასტუმროს მშენებლობა, მხოლოდ აღნიშნული პირობით მოხდა მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით პრივატიზება. მესამე პირისათვის არა უფლება, არამედ ვალდებულებაა სასტუმროს მშენებლობა. შესაბამისად, სასამართლოს, მსჯელობა მხოლოდ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობაზე დაუსაბუთებელია. სადავო ტერიტორია გასხვისდა ,,50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში. თუმცა, სააგენტოს მიერ არ იქნა გამოკვლეული, რამდენად შესაძლებელი იყო გეოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნულ ადგილას სასტუმროს მშენებლობა.

კასატორების განმარტებით, ქვემდგომმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს შპს ,,...ის“ 2017 წლის დეკემბრის საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნის - ,,...ში, უბან ...ში, სასტუმროს მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ" საფუძველზე. თუმცა აღნიშნული დასკვნა წარდგენილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის საფუძვლად და ქონების პრივატიზების დროს მსგავსი დასკვნა არ არსებობდა. რაც შეეხება დასკვნის კანონიერებას, შპს ,,...ის“ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაზე, ექსპერტის, ინჟინერ-გეოლოგის, გეოლოგიის დოქტორის, პროფესორ ს. გ-ის მიერ ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომლის თანახმად, შპს ,,...ას" საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო ნორმებს და ეძლევა უარყოფითი შეფასება, რაც შემდგომში ასევე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითრების სამინისტროს 2018 წლის 01 მაისის No04/389 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ დაადგინა, რომ სამინისტრომ უკანონოდ დატოვა განუხილველად ადმინისტრაციული საჩივარი, რაც იყო სადავო აქტის ბათილობის საფუძველი, თუმცა კასატორების განმარტებით, სრულიად უკანონოდ, ამ ნაწილშიც უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის, ლ. მ-ის, დ. გ-ის და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის, ლ. მ-ის, დ. გ-ის და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ,,ხაშურის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 1259 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ოქტომბრის №1/1-2611 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ნოემბრის №846 ელექტრონული აუქციონის შედეგების, 2017 წლის 14 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01 მაისის №04/389 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება.

განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელეები სადავო აქტების ბათილად ცნობას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მათ ადგებოდათ ზიანი, რამეთუ, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 1259 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო სასტუმრო, რაც გამოიწვევდა ტყის გაჩეხვას. ამასთან, სადავო ტერიტორია არის მეწყრული ზონა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუქციონის ჩატარებამდე არ გამოუკვლევია რამდენად იყო შესაძლებელი დასახელებულ ადგილას სასტუმროს მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. განკარგვის ერთ-ერთ სახეს კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აუქციონის ფორმით პრივატიზება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესსზე’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე წესის მე-2 მუხლში მოცემულია ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანო, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან www.nasp.gov.ge. ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში /მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით - საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო

რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ხაშურის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2015 წლის 1 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1259.00კვ.მ.

2017 წლის 2 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №6/10158 წერილით მიმართა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორს და სთხოვა მოსაზრების/რეკომენდაციის მიწოდება ხაშურის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 1259 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2017 წლის 5 აპრილის №417 წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დასახლებაში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, მიღებული ინფორმაციის დეტალურად შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია არ იყო წინააღმდეგი მომხდარიყო განსახილველი უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზება იმ პირობით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდებოდა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობდა სურამის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

2017 წლის 2 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №6/21243 წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ტყის ფონდის რეგისტრირებულ საზღვრებს შორის, სთხოვა მოსაზრების დაფიქსირება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 მაისის №4450 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ აღნიშნული ტერიტორია საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, არ ექვემდებარებოდა წიაღზე დამაგრებას და არ მდებარეობდა დაცული ტერიტორიების საზღვრებში. ასევე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, წარდგენილი მიწის ნაკვეთი „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, არ წარმოადგენდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ოქტომბრის №1/1-2611 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სადავო უძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება და 2017 წლის 2 ნოემბერს გამართულ აუქციონზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 1259 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) შემძენი გახდა შპს „...ი“, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა 275 000 ლარად.

2017 წლის 14 დეკემბერს, ერთი მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა („გამყიდველი“) და მეორე მხრივ, შპს „...ს“ („მყიდველი“) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება პირობებით, რომლის თანახმად, ,,გამყიდველი“ გადასცემდა ,,მყიდველს“ ,,ქონებაზე“ საკუთრების უფლებას ,,ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით. ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ,,ხელშეკრულების“ გაფორმებიდან არა უმეტეს 36 თვის ვადაში, უზრუნველეყო ქონებაზე ან მის ნაწილზე სასტუმროს აშენება და ფუნქციონირების დაწყება. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საპრივატიზებო თანხა შეადგენდა 275 000 ლარს, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან არა უმეტეს 45 კალენდარული დღის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფოს ერთპიროვნულ ნებას ეფუძნება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან გამოკვლეულ იქნა მოსახლეობის დამოკიდებულება უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2017 წლის 5 აპრილის №417 წერილი, რომლის თანახმად, დასახლებაში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, მიღებული ინფორმაციის დეტალურად შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია არ იყო წინააღმდეგი მომხდარიყო განსახილველი უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზება იმ პირობით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდებოდა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობდა სურამის ტურისტული პოტენციალის ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილიდან დადასტურებულია მოსახლეობის დამოკიდებულება სადავო უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს დაცული ტერიტორიების საზღვრებში და ასევე არ წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაცულია საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა, რამდენადაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ცხადად დადასტურდა საჯარო ინტერესის უპირატესობა კერძო ინტერესთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას იმასთან მიმართებაში, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის გამოცხადებისას არ იქნა გამოკვლეული გეოლოგიური თვალსაზრისით სადავო მიწის ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი მშენებლობის განხორციელება საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ოქტომბრის №1/1-2611 ბრძანება და 2017 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულების სადავო საპრივატიზებო პირობა არ ქმნის მშენებლობის გაცემის უპირობო საფუძველს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში ვერ იქნება დადგენილი და შეფასებული მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა და კანონშესაბამისობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. გ-ის, ლ. მ-ის, დ. გ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე, მ. ჩ-ეს 02.10.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით საკასაციო საჩივრისათვის, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მ. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, სულ 1110 ლარი (900+210=1110) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. გ-ის, ლ. მ-ის, დ. გ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. მ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.10.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1110 (ათას ას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე