საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1211(კ-კს-20) 24 მაისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ბ-ემ 2019 წლის 17 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 აპრილის №830782 ბრძანებისა და „ლ. ბ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 02 აგვსტოს №MIA 1 19 02034232 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ლ. ბ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და ლ. ბ-ის სასარგებლოდ 2019 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 აპრილის №830782 და „ლ. ბ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 02 აგვსტოს №MIA 1 19 02034232 ბრძანებები, მოპასუხე მხარეს დაევალა ლ. ბ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ლ. ბ-ის სასარგებლოდ 2019 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ლ. ბ-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, ლ. ბ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება ლ. ბ-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანების შესაბამისად უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურე თავის მხრივ აღდგება თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ტოლფასს თანამდებობაზე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა, დღეის მდგომარეობითაც ვაკანტურია, მასზე არ გამოცხადებულა სპეციალური კონკურსი, ხოლო აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახეზე არ არის ლევან ბუსკაძის სამომავლო უფლებების და მათი რეალიზაციის დაყოვნების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ალბათობა, შესაბამისად ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (22.12.2018წ), რომლის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველეყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზი და მის საფუძველზე განეხორციელებინა ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია. სწორედ კანონის მოთხოვნის საფუძველზე, 2019 წლის 01 აპრილის №830782 ბრძანებით ლ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო შს მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა №829215 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა. აღნიშნული საშტატო ნუსხის მიხედვით გაუქმდა ის სამმართველო, სადაც მუშაობდა ლ. ბ-ე და შეიქმნა ახალი სამმართველო, რომელმაც შეიცვალა როგორც დაქვემდებარება, ისევე შეიცვალა შტატების რაოდენობაც. ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა რეორგანიზაცია, გამოიცა მინისტრის ბრძანება და ყველა თანამშრომელი, რომელთა სამმართველოშიც განხორციელდა რეორგანიზაცია, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ლ. ბ-ე აღნიშნული პერიოდისათვის იკავებდა შსს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობას. აღნიშნულ სამმართველოში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამმართველოს ყველა თანამშრომელი აყვანილ იქნა სამსახურის კადრების განკარგულებაში ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ" ქვეპუნქტებისა და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" და ,,გ" ქვეპუნქტების შესაბამისად გამოცემული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 აპრილის №830782 ბრძანების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვება შტატების შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული სადავო ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში აყვანას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენი მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-449-442 (კ-15)).
საქმეში დაცული მტკიცებულებებითა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2018 წლიდან ლევან გივის ძე ბუსკივაძე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს მთავარ ინსპექტორად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 01 აპრილის №MIA 2 19 00829215 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №12057 ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს და მის შემადგენლობაში განსაზღვრული 514 საშტატო ერთეულის ნაცვლად, განისაზღვრა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველო, სადაც გათვალისწინებული იქნა 513 საშტატო ერთეული. ამასთან, გაუქმდა მხოლოდ სამმართველოს უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული, ხოლო დანარჩენი საშტატო ერთეულები დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა, აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში და დათხოვნილი იქნა სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელიც მას ეკავა, არ გაუქმებულა - განსაზღვრულია მხოლოდ შესაბამისი სახელწოდებით შეცვლილ სტრუქტურულ ერთეულში. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1037(კ-18)). მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება. რეორგანიზაციის შედეგად იმ საშტატო ერთეულისთვის სახელწოდების შეცვლა (დაზუსტება), სადაც მსახურობდა ლ. ბ-ე, არ ადასტურებს მის იმავე საშტატო ერთეულზე, ტოლფას ან რაიმე სხვა თანამდებობაზე დასაქმების შეუძლებლობას, არ დასტურდება იმ საშტატო ერთეულის ფუნქციების რეორგანიზაციის შედეგად გაუქმება, რომელსაც გათავისუფლებამდე ასრულებდა მოსარჩელე. რეორგანიზაციის შედეგად ფუნქციების ცვლილება არ იყო იმ ხარისხის, რომ გამოეწვია არსებითად და რადიკალურად საშტატო განრიგის შეცვლა, ისეთი ფუნქციების დამატება, რომელიც მოსარჩელეს მოთხოვნილი კვალიფიკაციის შეუსაბამო პირად აქცევდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განსხვავებულია მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის მიხედვით. აღნიშნულის გამო არასათანადო კვალიფიკაცია, არადამაკმაყოფილებელი ჩვევები შესაძლოა გახდეს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იმ შემთხვევაში, უკეთუ არ არსებობს სხვა, მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვის სამსახურში მისი დასაქმების შესაძლებლობა ან თუ ასეთ გადაყვანაზე უარს ამბობს მოხელე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში მოხელის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, ვინაიდან გათავისუფლება წარმოადგენდა უკანონოს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა ლ. ბ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კერძო საჩივარს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის დანაწესზე, რომლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ამდენად, კონკრეტული კატეგორიის დავებისადმი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის მიზანი სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის დაცვის საჭიროებიდან გამომდინარეობს. როგორც უფლების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმი, იგი უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის დარღვეული უფლების აღდგენას დროის მცირე მონაკვეთში, რათა შემდგომ, ვითარების ცვლილებამ, მისი უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობა არ განაპირობოს, რადგანაც სასამართლო, პირის სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის შემთხვევაში უპირატესობას status quos-ს აღდგენას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენის მიზნებისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული გათავისუფლების საფუძვლის უკანონოდ ცნობა და პირვანდელი სამუშაო ადგილის ვაკანტურ მდგომარეობაში არსებობა. ამ უკანასკნელ გარემოებასთან დაკავშირებით კი, მიუხედავად სამსახურიდან გათავისუფლებულის აშკარა უკანონობისა, ზოგჯერ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მეორე მხარის საზიანოდ გამოყენების საშიშროება ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის სახით, რა გარემოებაც შემდგომში სასამართლოს უსპობს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობას მისი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თვალსაზრისით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება და კერძო საჩივრის ავტორიც სადავოდ არ ხდის მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილის ვაკანტურ მდგომარეობაში არსებობას, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები ემსახურება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებული პროცესის ზედმეტად შეყოვნებას, შესაბამისად კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა