საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-18(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. გ-ე, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - დ. ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 31 იანვარს თ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, თ. გ-ემ საბოლოოდ მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 5 დეკემბრის N358 ადგილზე დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობა; მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო დ. ქ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. გ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N358 ოქმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილების კანონიერება, რამდენადაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილება, რამდენადაც სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის იდენტურობა სწორედ აღნიშნული აქტით დადგინდა. სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც თ. გ-ეს უძრავ ქონებაზე იურიდიული ინტერესი გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგების წარმომადგენელმა დ. ქ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. დაუდგენელია, საარქივო ცნობაში არსებულ რომელ გარემოებაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა, რომ დ. ქ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებდა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული ცნობა არ შეიცავდა საკმარის მონაცემებს იდენტურობის დასადგენად. რაც შეეხება ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულ პირებს - ს. დ-ს და ი. დ-ს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური იყო, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა- განმარტებებით ირკვევა, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენდნენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს და შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებდნენ იდენტურობის ფაქტის დადასტურებას. რეალურად, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რამაც
საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად და არასრულყოფილად შესრულების შედეგად, მიწის ნაკვეთი დ. ქ-ის სახელზე დარეგისტრირდა.
სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ თ. გ-ის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის წარმოება, თუმცა თ. გ-ე დაინტერესებული პირის სტატუსით ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში მიწვეული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი განმარტება გამოიწვევს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ფუნქციების გაზრდას, რაც მას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად აქვს დავალებული. ერთი ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დადგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის ვალიდურობის შესწავლა გამგეობის მხრიდან კანონშეუსაბამოა.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-16 მუხლი არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უნდა მონაწილეობდნენ ან/და ესწრებოდნენ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი წამომადგენელი არ ახორციელებს მიწის ნაკვეთის აზომვას. იგი მხოლოდ ეყრდნობა ნახაზის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შედგენილ აზომვით ნახაზს, რომელზეც დასმულია ნაკვეთის მიჯნის წერტილები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ადარებს სიტუაციურ გეგმაზე შესაბამისი საკადასტრო კოდით წარმოდგენილი უძრავი ნივთის აზომვით ნახაზს და ახდენს იდენტიფიცირებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ კონკრეტულ დოკუმენტთან.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უფლების დამდგენ დოკუმენტად უკვე მიიჩნია 2018 წლის 13 სექტემბრის N... საარქივო ცნობა. უკვე დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ვალიდურობის ეჭვქვეშ დაყენება არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლის შესწავლის საგანი. ის უფლებამოსილია, იმოქმედოს მხოლოდ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში. ამდენად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ 2018 წლის 5 დეკემბრის ოქმი N358 და 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. N358-38 აქტი პასუხობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. დაცულია აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ფორმა. ამასთანავე, აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის საფუძვლებს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ 2018 წლის 13 სექტემბრის N... საარქივო ცნობას და მასზე თანდართულ ნახაზებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გარდაბნის რაიონის სოფელი ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1993 წლის 10 მაისს გაცემული N75 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, გ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0,95 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 3 ნაკვეთად: 1) საკარმიდამო - 0,15 ჰა; 2) ნაკვეთი N... – 0,14 ჰა; 3) ნაკვეთი N... – 0,66 ჰა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება N... მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - ხევი, აღმოსავლეთით - გზა, დასავლეთით - საძოვარი.
2011 წლის 18 მაისის სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ თ. გ-ე წარმოადგენს აწგარდაცვლილი გ. გ-ის შვილს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 16 მაისის N... წერილით თ. გ-ეს ეცნობა, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში, სოფელ ...ში მდებარე 0,66 ჰა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) რეგისტრირებულია აწგარდაცვლილი გ. გ-ის საკუთრებად.
2012 წლის 20 აგვისტოს თ. გ-ემ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი და გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 აგვისტოს N...-03 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს დაევალა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2012 წლის 27 აგვისტოს თ. გ-ემ წარადგინა ახალი აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსიასთან ერთად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 სექტემბრის N...-06 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა საქმის წარმოება. განმცხადებლის ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება - წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის N...-08 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს განემარტა, რომ თუ იგი ეთანხმებოდა N... მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე - ი. ქ-ი) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო, წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის N...-26 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
2018 წლის 17 აგვისტოს N... სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ დ. ქ-ი წარმოადგენს აწგარდაცვლილი თ. ქ-ის შვილს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 13 სექტემბრის N... წერილით დგინდება, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ას საკრებულოს სოფელ ...ის 1996-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ქ-ი თ., . მას ერიცხება მიწის ნაკვეთი 1996-2005წწ. - 0.95ჰა (1997-2004წწ. მიწა არ ფიქსირდება). საცხოვრებელი ფართი მითითებული არ არის.
გარდაბნის რაიონის ...ას საკრებულოს სოფელ ...ის 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ქ-ი თ., (გარდაიცვალა 2007წ.). მას ერიცხება მიწის ნაკვეთი 2005-2006წწ. - 0.95ჰა (2007წ. მიწა არ ფიქსირდება). საცხოვრებელი ფართი მითითებული არ არის.
ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ას საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში თ. ქ-ი არ იძებნება.
ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ გარდაბნის რაიონის ...ას საკრებულოს სოფელ ...ის 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.
2018 წლის 14 ნოემბერს დ. ქ-მა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 4700 კვ.მ უძრავ ნივთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N...-03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ N... განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და N... განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს განემარტა, რომ თუ იგი ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო, წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ
2018 წლის 20 ნოემბერს დ. ქ-მა წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის N...-05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 21 ნოემბრის N... წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
2018 წლის 21 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N... წერილით მიმართა მთაწმინდის რაიონის გამგეობას, გადაუგზავნა N... სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
საქმეზე წარმოდგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ 2018 წლის 5 დეკემბრის N358 ოქმის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა, მეზობელი მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელების - ს. დ-ის და ი. დ-ის მიერ დაფიქსირებული განმარტების საფუძველზე, დაადასტურა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დ. ქ-ის N... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - 2018 წლის 13 სექტემბრის N... საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით დ. ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი: 4687კვ.მ) აღირიცხა დ. ქ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფას. კანონის იმავე რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია გულისხმობდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას, ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. ამავე კანონის 2019 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (2019 წლის 11 დეკემბრის ცვლილების შემდეგ, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კვლავ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებისა და სისტემატიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს ადგენს კანონის მე-41 მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურის ჩატარებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წარმოების მოთხოვნები, უზრუნველყოს წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 დეკემბრის N358-38 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. დაუდგენელია, საარქივო ცნობაში მითითებულ რომელ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა, რომ დ. ქ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს სწორედ იმ ადგილას, სადაც აღნიშნულმა პირმა მიუთითა. ამასთანავე, თ. გ-ის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის წარმოება, თუმცა თ. გ-ე დაინტერესებული პირის სტატუსით ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში მიწვეული არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული პირები არ წარმოადგენდნენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ვალიდურობის შესწავლა გამგეობის მხრიდან კანონშეუსაბამოა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის როგორც სადავო პერიოდში, ისე დღეს მოქმედი რედაქციით, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის რეგისტრაციის მიზნებისათვის, წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ჩართვის აუცილებლობა უდავოდ უკავშირდება შესაბამის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არასაკმარისი მონაცემების არსებობას, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ჩართულობა სადავო წარმოებაში განაპირობა სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის უტყუარად დადგენის შეუძლებლობამ. რაც შეეხება კასატორის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-16 მუხლი არ ადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირთა წრეს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც გამგეობის სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოება უკავშირდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის იდენტურობის დადგენის მიზანს, მუნიციპალიტეტის ორგანოს მხრიდან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება სწორედაც უნდა მიემართებოდეს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებაში მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ჩართვის აუცილებლობისაკენ. საგულისხმოა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტი მიუთითებდა საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურების შესაძლებლობას მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, პირები, რომლებმაც ადგილზე დათვალიერების ოქმით დაადასტურეს, რომ N... საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, არ წარმოადგენდნენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული პირები ვერ შეძლებდნენ იდენტურობის ფაქტის დადასტურებას. რეალურად, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და შედეგად - მიწის ნაკვეთის დ. ქ-ის სახელზე რეგისტრაცია.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემულ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე