საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-495(კ-20) 17 მაისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“ (შპს „...ს“ უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 12 სექტემბერს შპს „...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების, კერძოდ, პაციენტების - ა. ბ-ის, მ. ქ-ის, მ. ხ-ას, ე. ლ-ის, ა. დ-ის, ს. დ-ის, თ. თ-ის, ლ. ს-ის, თ. წ-ისა და ა. გ-ას სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის №04/37990 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის ზემოაღნიშნული პაციენტების სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ამავე სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №04/53358 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის №04/37990 გადაწყვეტილება პაციენტების - ა. ბ-ის, მ. ქ-ის, მ. ხ-ას, ე. ლ-ის, ა. დ-ის, ს. დ-ის, თ. თ-ის, ლ. ს-ის, თ. წ-ისა და ა. გ-ას სამედიცინო შემთხვევების ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ზემოაღნიშნული პაციენტების სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №04/53358 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში, შპს „...ს“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს „...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პაციენტები - ა. ბ-ი და მ. ქ-ი მკურნალობდნენ კლინიკაში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: 52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი. აღნიშნული დიაგნოზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით (რაც საქართველოს მიმართ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოსი, სავალდებულოა შესასრულებლად), პირველადი ჯანდაცვის რგოლმა უნდა მართოს. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
კასატორის მითითებით, პაციენტი მ. ხ-ა კლინიკაში მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული კომპონენტის მომსახურების ფარგლებში დიაგნოზით Z03.3 - დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ პაციენტს ისეთი სახის მკურნალობა ჩაუტარდა, რომელიც არ მოიაზრება გადაუდებელი მომსახურების ფარგლებში, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
კასატორი, პაციენტების - ე. ლ-ის, ა. დ-ის, ს. დ-ის, თ. თ-ისა და ლ. ს-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ჩატარებული პროცედურების მიხედვით, არ გამოვლენილა იმ ჩარევათა შემადგენლობა, რომელიც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის მომსახურებას მოიცავს. პაციენტ თ. წ-თან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევაც არ ექვემდებარება დაფინანსებას. რაც შეეხება პაციენტ ა. გ-ასათვის ჩატარებულ მკურნალობას ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში არ ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნულ ჩარევას აფინანსებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ს“ მიერ ა. ბ-ის, მ. ქ-ის, მ. ხ-ას, ე. ლ-ის, ა. დ-ის, ს. დ-ის, თ. თ-ის, ლ. ს-ის, თ. წ-ისა და ა. გ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ხოლო მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის №04/37990 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი თ. წ-ი არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი 2016 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: 9100000005/1-/-J21.9-/- მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე, №858564208 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
პაციენტ თ. წ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსასაზღვრია ის გარემოება, თუ რამდენად სწორად იქნა დასმული დიაგნოზი შპს „...ს“ მიერ, ვინაიდან კასატორის განმარტებით, შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს და მიიჩნევს, რომ პაციენტს არასწორად დაესვა დიაგნოზი J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა პნევმონიას და არა მწვავე ბრონქიოლიტს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „...ს“ 2017 წლის 30 იანვრის №4779 ცნობასა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №1875 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე, რომელთა საფუძველზე დგინდება, რომ პაციენტი - თ. წ-ი 2017 წლის 28 იანვარს შეიყვანეს შპს „...ს“ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში დიაგნოზი: J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: საშუალო სიმძიმის, საყურადღებო, რაც განპირობებული იყო სუნთქვის გაძნელებით, გახშირებით. კანი მკრთალი ფერის, სუფთა, ხახის ლორწოვანი პიპერემიული. ცხვირით სუნთქვა გაძნელებული, აღენიშნებოდა შეტევითი ხასიათის ხველა. ფილტვების აუსკულტაციით დიფუზურად მშრალი, მსტვინავი და წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. მუცელი პალპაციით, რბილი, უმტკივნეულო, დეფეკაცია, შარდვა ნორმის ფარგლებში. ჩატარებული მკურნალობა: ანტიპირეტიული-ალგოფლექსი, ინჰალაცია ბეროდუალით, ფიზ. ხსნარით, ინფუზური თერაპია 0,9%, ნატრიუმის ქლორიდით. სიმპტომურად-ბუსკოპანი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (30.01.2017წ.) იყო გაუმჯობესებული, მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. 2017 წლის 30 იანვარს შპს „...ს“ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: 9100000005/1.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის 2017 წლის 27 ნოემბრის №12/11 დასკვნაზე, რომლის თანახმად, №1875 სტაციონარულ ბარათთან (პაციენტი თ. წ-ი) დაკავშირებით შპს „...ს“ შეკითხვაზე: დასტურდება თუ არა დიაგნოზი - „მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი“, მითითებულია, რომ დიაგნოზი „მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი“ დასტურდება, როგორც ანამნეზური, ისე ჩივილებით, ობიექტური მონაცემების საფუძველზე და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით; ხოლო შპს „...ს“ შეკითხვაზე - დასტურდება თუ არა მომსახურების გაწევა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ფარგლებში და რამდენად საჭიროებდა პაციენტი აღნიშნულს, დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა დასტურდება შემდეგი მონაცემებით: მკვეთრი ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე 72), ჰიპოქსია (სატურაცია 93%), ასაკი 8 თვე. შესაბამისად, პაციენტი საჭიროებდა მომსახურების გაწევას გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ფარგლებში. ამდენად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობრლიობით დასტურდება, რომ შპს „...ს“ მიერ პაციენტ თ. წ-ისათვის სწორად იქნა დასმული დიაგნოზი: J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი, ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რაც საჭირო იყო მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სწორედ აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სახეზე იყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. აღნიშნული არც საქმის მასალებით დასტურდება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კლინიკის მიერ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს და შესაბამისად, პაციენტ თ. წ-ის ნაწილში, არ არსებობდა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივნისის №04/37990 გადაწყვეტილების დადგენილია, რომ პაციენტები: ა. ბ-ი, მ. ქ-ი, მ. ხ-ა, ე. ლ-ი, ა. დ-ე, ს. დ-ე, თ. თ-ე, ლ. ს-ე და ა. გ-ა არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პაციენტები - ა. ბ-ი და მ. ქ-ი 2016 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: SUR1325010-/-K52.9-K529-/- „არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი“. სადავო გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული დიაგნოზი, WHO-ს რეკომენდაციით, პირველადი ჯანდაცვის რგოლმა უნდა მართოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევებს: №871291639, №1094295852, განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
1 თვის პაციენტების - ა. ბ-ისა და მ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პაციენტები მოთავსებულ იქნენ სხვადასხვა ჩვენებებით, რასაც თან ახლდა ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცხელება 390-მდე, სიფერმკრთალე, ძილიანობა, ადინამია და საკვების მიღებაზე უარი. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს 2014 წლის 20 დეკემბრის №01-345/ო ბრძანებით დამტკიცებულ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეისა და გასტროენტერიტის მართვას ბავშვებში (ტომი 1, ს.ფ. 99-117). აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ჩვენებებია: 3 თვემდე ასაკი; საშუალო სიმძიმის ან მძიმე დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოვანება); მაღალი ცხელება; არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია (შინაგანი გარემოს მუდმივობის აღდგენა) და სხვ. ამავე პროტოკოლის (ცხელების მართვა ბავშვთა ასაკში; ტომი 1, ს.ფ. 118-142) თანახმად, სერიოზული დაავადების მაღალი რისკი აქვთ ბავშვებს შემდეგი წითელი ნიშნებით: სიფერმკრთალე, ძნელად გაღვიძება, ასაკი <3 თვეზე, ტემპ. <380. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახეზე იყო მათი სტაციონარში მოთავსების გადაუდებელი საჭიროება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით დაფინანსებას ექვემდებარება არა კონკრეტული დიაგნოზი, არამედ პაციენტის მდგომარეობა. შესაბამისად, აღნიშნულ პაციენტებთან მიმართებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული პოზიცია.
პაციენტ მ. ხ-ას სადავო შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „...ს“ 2017 წლის 27 იანვრის №4046 ცნობასა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №1609 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე, საიდანაც დგინდება, რომ პაციენტი 2017 წლის 24 იანვარს შეიყვანეს შპს „...ს“ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში დიაგნოზით: Z03.3 დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი შესულია ჩივილების ერთკვირიანი ანამნეზით, რაც დაიწყო ღებინებისა და ყაბზობის ეპიზოდით. 3 დღის განმავლობაში, პაციენტი ხდებოდა ადინამიური, ითხოვდა ხელში აყვანას, უარს ამბობდა საკვებისა და სითხის მიღებაზე, არ ლაპარაკობდა. მომდევნო 3 დღე ჩივილები აღარ გამოვლენილა და კლინიკაში შესვლის წინა დღეს პაროქსიზმი განმეორდა იგივე ფორმულით.
საკასაციო პალატა მოიხმობს საქმეში არსებულ, ...ის 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნას, რომლის თანახმად, კლინიკისათვის მიმართვის მიზეზი იყო შემდეგი სახის მდგომარეობა: ბავშვს აღენიშნა ადინამია, ძილიანობა, კონფუზია, მოდუნება. აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა რამდენიმე საათის მანძილზე. ანალოგიური ეპიზოდი ბავშვს კლინიკაში შესვლამდე ერთი კვირის მანძილზე განუვითარდა სამჯერ. კლინიკაში შესვლისას კვლავ სახეზე იყო ადინამია, ძილიანობა, კონფუზია, ძლიერი მოდუნება. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეჭვი მიტანილიყო პანაოდოპოლუსის სინდრომის არსებობაზე. აღნიშნული სინდრომის გამორიცხვა ან დადასტურება შესაძლო იყო მხოლოდ კომპლექსური ნევროლოგიური კვლევით/ხანგრძლივი ვიდეო ეეგ მონიტორინგით, ნეიროვიზალიზაციით. ამასთან, ვინაიდან ბოლო ერთი კვირის მანძილზე შეტევა განმეორდა სამჯერ, არსებობდა შეტევის განმეორების მაღალი რისკი, რის გამოც ბავშვი საჭიროებდა სტაციონარულ მეთვალყურეობას. საკასაციო სასამართლო, და საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხსენებული სამედიცინო შემთხვევა საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ პაციენტები - ე. ლ-ი, ა. დ-ე, ს. დ-ე და თ. თ-ე 2016 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: SUR3112334-/- M31.9-ნეკროზული ვასკულოპათია, დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე- 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. აღსანიშნავია, რომ მითითებულ პაციენტებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდში უჩნდებოდათ ახალი ელემენტები. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის დასკვნის თანახმად, სამედიცინო ბარათების: №1167 (პაციენტი - ე. ლ-ი), №1232 (პაციენტი - ს. დ-ე), №1181 (პაციენტი - ა. დ-ე) და №689 (პაციენტი - თ. თ-ე) დაწვრილებითი შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ნეკროზული ვასკულოპათიების ე.წ. ჰენოხ-შონლაინის დაავადების არსებობას და არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი დიაგნოზს - ვასკულიტი განვითარებული მხოლოდ კანში. ამავე დასკვნის თანახმად, ნეკროზული ვასკულოპათიის დიაგნოზის შემთხვევაში, მაღალია ისეთი დაავადების პროგრესირების ალბათობა და გართულებები, როგორიცაა: გაუვალობა, ინვაგინაცია, განგრენა, პერფორაცია, მასიური გასტროინტესტინალური ჰემორაგია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კომა და ა.შ.. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ნეკროზული ვასკულოპათიების მქონე პაციენტთა მოთავსება სტაციონარში, ადექვატური მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი და არ ეთანხმება კასატორის პოზიციას სამედიცინო შემთხვევათა კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „...ს“ 2017 წლის 3 იანვრის №632 ცნობითა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №120 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ პაციენტი ლ. ს-ე 2017 წლის 2 იანვარს შეიყვანეს შპს „...ს“ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში დიაგნოზით: T78.3 ანგიონევროზული შეშუპება. L50.9 ურტიკარია, დაუზუსტებელი; მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით შეფასდა, გამოხატულია უხვი ურტიკარული გამონაყარი სხეულის მთელ ზედაპირზე, ზოგან ურტიკარული შერწყმული ბალთების სახით, ქავილით და ექსკორიაციებით, შეშუპებულია სახის რბილი ქსოვილები - უპირატესად პერიორბიტარული მიდამოები, ქუთუთოები, მაჯა რიტმული, საშ. ავსების და დაჭიმულობის - 136*, გულის ტონები სუფთა, ნათელი, ფილტვებში ვეზიკულური სუნთქვა მოისმინება, შინაგანი ორგანოების მხრივ პათოლოგიური ცვლილებები არ იქცევს ყურადღებას, დიურეზი და ნაწლავთა მოქმედება ადექვატურია. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პაციენტ ლ. ს-ეს აღენიშნებოდა ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, რომლის გაშლილი კლინიკური სურათიც მოიცავს ურტიკარიასა და ანგიონევროზულ შეშუპებას, ანაფილაქსია კი წარმოადგენს მძიმე ალერგიულ რეაქციას, რომელიც სწრაფად ვითარდება და შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი. მძიმე ანაფილაქსიის დროს აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გაიდლაინისა და პროტოკოლის - „გავრცელებული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში“ (ტომი 2, ს.ფ. 2-160). აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ პაციენტს არ სჭირდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამგვარად, საკასაციო სასამართლო არც აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით იზიარებს კასატორის პოზიციას.
დადგენილია, რომ პაციენტი ა. გ-ა 2016 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: 9000000011/1-/-J18.9-/პნევმონია, /-E84-ცისტური ფიბროზი/. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და მიეთითა, რომ აღნიშნული დიაგნოზი (E84-ცისტური ფიბროზი) ანაზღაურდება ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „...ს“ 2017 წლის 4 იანვრის №635 ცნობასა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №27602 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე, რომელთა საფუძველზე დგინდება, რომ პაციენტი ა. გ-ა 2016 წლის 28 დეკემბერს შეიყვანეს შპს „...ს“ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში შემდეგი დიაგნოზით: J18.9 პნევმონია, დაუზუსტებელი. E84.9 ცისტური ფიბროზი, დაუზუსტებელი. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: ტაქიპნოე და რეტრაქციები, დამხმარე მუსკულატორის მონაწილეობა სუნთქვის დროს, სუნთქვა წთ. სატურაცია 87-88 ო/ჰ. ოქსიგენაციით 92. გულის ტონები მოყრუებული, რითმული. აუსკულტაციით მსტვინავი ხასიათის ხიხინი დიფუზურად, მარცხენა ქვედა წილში შესუსტებული სუნთქვა და კრეპიტაცია. პირის ღრუს ლორწოვანი პიპერემიული, პერიოდული მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, დიურეზი და დეფეკაცია ნორმის ფარგლებში. საკვებს და სითხეს იღებდა შემცირებულად, კანი მკრთალი ფერის.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (ტ. 3; ს.ფ. 88), სადაც „ცისტური ფიბროზი“ მითითებულია, როგორც დაუზუსტებელი დიაგნოზი, თუმცა ამავე ცნობის მე-10 პუნქტში აღნიშნულია, რომ თურქეთის კლინიკაში ცისტური ფიბროზი გამოირიცხა და დაისვა ბრონქული ასთმის დიაგნოზი. შესაბამისად, ის გარემოება რომ ა. გ-ა დაავადებულია „ცისტური ფიბროზით“ წარმოდგენილი დოკუმენტებით ცალსახად არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ცისტური ფიბროზით დაავადების გამო სამედიცინო შემთხვევის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ პაციენტ ა. გ-ას შემთხვევის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის №04/37990 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მითითებული სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის №04/37990 გადაწყვეტილების კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღება, აღნიშნული გარემოება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №04/53358 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ასევე მართებულია სასამართლოს პოზიცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს №04/53358 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 03.08.2020წ. №25440 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება.
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.08.2020წ. №25440 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე