საქმე #ბს-7(კ-22) 19 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 18 ოქტომბერს ხ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 25 მაისსა და 8 ივნისს საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები 1 ჰექტარზე 200 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისში მიეთითა მისი სახელი და გვარი, როგორც დაზარალებული პირის. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მონაცემები გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა გადაგზავნილი ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის. მონაცემები გადაიგზავნა მოგვიანებით, დამატებითი სიის სახით. შედეგად, მოსარჩელეს უარი ეთქვა კომპენსაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ კომპენსაცია გაიცა მუნიციპალიტეტების მიერ პირველად გადაგზავნილ სიაში დასახელებულ მოსახლეობაზე, ხოლო მეორედ მიწოდებულ სიაში დასახელებულ პირებზე ეს კომპენსაცია ვეღარ გაიცემოდა.
ამდენად, მოსარჩელემ ხ. ი-ის სასარგებლოდ 300 (სამასი) ლარის ოდენობით საქონლის შესყიდვის სუბსიდირების უზრუნველყოფა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეში, თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის საბოლოო გადაწყვეტილებით წინამდებარე საქმეში მოპასუხედ განსაზღვრულია ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, ხოლო მესამე პირებად განისაზღვრნენ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო და გორის მუნიციპალიტეტის მერია.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის #1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის #1667 განკარგულებებით განსაზღვრული წესით, ხ. ი-ისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით საქონლის შესყიდვის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის #1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის #1667 განკარგულებებით, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მოეხდინა არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის მიმართვა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მომსახურე ბანკის სპეციალურ ანგარიშსა და შპს „...ის“ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებული მოსახლეობისთვის სუბსიდიის გაცემის მიზნით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თანხის გამოყოფა მოხდა არა კონკრეტული პირებისათვის, არამედ, ზოგადად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის მითითებული განკარგულებები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიერ დაზარალებული პირების აღწერისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში წარდგენის კონკრეტულ ვადას არ ითვალისწინებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ ხ. ი-ის საკითხის შეფასებისას ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან სააგენტოს მიერ მითითებული გარემოებები არ ამართლებდა ხ. ი-ის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტომ ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის #1610 განკარგულებაზე და აღნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტს დაევალა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღწერა და ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება, რომლის საფუძველზეც, სააგენტო განკარგულების თანახმად მოახდენდა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანხის განკარგვას განკარგულების მიზნების შესაბამისად. ამდენად, გორის მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა იმ ძირითად რგოლს, რომლის ინფორმაციაზე დაყრდნობითაც გაიცემოდა კომპენსაციები. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ვერ უზრუნველყო დაკისრებული ფუნქციის შესრულება და სიაში გამორჩა 500 პირის მონაცემი.
კასატორი აღნიშნავს, რომ განკარგულებით გამოყოფილი თანხა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის წარმოადგენდა ერთჯერად დახმარებას, რომელიც გაიცა 2019 წლის ბიუჯეტიდან. აღნიშნული განკარგულება თავისი იდეითა და შინაარსით წარმოადგენდა დროებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გასატარებელ ღონისძიებას, ამასთან, ყველა სამთავრობო განკარგულებას ზღუდავს სწორედ ბიუჯეტი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კონკრეტული თარიღის მითითების გარეშეც ცხადია, რომ მხოლოდ შესაბამისი წლის ბიუჯეტი არის განსაზღვრული და დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფის გარეშე ავტომატურად განკარგულება ვერ გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ვადა განსაზღვრულია.
გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ განკარგულების ფარგლებში გამოყოფილი თანხა სრულად ამოწურულია. ამდენად, ვინაიდან სააგენტო, როგორც არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს მხოლოდ განკარგულების ფარგლებში, ხოლო მის მიერ კომპენსაციის გაცემის არეალი შემოფარგლულია მხოლოდ განკარგულების ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გაუგებარია, თუ რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით აკისრებს სასამართლო კასატორს სუბსიდირების უზრუნველყოფას.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება 11 474 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხ. ი-ზე გასაცემი კომპენსაციის თანხა ვერ იქნება 300 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ხ. ი-ის სასარგებლოდ 300 (სამასი) ლარის ოდენობით საქონლის შესყიდვის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის #1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის #1667 განკარგულებებით, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოეხდინა არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის მიმართვა ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მოთხოვნის საფუძველზე მომსახურე ბანკის სპეციალურ ანგარიშსა და შპს „...ის“ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებული მოსახლეობისთვის სუბსიდიის გაცემის მიზნით. ამასთან, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა, ამ თანხით უზრუნველეყო დაზარალებული მოსახლეობისთვის (ფიზიკური პირებისთვის) საქონლის შესყიდვის სუბსიდირება შემდეგი პრინციპით: ფიზიკურ პირებს, რომელთა დაზიანებული მიწის ფართობი არ აღემატებოდა 0.5 ჰა.-ს – 100 ლარით, ხოლო 0.5 ჰა.-იდან 5 ჰა.-ის ჩათვლით – 200 ლარით ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ. ი-ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრებაში 2016 წლის 21 ოქტომბრიდან და 2017 წლის 25 აპრილიდან, #..., #... და #... საკადასტრო კოდებით, საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 მიწის ნაკვეთი (სულ 11 474 მ2). საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ხ. ი-ი შეყვანილ იქნა სეტყვის შედეგად დაზარალებულ დახმარების მიმღებთა დამატებით სიაში (#170) და გადაგზავნილ იქნა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში 2019 წლის 15 აგვისტოს.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა პროგრამიდან - „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია“ - მომართული თანხიდან 2 137 795 ლარის სს „...ი ბანკის“ სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვა, რაც განხორციელდა 2019 წლის 30 ივლისს. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა პროგრამიდან - „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია“ - მომართული თანხიდან 659 192.63 ლარის შპს „...ის“ ანგარიშზე გადარიცხვა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების მიზნით, რაც გადაირიცხა 2019 წლის 8 ნოემბერს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხები ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის მიერ სააგენტოში პირველადად გადაგზავნილ სიაში მითითებული დაზარალებული პირებისათვის. ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ კი ხ. ი-ს ეცნობა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ მოსახლეობის დახმარება იქნა გაწეული, რომელთა შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მიერ პირველადი მონაცემების საფუძველზე იქნა მიწოდებული. მიუხედავად მცდელობისა, მომხდარიყო დამატებით გადაგზავნილ სიებში შეყვანილი პირების დახმარებაც, ეს ვერ განხორციელდა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის #1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის #1667 განკარგულებებით თანხის გამოყოფა მოხდა არა კონკრეტული პირებისთვის, არამედ, ზოგადად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობის მითითებული განკარგულებები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიერ დაზარალებული პირების აღწერისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში წარდგენის კონკრეტულ ვადას არ ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განკარგულება თავისი ბუნებით ემსახურება სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებას და არ არის შემოსაზღვრული კონკრეტული. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირის შესაბამისი სიიდან გამოტოვება თუ საბიუჯეტო წლის დასრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაზარალებული პირის უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმის საკმარის და ლეგიტიმურ საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარზე 21.12.2021წ. #44004 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (ს/კ 404923785) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 7 თებერვალს წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით ხ. ი-მა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, გორის რაიონულ სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 600 ლარის კასატორისთვის დაკისრების თაობაზე იშუამდგომლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. ი-ის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, რაც ხ. ი-ის მიერ არ გასაჩივრებულა სააპელაციო საჩივრით, არამედ მოთხოვნა დაყენებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე, სააპელაციო შესაგებლით. ამდენად, ხარჯების ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული და საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას.
რაც შეეხება ხ. ი-ის შუამდგომლობას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში გაწეული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე ხ. ი-ისთვის ადვოკატ ა. მ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა. მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატი მის წარმომადგენლობას ახორციელებდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე, მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეამოწმა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ხ. ი-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს (ს/კ 404923785) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.12.2021წ. #44004 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ხ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა