Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1026(კ-20) 24 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ლ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ლ-ემ 2017 წლის 25 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ვ. ლ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის, ვ. ლ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებისა და მოსარჩელის მიერ სამართლებრივი დახმარებისთვის გაწეული და გასაწევი ხარჯების გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ვ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით, ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კანონსა და „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N298 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციაზე მითითებითა და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნიეს, რომ ვ. ლ-ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის ...ის თანამდებობა, შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის სამხედრო, მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, ამასთანავე მათ წახალისებაზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მივლინებაში წარგზავნასა და შვებულებასი გასვლასთან დაკავშირებულ საკითხზებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. სასამართლოებმა ასევე მიუთითეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებულ (სადავო პერიოდში მოქმედ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესზე“ და აღნიშნეს, რომ მოსამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადახვანა ხორციელდება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). საქმეში დაცული საქართველოს მინისტრის 2015 წლის 20 ივნისის №MOD 5 15 00000393 ბრძანებით დამტკიცებული ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის №9/798-51 შტატისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №MOD 7 16 00001087 ბრძანებით დამტკიცებული ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტატის №9/798-52 შედარებითა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ლ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა შტაბის ...ის თანამდებობა აღარ იყო გათვალისწინებული ახალი ბრძანებით დამტკიცებული დანართით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ვ. ლ-ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და მისი 2016 წლის 19 დეკემბრიდან კადრების განკარგულებაში გადაყვანა შეესაბამებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესს“.

ვარლამ ლიპარტელიანის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახელზე 2016 წლის 19 დეკემბერს დათარიღებულ პატაკში მითითებული გარემოებებისა და მოსარჩელის ნების თანხვედრასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნეს, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ წარდგენილი პატაკი მოსარჩელის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ, კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ დაწერილი განცხადების (პატაკი) საფუძველზე მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისა და ასევე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესახებ.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ კანონმდებლობა საჯარო სამსახურში მოხელის აღდგენას ცალსახად უკავშირებდა მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ ვ. ლ-ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად არ ცნო, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ემ.

კასატორის მითითებით, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების აღებით, მას არ უღიარებია გასაჩივრებული ბრძანების მართლზომიერება და მიიჩნევს, რომ მისი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მიღებული იძულებითი განაცდურის თანხიდან გამოიქვითება მის მიერ მიღებული ერთჯერადი დახმარების თანხა. კასატორი აღნიშნავს, რომ დოკუმენტებს, მათ შორის, პატაკს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მიღების შესახებ ხელი მოაწერა გაცნობის გარეშე, 2016 წლის 16 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მკურნალობის დროს. ამასთან, მისი გაყვანა კადრების განკარგულებაში განხორციელდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მისი პატაკი დაწერილია უშუალო ხელმძღვანელის გვერდის ავლით, პირდაპირ გენერალური შტაბის ...ის სახელზე, რაც წარმოადგენს კანონის იმპერატიული მოთხოვნის უხეშ დარღვევას. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია დაჩქარებული წესით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანხმობისა და შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენის მიღების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ლ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ვ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების კანონიერება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ყოფილი შტაბის ...ი ვ. ლ-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) საფუძველზე. ამავე ბრძანების თანახმად, შესაბამის საფინანსო სამსახურს დაევალა უზრუნველეყო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 261 პუნქტის შესაბამისად, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან დაითხოვება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ვ. ლ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა მისივე განცხადება, რომელშიც სურვილს გამოთქვამს ერთჯერადი გასასვლელი დამხარების მიღების შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.

კასატორის მოსაზრებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი არ შეესაბამებოდა მის რეალურ ნებას და ხელი გაუთვიცნობიერებლად მოაწერა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც გარკვეულ შედეგს საფუძვლად უდევს მხარეთა შეთანხმება, ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის ან სხვაგვარი იძულების ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ან განპირობებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირადი განცხადების საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ არა მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნაზე, არამედ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მიღებაზეც, რომელიც ვ. ლ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა და რომლის გაცემის უზრუნველყოფაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანებითაც დაევალა საფინანსო სამსახურს. საქმეში დაცული მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ ვ. ლ-ემ მიიღო ერთჯერადი გასასვლელი დახმარება, რაც სადავოდ არ გამხდარა მხარეების მიერ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ვ. ლ-ის განცხადების მის ნამდვილ ნებასთან შეუსაბამობის შესახებ მოსაზრებისა, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდნენ მის პრეტენზიას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელეა ვალდებული, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამასთან მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვ. ლ-ეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ პატაკზე ხელმოწერა იყო გაუთვიცნობიერებული და რომ გაცხადებული ნება, რომელიც გახდა შეთანხმებისა და შემდგომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას.

საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ვ. ლ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, შესაბამისად არ არსებობს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ვ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა