Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-319(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ტ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 6 იანვარს ლ. ტ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-195/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ. ტ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-195/ო ბრძანება ლ. ტ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. ტ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. არსებითი მნიშვნელობა აქვს, განისაზღვროს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობა, რამდენადაც, აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქულათა რაოდენობაზე. ამასთანავე, დევნილი ოჯახის წევრთა ოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გადაცემული ფართის ოდენობაზეც. შესაბამისად, დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები და ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის ქულათა რაოდენობა არ წარმოადგენს განხილვის საგანს, რამეთუ მოსარჩელის მარტო ცხოვრების შემთხვევაში, ოჯახის ქულათა რაოდენობა არ იქნებოდა წინასწარი შეფასებით მინიჭებულ ქულაზე ნაკლები, უფრო მეტიც, ამგვარ პირობებში (მოსარჩელის მარტო ცხოვრებისას), მისი ქულა იქნებოდა 5,5, რადგან დაემატებოდა 1 ქულა, როგორც მარტოხელა პენსიონერს, რომელიც არის ხანდაზმული.


სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ტ-ის ოჯახს არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი. საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში. ამავე მისამართზე, 2016 წლიდან ცხოვრობენ მისი შვილიშვილი და რძალი. რაც შეეხება განმცხადებლის შვილსა და რძალს, დადგენილია, რომ თ. გ-ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მკურნალობს რუსეთში. ამდენად, მართალია, მათ საცხოვრებელ ადგილს უმეტესად წარმოადგენს რუსეთი, თუმცა კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით (ჯანმრთელობის მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობების არარსებობა და სხვ.) ფაქტობრივად საზღვარგარეთ ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც არც თ. გ-ას ოჯახს აქვს მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დევნილ ოჯახს - მოსარჩელის შვილსა და რძალს აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რომლითაც საქართველოში ყოფნისას სარგებლობენ დაუბრკოლებლად და არ საჭიროებენ მოსარჩელესთან თანაცხოვრებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ ამონაწერზე, რომელიც ადასტურებს ნ. კ-ასა (რძალი) და თ. გ-ას (შვილი) მიერ ფულადი გზავნილების გადაგზავნას ა. გ-ას მისამართით (მოსარჩელის შვილიშვილი და მასთან ერთად მცხოვრები პირი) და მიუთითებს ოჯახის საერთო საქმიანობის მიზნების არსებობაზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თ. გ-ას და ლ. ტ-ის ოჯახების გაერთიანების შემთხვევაშიც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. გ-ა და მისი მეუღლე ნ. კ-ა ასევე დევნილი პირები არიან, სახელმწიფოს მათ მიმართ ცალ-ცალკე გააჩნია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. ამდენად, ერთიანი ოჯახის სახით მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, გადასაცემი ფართის თვალსაზრისით არსებითად იმავეს გულისხმობს და არ გამოიწვევს გადასაცემი ფართის ხელოვნურად გაზრდას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმის შესაბამისად, სამოთახიანი ბინით ის დევნილები დაკმაყოფილდნენ, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. ამასთან, მოსარჩელის ოჯახს წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 4,5 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ კომისიას ემსჯელა განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. ორივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი შედგება 5 წევრისაგან, რაც ეწინააღმდეგება ისევ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მისამართზე ცხოვრობს რძალთან და შვილიშვილთან ერთად. მეორე შვილი და რძალი 1993 წლიდან ცხოვრობენ რუსეთში და პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტი.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე და სადავო პერიოდში მოქმედ, 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლითაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე. მითითებული „წესიდან“ გამომდინარე, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ საკმარისი ქულები ფართის მისაღებად და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააგენტო, სწორედ ოჯახის წევრთა ოდენობისა და სულადობის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ბინის მოცულობასა და ფართთან. ამდენად, დავის არსიდან და მოსარჩელისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძვლიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

კასატორის განმარტებით, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს უშუალოდ ევალება დევნილი ოჯახების მიერ მიწოდებული ფაქტების გადამოწმება. ამ მიზნით, შემუშავებულია მონიტორინგის ფორმა, რომელშიც აისახება გამოკითხულ პირთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად, სააგენტოს შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურმა გამოიკვლია ოჯახის შემადგენლობა და დაადგინა, რომ მოსარჩელის შვილი 1993 წლიდან რუსეთში ცხოვრობს. იგი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. ამდენად, სადავო საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, მონიტორინგის მეშვეობით. გაურკვეველია, კიდევ რა მოქმედება უნდა შეესრულებინა სააგენტოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.


საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ტ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა.

ლ. ტ-ის ოჯახის წევრები არიან: შვილი - თ. გ-ა, შვილიშვილი -ა. გ-ა, რძლები - ნ. მ-ა, ნ. კ-ა.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ლ. ტ-მა თავდაპირველად განაცხადი გააკეთა 2013 წლის 17 სექტემბერს.

2015 წლის 8 სექტემბრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი ლ. ტ-ის მისამართზე (თბილისი, ...ა, კორპუსი N1 „გ“, მე-4 სადარბაზო, პირველი სართული, ბინა N27). მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ლ. ტ-ი, რომელმაც განმარტა, რომ 11 წელია ცხოვრობს გარდაცვლილი შვილის ცოლის ძმის - ი. ჯ-ას სახლში, ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე ძირითადად მარტო ცხოვრობს. ხანდახან მდგმურები ცხოვრობენ.

2018 წლის 5 თებერვლის განაცხადის დამუშავების შედეგად, ლ. ტ-მა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 5,5 ქულა (საცხოვრებელი ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან -1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მკვეთრად გამოხატული - 3, ქულა).

2019 წლის 22 აპრილს ლ. ტ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, სააპლიკაციო განაცხადს დამატებოდა ლ. ტ-ის ოჯახის წევრები: შვილი - თ. გ-ა, რძალი- ნ. კ-ა, შვილიშვილი - ა. გ-ა, შვილიშვილის მეუღლე - ნ. მ-ა. განმცხადებელმა ითხოვა, ოჯახის წევრების დამატების შემდეგ, მისი განაცხადი შეფასებულიყო ხუთსულიანი ოჯახის განაცხადად.

2019 წლის 24 აპრილის განაცხადის დამუშავების შედეგად, ლ. ტ-მა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 4.5 ქულა (საცხოვრებელი ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა).

2019 წლის 4 ივლისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი განმცხადებლის მისამართზე (თბილისი, ...ა, კორპუსი N1გ, ბინა N27). მონიტორინგის ფორმის თანახმად, ლ. ტ-ი 2002 წლიდან დღემდე ქირის გარეშე ცხოვრობს გარდაცვლილი შვილის ცოლის ძმის - ი. ჯ-ას სახლში. ლ. ტ-მა მონიტორინგის თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს შვილიშვილთან და რძალთან ერთად. მესაკუთრეს 1 ოთახი გაქირავებული აქვს 250 ლარად, სადაც ცხოვრობს ზ. ს-ე, ხოლო განაცხადში შეყვანილი შვილი და რძალი 1993 წლიდან ცხოვრობენ რუსეთში და პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში. შვილიშვილი ა. გ-ა საქართველოში დაბრუნდა 2016 წელს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმის მიხედვით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად იმსჯელა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით ლ. ტ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ოჯახის საზღვარგარეთ მცხოვრები შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03–195/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. ტ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

2013 წლის 22 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა და 1999 წლის საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩუღურეთის რაიონული განყოფილების ცნობის შესაბამისად, ლ. ტ-ი პირველი ჯგუფის ინვალიდია. მასზე შესაბამისი მოწმობა გაცემულია უვადოდ.

2019 წლის 7 ოქტომბრის ქალაქ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობის ცენტრის ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური განყოფილების დასკვნის თანახმად, თ. გ-ას დიაგნოზს წარმოადგენს ქრონიკული C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზის შედეგით, B კლასი ჩაილდ-პიუს მიხედვით. გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, შარდ-კენჭოვანი ავადმყოფობა.

2019 წლის 8 ივლისის მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ N... უძრავი ქონებაზე (მისამართი: თბილისი, ...ა, კორპუსი 1 „გ“, ბინა N27), 2001 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ი. ჯ-ას საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც, აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ლ. ტ-ის მხრიდან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მიზნის არსებობა. საქმის მასალებით, მათ შორის - სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ამსახველი დოკუმენტით დასტურდება, რომ ლ. ტ-ის ოჯახს არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი. საჭიროებიდან გამომდინარე, იგი 2016 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე, შვილიშვილთან და რძალთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ...ა, კორპუსი N1გ, ბინა N27-ში. ამასთანავე, საქმეზე წარმოდგენილი, მოსარჩელის შვილის - თ. გ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დგინდება, რომ იგი რუსეთში მკურნალობის მიზნით იმყოფება. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივად საზღვარგარეთ ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც არც თ. გ-ას ოჯახს აქვს მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით. ოჯახის საერთო საქმიანობის მიზნების არსებობაზე მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ნ. კ-ასა (რძალი) და თ. გ-ას (შვილი) მიერ ფულადი გზავნილების გადაგზავნას ა. გ-ას მისამართით (მოსარჩელის შვილიშვილი და მასთან ერთად მცხოვრები პირი). აღნიშნულის გარემოებების საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხებოდა მოსარჩელის სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრება ან მათთან მიმართებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ლ. ტ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე




მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე




გენადი მაკარიძე