საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-19(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. შ-ის და თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 28 სექტემბერს გ. შ-მა და თ. შ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის N03/13571 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. შ-ისა და თ. შ-ის განცხადების განხილვის დავალება, ახლად აღმოჩენილი და გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. შ-ის და თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის N03/13571 წერილობითი მიმართვა მოსარჩელეების - გ. შ-ის და თ. შ-ის განცხადების განუხილველად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, განიხილოს მოსარჩელეების - გ. შ-ის და თ. შ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილი და გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. შ-ისა და თ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის N05/01-11-15404 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის
საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანებებით, მოსარჩელეებს - გ. შ-ს და თ. შ-ს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მათი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ, არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით და ვადაში. მოსარჩელეებმა, წარმომადგენლის მეშვეობით, 2020 წლის სექტემბერში, განცხადებით მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს. ამასთან, განცხადებას დაურთეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე გ. შ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელს ...ში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის N03/13571 წერილობითი მიმართვით გ. შ-ს და თ. შ-ს უარი ეთქვათ განცხადების განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ იმავე საკითხზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 105-ე მუხლზე და განმარტა, რომ მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოში 2020 წლის სექტემბერში წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობაზე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული ახალი ფაქტობრივი მდგომარეობის ან დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ ახალი სამართლებრივი სტატუსის დადგენის საფუძვლად. ანალოგიური შინაარსის წერილთან მიმართებაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს შეფასება. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი 2013 წლის 8 ნოემბრის N2-1025 წერილის მიხედვით, სამინისტროს დევნილთა საკითხებში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მისი 2013 წლის 15 ოქტომბრის N05/01-14/47762 მომართვის პასუხად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ეცნობა, რომ მოქალაქე გ. შ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო ბ. შ-ი, თ. შ-ი და ლ. შ-ი 2008 წლის ომის მოვლენებამდე არ ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში. მათი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავად გ. შ-ი, ბ. შ-ი თ. შ-ი და ლ. შ-ი. ოჯახი დაკმაყოფილებულია წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე ფართით (რიგი ..., კოტეჯი N...). აღნიშნულს ადასტურებს ...ის თემის ტერიტორიული ორგანო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული წერილის შინაარსი, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან შეპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ არ მომხდარიყო მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რაც განაპირობებდა განმცხადებელთათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. შ-მა და თ. შ-მა.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო იურიდიულად ვერ ასაბუთებს, რატომ არ წარმოადგენს გ. შ-ის და თ. შ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ახლად აღმოჩენილ და ახლადგამოვლენილ გარემოებებს. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საქმეს არ ერთვის წარმოების მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული აქტის გამოცემას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნები, თუმცა მისი მსჯელობა ვერ გამოდგება ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საკმარისობისათვის. სასამართლომ მოპასუხეთა მტკიცებულებების ფარგლები განსაზღვრა თვით ამ ორგანოთა მიერ გაცემული ცნობებით და შეფასებაც მხოლოდ ამ ცნობების შინაარსიდან მიიღო. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე. კასატორი მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. აქტში მითითებული უნდა იყოს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ მითითებას ადგილი არ ჰქონია.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა ზედაპირული პასუხით. ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა, ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. შ-ის და თ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-ის და თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა ინტერესი უკავშირდება, მათთვის ჩამორთმეული დევნილის სტატუსის აღდგენას. ამ მიზნით, მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მიუთითეს მტკიცებულებებზე, რომლებიც, მათი მოსაზრებით, უნდა გახდეს დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის N03/13571 სადავო წერილით გ. შ-ს და თ. შ-ს განემარტათ, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მათ შეეძლოთ დევნილის სტატუსთან დაკავშირებული წარმოების პროცესშიც. ამდენად, სააგენტოს მოცემულ ეტაპზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, დამატებით განიხილოს გ. შ-ისა და თ. შ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაშვებულია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილს ან ახლად გამოვლენილს და შეიცვალა თუ არა სამართლებრივი მდგომარეობა მხარის სასარგებლოდ.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანებებით, მოსარჩელეებს - გ. შ-ს და თ. შ-ს დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით ჩამოერთვათ, რომ არ დასტურდებოდა მათი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დადგენილია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას მოსარჩელეებმა დაურთეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე გ. შ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელს ...ში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული 2018 წლის 13 დეკემბრის ცნობა, თავისი შინაარსით, არ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომლებიც ცნობილი არ ყოფილა მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული წარმოების პროცესში, შესაბამისი საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მინიჭების თვალსაზრისით. დადგენილია, რომ ანალოგიური შინაარსის შემცველი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 8 ნოემბრის N2-1025 წერილი, რომლის თანახმად, მოქალაქე გ. შ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, თუმცა დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, აღნიშნული წერილი, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, არ აღმოჩნდა საკმარისი, მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის შესანარჩუნებლად. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რაც განაპირობებდა განმცხადებელთათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დაინტერესებულ პირთა განცხადება არ შეიცავდა მითითებას, სადავო საკითხთან დაკავშირებული მდგომარეობის იმგვარად შეცვლაზე, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე, შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თ. შ-ის და გ. შ-ის განცხადების დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-ის და თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე