Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1330(კ-20) 24 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ფ. ც-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ფ. ც-ამ 2017 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ფ. ც-ას სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოპასუხეზე დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ფ. ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ფ. ც-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კანონზე მითითებითა და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნიეს, რომ ფ. ც-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ...ის თანამდებობა, შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის სამხედრო, მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, ამასთანავე მათ წახალისებაზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მივლინებაში წარგზავნასა და შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებულ საკითხზებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

სასამართლოებმა ასევე მიუთითეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებულ (სადავო პერიოდში მოქმედ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესზე“ და აღნიშნეს, რომ მოსამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანა ხორციელდება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). საქმეში დაცული მტკიცებულებების შედარებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას შტატების შემცირებით და ფ. ც-ას მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ იყო გათვალისწინებული ახალი ბრძანებით დამტკიცებული დანართით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფ. ც-ას გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და მისი 2017 წლის 11 იანვრიდან კადრების განკარგულებაში გადაყვანა შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ კანონმდებლობა საჯარო სამსახურში მოხელის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ ფ. ც-ას სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად არ ცნო, არ არსებობდა ფ. ც-ას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ც-ამ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს სადავო აქტის გამოცემით რამდენად შეილახა მისი უფლებები და ინტერესები. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №MOD 5 17 00000148-ში, რომლითაც მოსარჩელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, არსად არაა მითითებული, რომ ფ. ც-ას თანამდებობა გაუქმდა; პირიქით ამავე სადავო აქტით ირკვევა, რომ ფ. ც-ას თანამდებობა არ გაუქმებულა და ის ისე გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ვერც მტკიცებულებებით და ვერც ფაქტებით ფ. ც-ას სამსახურიდან დათხოვნის კანონიერება, რომ შტატი, რომელზედაც კასატორი სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა, გაუქმდა, ხოლო მტკიცების ტვირთი მაღალი სტანდარტით სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტში არსად არ არის მითითებული, რომ ფ. ც-ას თანამდებობა გაუქმდა, სადავო აქტში მითითებულია, რომ ფ. ც-ა დაკავებული თანამდებობიდან გადაყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში. კასატორი თვლის, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით სადავო აქტში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ გაუქმდა მოსარჩელის შტატი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს გარდა სამართლებრივი წანამძღვრებისა ფაქტობრივიც, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. კასატორისთვის ამ დრომდე გაუგებარია მოსარჩელის თანამდებობიდან დათხოვნის დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თუ რა სახის რეორგანიზაცია და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება იქნა განხორციელებული და თვლის, რომ ამ გარემოების შესწავლით და დადგენით მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოები არ დაინტერესებულან, ისინი დაეყრდნენ მხოლოდ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განმარტებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. ც-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექმტებრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება.

საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამასთანავე, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლებამოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. (სუსგ 08.12.2015წ., საქმე №ბს-449-442(კ-15)).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფებში დაწყებული რეორგანიზაცია, რა მიზნით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2017 წლის 4 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია არ შეეხებოდა ისეთ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ: 1. ქალები, რომლებსაც ჰყავთ 3 წლამდე ასაკის ბავშვი; 2. ორსული ქალები (დასაბუთებული შესაბამისი ცნობით); 3. ქალები, რომლებიც იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში; 4. დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები; 5. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი და დედმამიშვილი); 6. უცხოეთში მივლინებაში მყოფი თანამშრომლები; 7. სამკურნალო შვებულებაში მყოფი პირები (ბიულეტინის მოქმედების ვადის გათვალისწინებით). ამასთან, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაევალათ 2017 წლის 6 იანვრამდე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენა, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ დასახელებული გამონაკლისების გათვალისწინებით. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება და 2017 წლის 10 იანვრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულო ერთეულების საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანის ბრძანების პროექტების მომზადება, რომელთა ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 იანვრამდე.

საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა №7 ტელეფონოგრამის შესრულების მიზნით, 2017 წლის 6 იანვარს № MOD 5 17 00015502 წერილით J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს აცნობა გასაუქმებელი სამოქალაქო თანამდებობების ჩამონათვალი (საშტატო კატეგორიისა და შტატის ნომრით), მათზე დანიშნული სამოქალაქო პირების მითითებით (სახელი, მამის სახელი, გვარი), რომელთა შორის იყო: „3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ...ი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №...) - ფ. ც-ა“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისი №583 ბრძანება მოსამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლდებასა და კადრების განკარგულებაში გადაყვანას უკავშირებდა სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებას).

მითითებული ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა ყოფილიყო ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენდა გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დავალებოდა თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას ეძლეოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო.

მითითებული ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დანიშნულიყო შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულიყო სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნებოდა შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლებოდა დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

მოყვანილი ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანების გამოცემა საჯარო დაწესებულებაში დაწყებული რეორგანიზაციის თანმდევ შედეგს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს მოსარჩლესთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოოდ შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) საფუძველს - როგორც უკვე აღინიშნა, მოსამსახურე კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში უნდა დანიშნულიყო შესაბამის თანამდებობაზე ან გათავისუფლებულიყო სამსახურიდან.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღინიშნავს, რომ მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმთავითვე არ გულისხმობს მის სამსახურიდან უპირობო დათხოვნას. პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოს მოსამსახურის დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად ეკისრება ვალდებულება მოიძიოს მისი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, განსაზღვროს რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ საშტატო ერთეულებზე პირის დანიშვნის წინაპირობების არსებობა და სხვ., რათა კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მოხელის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, გამოიცემა ბრძანება ვადის ამოწურვიდან მეორე დღის თარიღით მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო პალატა ყუარადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 12 მაისის № MOD 0 17 00003870 ბრძანების კანონიერება, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ...ი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №...) ფ. ც-ა გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან. აღსანიშნავია, რომ მითითებული ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით მოსარჩელე სასამართლო წესით აწარმოებს დავას, რაც მოცემული ეტაპისთვის დასრულებული არ არის. შესაბამისად ამ დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩლის სამსახურიდან (და არა თანამდებობიდან) გათავისუფლების სამართლებრივ საკითხებზე და ამდენად საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და ძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ფ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ც-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა