Facebook Twitter

საქმე #ბს-74(კ-22) 19 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 11 სექტემბერს მ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი. მისმა ოჯახმა იძულებით დატოვა აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში არსებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელეს და მის მეუღლეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში პირადად აქვთ მონაწილეობა მიღებული, ხოლო მ. ჭ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) მნიშვნელოვნად გამოხატული მაჩვენებლით.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 23 იანვარის #14003 რეგისტრირებული განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომლის მიხედვით, მ. ჭ-ას დევნილი ოჯახი შედგება 5 წევრისაგან და სოციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 6.5 ქულა. თუმცა სააგენტომ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიზეზად კი მიუთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახი 1993 წლიდან ცხოვრობს მ. ჭ-ას დის საკუთრებაში და ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი ოჯახი 29 წელია ცხოვრობს სხვის საცხოვრებელ ფართში, თვითონ კი დღემდე არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს #03-944/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს #03-944/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. მ. ჭ-ას განცხადების საფუძველზე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, მ. ჭ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა; მ. ჭ-ა, ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; მ. ჭ-ა, ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის #36 ოქმის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს #03-944/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #36) მ. ჭ-ას, იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი #1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილება ძირითადად იმ გარემოებას დააფუძნა, რომ მოსარჩელეს საკმარისი ქულა ჰქონდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, განმარტა, რომ სხვის საკუთრებაში ცხოვრება მისი მიმდინარე და განსახილველ ეტაპზე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ვალდებულებისა, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოახდინოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობისაა იმის დადგენა, მიმდინარე და განსახილველ ეტაპზე, არსებობს თუ არა გადაუდებელი განსახლების საჭიროება. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გამოკვეთილა, უფრო მეტიც, დადასტურდა, რომ მოსარჩელე სარგებლობს საცხოვრებლით (დის საკუთრებით), რომელიც თავისი ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით გადააკეთა და გააფართოვა კიდეც. ამასთან, ოჯახის საკუთრებად არაერთი უძრავი ნივთი არის რეგისტრირებული რეესტრში, რაც სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხზე მსჯელობისას.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ შევსებულ განცხადებაზე, სადაც მითითებულია ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებად ფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელის შეფასებით 10 000 ლარის ღირებულებისაა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელემ 300 ლარად შეაფასა. მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ავტომანქანა, ყოველთვიურ ხარჯში მითითებული აქვს 3329 ლარი, ხელფასის სახით ყველთვიურ შემოსავალს 4600 ლარი შეადგენს, მოსარჩელეს 30 000 ლარის ოდენობით საბანკო კრედიტი აქვს აღებული, სოციალურად დაუცველი არ არის და 1993 წლიდან ცხოვრობს ბინაში ქირის გადახდის გარეშე. ამდენად, სააგენტოს მიერ საქმის გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლება ამ ეტაპზე ნამდვილად არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. ოჯახი ცხოვრობს მოსარჩელის დის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში 1993 წლიდან დღემდე უსასყიდლოდ, ქირის გადახდის გარეშე, ოჯახის ყველა წევრი სრულწლოვანი და დასაქმებულია, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებში და მათი ყოველთვიური შემოსავალი ნორმალური და ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად დამაკმაყოფილებელია, ოჯახს უძრავი ნივთები საკუთრების უფლებით აქვს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, უფრო მეტიც, უძრავი ნივთები შეძენილია ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე და როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, 1993 წლიდან დღემდე ქირის გადახდის გარეშე ცხოვრობს დის ბინაში. კასატორი აღნიშნავს, რომ დის სახელზე სხვა ქონებაც არის რეგისტრირებული, კერძოდ, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, რომელთან დაკავშირებითაც მოსარჩელის შვილი აღნიშნავს, რომ რეგისტრაციას ფორმალური ხასიათი გააჩნია, რაც არ არის დამაჯერებელი. ამასთან, იგი მოსარჩელის ყოფილი რძლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ დაახლოებით 7 ჰა მიწის ნაკვეთზე მიუთითებს, რომ უძრავი ქონება რეალურად არა მ. მ-ის, არამედ მისი ძმის საკუთრებაა. კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ს საკუთრების უფლებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #136-ში რეგისტრირებული აქვს 83 კვ.მ ფართის ქონება, თავად კი დედასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე. ამდენად, მოსარჩელის შვილიშვილი, რომელიც მოსარჩელეს შეყვანილი ჰყავს განაცხადში და არის არასრულწლოვანი, უზრუნველყოფილია საცხოვრებლით.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სააგენტომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო სადავო გადაწყვეტილება და მოსარჩელის ოჯახს სამართლიანად უთხრა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს #03-944/ო ბრძანების კანონიერება და სააგენტოსათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. 2015 წლის 25 თებერვალს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შესაბამისად სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე მ. ჭ-ა, შვილები: გ. ჭ-ა, ი. ჭ-ა, რძალი - მ. მ-ი, შვილიშვილი - ა. ჭ-ა. განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის გამზ. #8.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. მ. ჭ-ას განცხადების საფუძველზე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; მ. ჭ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა; მ. ჭ-ა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; მ. ჭ-ა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს #03-944/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #36), მ. ჭ-ას, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავთან ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის #36 ოქმით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა.

რაც შეეხება კასატორის მითითებებს მ. ჭ-ას და მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2012 წლის 18 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გამზირი, #8 (საკადასტრო კოდი #...) უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. ჭ-ა, ხოლო 2016 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, მისამართზე აბაშის რაიონი, საკრებულო ... (საკადასტრო კოდი #...) გადაწყვეტილება #... საკუთრების რეგისტრაცია გაუქმდა. ამასთანავე, 2017 წლის 3 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ი, სოფელი ...ა „...ა“ (საკადასტრო კოდი #...), მესაკუთრეს წარმოადგენს გ. ჭ-ა, ხოლო 2017 წლის 9 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი ...ი (საკადასტრო კოდი #...), თანამესაკუთრეს წარმოადგენს ი. ჭ-ა. ასევე, დადგენილია, რომ განმცხადებლის შვილების საკუთრებაში არსებულ მიწებზე: ქ. თბილისში, ...ზე, სოფელ ...აში „...ასა“ და ქ. თბილისში, სოფელ ...ზე მდებარე მიწაზე არ დგას შენობა-ნაგებობები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა