Facebook Twitter
ბს-434 (კ-21) 30 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2021წ. განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა 29.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ჯარიმის სახით - 21 553.50 ლარის დარიცხვის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 23.08.2019წ. Nკ/რ-752-179 რევიზიის აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 28.10.2019წ. N02/56274 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პაციენტ ნ. ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 7184,50 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2019წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 23.08.2019წ. Nკ/რ-752-179 რევიზიის აქტი და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 28.10.2019წ. N02/56274 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2021წ. განჩინებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 02.07.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა IV-100/ა) და სიკვდილის ეპიკრიზის მიხედვით დადგენილია, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 26.02.2018წ. მოთავსებული იქნა პაციენტი ნ. ლ-ე (70 წლის) ქირურგიული მკურნალობის მიზნით (დიაგნოზი - მარჯვენამხრივი გონართროზი - III ხარისხი). პაციენტს 27.02.2018წ. ჩაუტარდა მარჯვენა მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება გართულებების გარეშე, თუმცა 02.03.2018წ. მისი მდგომარეობა დამძიმდა, განუვითარდა იშემიური ინსულტი, თავის ტვინის შეშუპება და კომა, რის შედეგადაც 10.03.2018წ. დაფიქსირდა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი. დადგენილია, რომ რევიზიის აქტით პაციენტის მკურნალობა მიჩნეული იქნა არასრულად და არაჯეროვნად იმ მოტივით, რომ სამედიცინო ისტორიაში არ იყო ექიმის დანიშნულების ფურცელი და ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი, რის გამოც ვერ დგინდებოდა ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკა და ჩატარებული მკურნალობის მოცულობა. აღნიშნული აქტის თანახმად, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობის მანძილზე როგორც წინასაოპერაციო, ისე პოსტოპერაციულ პერიოდებში, გულსისხლძარღვთა დაავადებების თაობაზე ანამნეზური, ობიექტური და ეკგ მონაცემების მიუხედავად, პაციენტი არ იყო უზრუნველყოფილი რეგულარული ანტიჰიპერტენზიული და ანტიარითმიული მკურნალობით, დინამიკაში არტერიული წნევის შეფასებით და გრძელვადიანი ეკგს მონიტორინგით, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ,,სუპრავენტრიკულარული არითმიების დიაგნოსტიკა და მართვა" პროტოკოლის რეკომენდაცია არითმიის კლინიკური, ანამნეზური და ეკგ-ს მონაცემების არსებობის შემთხვევაში ჰერმოდინამიკურად სტაბილური პაციენტის კონსერვატიული მკურნალობის (ბეტა-ბლოკატორით) თაობაზე; არ იქნა გათვალისწინებული ,,ინსულტის მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში" პროტოკოლით განსაზღვრული რისკ-ფაქტორები; არ ჩატარდა ინსულტის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებები: დინამიკაში კონტროლი, არტერიული წნევის მკურნალობა, ინსულტის პრევენცია. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი პაციენტისთვის ჩატარებულ არასრულ/არაჯეროვან სამედიცინო მომსახურებას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ სამედიცინო ჩანაწერები არ იყო ნაწარმოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც პალატა არ დაეთანხმა და განმარტა, რომ იმ პირობებშიც კი, თუ დადასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოების ფაქტი, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის გამომრიცხავ გარემოებად. პალატამ აღნიშნა, რომ სამედიცინო ისტორიაში ამა თუ იმ დოკუმენტის, მოცემულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების ფურცლისა და ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცლის არარსებობა იმთავითვე არ ამტკიცებს და არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მკურნალობა არასრულად/ არაჯეროვნად ჩატარდა. პალატამ მიუთითა, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში არსებობს ნ. ლ-ის სამედიცინო ისტორია, სადაც ასახულია ჩატარებული მკურნალობის პროცესი. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია პაციენტის დღიური გასინჯვის ფურცელი, რომლის თანახმად, მას ეძლეოდა არტერიული წნევის მკურნალობასა და ინსულტის პრევენციისთვის შესაბამისი მედიკამენტები (ლორესტა, კარდიომაგნილი, ალოტენდინი). აღნიშნულს ასევე ადასტურებს თავად პაციენტის შვილის ახსნა-განმარტებაც მასზედ, რომ ნ. ლ-ე იღებდა ექიმი-კარდიოლოგის მიერ დანიშნულ ზემოაღნიშნულ მედიკამენტებს, რომელიც შეძენილი იყო მათ მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილ კალკულაციაში მითითებული არ არის აღნიშნული მედიკამენტების თაობაზე, რომელიც შეძენილი იყო თავად პაციენტის მიერ. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს ამავე კალკულაციაში მითითებულ მედიკამენტ კლექსანზე, რომელიც პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი და დაბალმოლეკულური ჰეპარინია. პრეპარატს ახასიათებს მაღალი აქტივობა შედედების მიმართ. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ მედიკამენტს ახასიათებს ანტითრომბული მოქმედება, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ ვენური თრომბოემბოლიის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული მკურნალობა პაციენტისთვის ჩატარებული არ ყოფილა. პალატას მითითებით ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს იმგვარ სამედიცინო ჩანაწერებს, რაც ადეკვატურად ასახავს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და იძლევა შესაძლებლობას შეფასებული იქნეს მისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი. აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული რეცენზია, რომლის შესაბამისად, სწორედ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა დადგენილი, რომ ნ. ლ-ისათვის გაწეული სამკურნალო ღონისძიებები იყო ადეკვატური და ჯეროვანი, მიუხედავად დამდგარი ლეტალური გამოსავალისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობის პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული „სუპრავენტრიკულური არითმიების დიაგნოსტიკა და მართვა“, „მოზრდილებში პირველადი ჰიპერტენზიის მართვა“, „ინსულტის მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში“ და „ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია და მკურნალობა“, პროტოკოლების ძირითადი პრინციპები გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების შეფასებისა და პრევენციული სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ღონისძიებების თაობაზე, კერძოდ, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ პერიოდებში, „ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია და მკურნალობა“ პროტოკოლით განსაზღვრული, მაღალი რისკის ფაქტორების არსებობის მიუხედავად, არ ჩატარდა ამავე პროტოკოლით, ზოგად ქირურგიაში ვენური თრომბოემბოლიის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული მკურნალობა (დაბალი დოზის არაფრაქციონირებული ჰეპარინი იწყება ოპერაციამდე 2 საათით ადრე და გრძელდება პოსტოპერაციულად დღეში 3-ჯერ). გარდა ამისა, პაციენტი არ იყო უზრუნველყოფილი რუტინული სამედიცინო შემოწმებით - დინამიკაში არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის შეფასებით და ეკგ - მონიტორინგით. კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის ნაწარმოები „ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი“, რითაც ვერ დგინდება ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკა. ექიმების ჩანაწერები არაინფორმატიულია და არ შეიცავს ინფორმაციას გულსისხლძარღვთა ავადობის რისკის პროფილის შეფასებისა და კლინიკური სიმპტომოკომპლექსის ანალიზის თაობაზე. ამასთან, კასატორის აზრით, „ინსულტის მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში“ პროტოკოლით განსაზღვრული ინსულტის რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად, არ ჩატარდა ამავე პროტოკოლით, ინსულტის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებები - დინამიკაში კონტროლი, არტერიული წნევის მკურნალობა, ინსულტის პრევენცია.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რევიზიის აქტის მიხედვით პაციენტის მკურნალობა მიჩნეულ იქნა არასრულად და არაჯეროვნად იმ მოტივით, რომ სამედიცინო ისტორიაში არ იყო ექიმის დანიშნულების ფურცელი და ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი, რის გამოც ვერ დგინდებოდა ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკა და ჩატარებული მკურნალობის მოცულობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.03.2009წ. №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის" მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ფიზიკალური მონაცემების ფურცელი არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მახასიათებლების ოპერატიული დოკუმენტი, რომელშიც ჩანაწერებს აკეთებს ექთანი დღეში ორჯერ. აღნიშნული ფურცელი თან უნდა დაერთოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათს. რაც შეეხება ექიმის დანიშნულების ფურცელს, ამავე წესის მე-4 მუხლის მიხედვით, ის განმარტებულია, როგორც სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. დაუშვებელია მასში არსებული ჩანაწერების გაორება ან თვითნებური ჩანაწერების წარმოება. მკურნალი ექიმი ჩანაწერებს აკეთებს მკაფიოდ და გასაგებად, მიუთითებს მედიკამენტის დანიშვნისა და მოხსნის თარიღს. ექთანი ხელმოწერით ადასტურებს მედიკამენტის დანიშვნისა და მოხსნის ფაქტებს. მკურნალი ექიმი ყოველ დილას, შემოვლისას, პაციენტის გამოკითხვის საფუძველზე, ამოწმებს დანიშნულების მიღების სიზუსტეს და დანიშნულების ფურცელში ხელმოწერით ადასტურებს ექთნის მიერ ჩატარებულ ყველა პროცედურას. ამასთანავე, ზემოაღნიშნული წესის 1.4 მუხლის თანახმად, სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია, დაწესებულების პროფილისა და სამედიცინო მომსახურების მოცულობის გათვალისწინებით, მოახდინოს ამ ბრძანების მე-3–მე-19 მუხლებით დამტკიცებული სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციიდან მათთვის საჭირო ფორმების გამოყენება, აგრეთვე მოდიფიცირება, მათში არსებული ძირითადი ინფორმაციის აუცილებელი წესით შენარჩუნებითა და გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია ნ. ლ-ის სამედიცინო ისტორია, სადაც ასახულია ჩატარებული მკურნალობის პროცესი, ამასთან, წარმოდგენილია პაციენტის დღიური გასინჯვის ფურცლები, რომლის თანახმად, პაციენტს ეძლეოდა არტერიული წნევის მკურნალობისა და ინსულტის პრევენციისთვის საჭირო მედიკამენტები (ლორესტა, კარდიომაგნილი, ალოტენდინი). აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული, პაციენტის შვილის ახსნა-განმარტებაც, რომლის თანახმად პაციენტს ყოველდღიურად სინჯავდნენ და აძლევდნენ სამკურნალო საშუალებებს. საქმეში დაცულია აგრეთვე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული რეცენზია, რომლის თანახმად, ნ. ლ-ისათვის გაწეული სამკურნალო ღონისძიებები იყო ადეკვატური და ჯეროვანი, მიუხედავად დამდგარი ლეტალური შედეგისა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ისტორიაში ამა თუ იმ დოკუმენტის არარსებობა იმთავითვე არ ამტკიცებს მკურნალობის უხარისხოდ და არაჯეროვნად ჩატარების ფაქტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასათანადოდ და არასრულყოფილად იქნა დადგენილი ჩატარებული მკურნალობის ხარისხის შესახებ საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება პაციენტ ნ. ლ-ისათვის ჩატარებული მკურნალობის უხარისხობა და არაჯეროვნება. შესაბამისად, სახეზეა სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2021წ. განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.06.2021წ. N03877 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 777.65 ლარის 70% - 544.36 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი