Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-355(კ-21) 29 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის პირველ მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს „...“-ის მიმართ, მოპასუხისათვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 13,230.12 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლზე და ამ მუხლთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის N2/3/1279, 2016 წლის 30 სექტემბრის N1/3/611 გადაწყვეტილებებით გაკეთებულ განმარტებაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება სავალდებულოდ აცხადებს მოსაკრებლის გადახდას მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით, რადგანაც მოსაკრებლის შემოღების გზით პირისათვის ფინანსური ვალდებულების დაწესება განეკუთვება საკუთრების უფლების შეზღუდვის სპეციფიკურ ფორმას. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი მოითხოვს, რომ მისი გადახდევინება განხორციელდეს კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსაკრებლის დაწესებისა და მისი გადახდევინების საკანონმდებლო რეგულაციის დარღვევა განიხილება, როგორც ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-121 მუხლებზე, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილზე, ასევე „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილების მეორე, მე-3, მე-4 მუხლებზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობისაგან შესაბამისი მომსახურების მიღებას. ამდენად, მსჯელობა „აბონენტი არ არის ვალდებული აანაზღაუროს მომსახურება, რომელიც მას არ მიუღია“, შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკასთან (11.11.2019წ., Nბს-1439(კ-18)). ასეთ შეფასებას ამყარებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილების ნორმები, რომლებიც დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშებისა და მისი გადახდის წესს შეეხება (დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-7 მუხლის მე-3, მე-6 პუნქტები).

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობას არ გაუწევია მომსახურება, რისთვისაც კანონით დაწესებულია მოსაკრებელი ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოპასუხე კომპანიას არ წარმოშობია მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. საქმის ფაქტობრივი გარემოებების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება ხელყოფს მოპასუხისათვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ შპს „...“ შპს „ს...ასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ცდილობს თავი აარიდოს ადგილობრივი მოსაკრებლის თანხის გადახდას. აღნიშნულის დროულად გადახდაზე არაერთხელ ეცნობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონის პირველი, 12.1 მუხლები, ასევე „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ნორმები. არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მე-3, მე-4 პუნქტები, მეორე მუხლი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი. სასამართლომ იმსჯელა არა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების არსებობაზე, არამედ შპს „...“-ისა და შპს „ს...ის“ მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის დამატებით მომსახურების გაწევაზე, რომელიც კომპანიას არ ათავისუფლებს ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

კასატორი მიუთითებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ (დანართი N1) მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან. აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმეს, იურიდიულ პირს, ორგანიზაციას შორის მომსახურების გაწევაზე არანაირი ხელშეკრულება არ ფორმდება. შპს „...“-ის მიერ საქმეზე წარმოდგენილი, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ არის რელევანტური. ანალოგად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ადგილობრივი მოსაკრებლებიც (მაგ.: სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომლის რეგისტრაციისათვის დამატებითი ხელშეკრულება მხარეებს შორის არ ფორმდება).

კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის N56 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის“ მე-3 მუხლის პირველი, მეორე და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა იურიდიული პირი (მისი ფილიალი, ან სხვა სტუქტურული ქვედანაყოფი), ორგანიზაცია და დაწესებულება წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ყველა წარმომქმნელი ვალდებულია და უფლება აქვს, ისარგებლოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების მომსახურებით ამ წესებით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების უფლება აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან, იქონიონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი საკუთარი სათავსოები და აცნობონ მათი განლაგების ადგილების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. ასევე სათავსოები უნდა განლაგდეს მათი მფლობელის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს საცავთან ნაგავმზიდი მანქანით დაუბრკოლებლად მისვლა. თუ ეს შეუძლებელია და აუცილებელია სათავსოს განლაგება საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, საჭიროა განლაგების ადგილის შეთანხმება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან. ამავე დადგენილების დანართის მე-5 მუხლის (ტერიტორიების დაგვა დასუფთავება, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება) მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს „კ...ს“ შენობის (რომლის პირველ სართულზე განთავსებულია შპს „...“-ის მაღაზია) ტროტუარებისა და მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველდღიურად ახდენს ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, სააპელაციო სასამართლომ კომპანია გაათავისუფლა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან და არ იმსჯელა მოსაკრებლის გადახდის სამართლებრივ მექანიზმებზე. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს. თუ მსგავსი პრეცენდენტი დამკვიდრდება, ყველა სხვა ორგანიზაცია მსგავს სიტუაციაში აარიდებს თავს სავალდებულო მოსაკრებლის გადახდას და მერია სამუშაოს სრულყოფილად ვეღარ შეასრულებს. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითებას, რომელიც შეეხება ბუნებრივი მოსაკრებლების გადახდევინებს წესს. შპს „...“ ვალდებულია, გადაიხადოს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

2022 წლის 15 ივნისს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. 2022 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინაააღმდეგე მხარის - შპს „...“-ის წარმომადგენელი. კასატორი სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა, სასამართლო სხდომის თარიღის დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შპს ,,...“-სა და შპს ,,ს...ას“ შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმებული N55 ხელშეკრულების მიხედვით, 2017 წლის 8 თებერვლის N8-ო ბრძანების საფუძველზე, შპს „ს...ა“ ახორციელებს დაახლოებით 4 ტონა არასახიფათო ნარჩენის (ქაღალდი, მუყაო) განთავსების მომსახურებას (განთავსება, აგრეთვე განთავსების შემდგომი ნარჩენების ექსპლუატაცია-დამუშავება), შემსრულებლის ბალანსზე არსებული ქუთაისის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. საქმეზე წარმოდგენილი, შპს „ს...ის“ მიერ შედგენილი ნარჩენების განთავსების აქტებით დგინდება, რომ აღნიშნულ კომპანიას, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების თანხის გადახდის სანაცვლოდ, გატანილი და განთავსებული აქვს შპს ,,...”-ის ნარჩენები.

2017 წლის 16 აგვისტოს წერილით, შპს ,,...“-მა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტის და დასუფთავების სამსახურს აცნობა, რომ შპს ,,...“-სა და შპს ,,ს...ას“ შორის 2017 წლის 27 ივლისს N55 გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, საქმიანობის შედეგად შექმნილი ყველა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენის უტილიზაციას, განთავსებას და განთავსების შემდგომ ექსპლუატაცია-დამუშავებას კომპანია ახდენს საკუთარი ძალებით და ხარჯით. შესაბამისად, 2017 წლის პირველი აგვისტოდან კომპანიის მისამართზე აღარ უნდა იქნეს წარდგენილი დასუფთავების მოსაკრებლის ანგარიში.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, 2017 წლის 31 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა შპს ,,...”-ს აცნობა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების ან/და დამუშავების უფლებამოსილება (სათანადო სპეცტექნიკასთან ერთად) მინიჭებული აქვს ა(ა)იპ „...ს“. რაც შეეხება შპს „ს...ას“, წესდების თანახმად, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა, დახურვა; ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა. წესდებით კომპანიის უფლებამოსილებაში არ შედის ნარჩენების ტრანსპორტირება მისი განთავსების ადგილამდე.

2017 წლის პირველ სექტემბერს შპს ,,...“-მა მიმართა ა(ა)იპ „...ს“, „ს...ის“ ნაგავსაყრელზე შპს ,,...“-ის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაზიდვის/ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების თხოვნით. აღნიშნული წერილის პასუხად, ა(ა)იპ „...მა“ შპს ,,...“-ს აცნობა, რომ თუ კომპანია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გააფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას, ამის შემდეგ მოხდება მისი მხრიდან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირება საბოლოო ადგილსამყოფელზე (ნაგავსაყრელზე).

2017 წლის პირველ სექტემბერს კომპანიამ შპს ,,...” მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია: ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, გააჩნია თუ არა კომპანიას ვალდებულება, გაიაროს რეგისტრაცია მის მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე.

2017 წლის 11 სექტემბრის წერილით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მიაწოდა შპს ,,...”-ის წარმომადგენლობას. წერილში მითითებულია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, გარდა მოსახლეობისა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში, ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება, რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობაა, ხოლო 50-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდება 2018 წლის პირველი იანვრიდან.

2017 წლის 2 ოქტომბრის N01/21495 წერილით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,...”-ს განუმარტა, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. ამასთან, ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელია პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები. მათი გატანის უფლებამოსილება (სათანადო ტექნიკასთან ერთად) ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიჭებული აქვს მხოლოდ ა(ა)იპ „...ს“. შპს ,,...” ვალდებულია, წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურისათვის, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის მიღება და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა დროულად.

შპს „ს...ასა“ და შპს ,,...”-ს შორის, 2017 წლის 8 თებერვლის N8-ო ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 9 იანვარს კვლავ გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს...ა“ ახორციელებს დაახლოებით 4 ტონა არასახიფათო ნარჩენის (პოლიეთილენის პარკი) განთავსების მომსახურებას, შემსრულებლის ბალანსზე არსებული ქუთაისის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. მომსახურების ღირებულებამ 1 ტონაზე შეადგინა 35 ლარი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველოსბის სამსახურის 2019 წლის 20 თებერვლის წერილით შპს ,,...”-ს ეცნობა, რომ ქუთაისის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ შესაბამისად, კომპანიის მიერ გადასახდელი დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 13230.12 ლარს.

შპს ,,...” 2019 წლის 26 თებერვლიდან რეგისტრირებულია ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების საქმიანობაზე უფლებამოსილ პირად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია ნარჩენების მართვის პროცესში მონაწილე პირთა შორის წარმოშობილ უფლება-მოვალეობებთან. შეფასების საგანს წარმოადგენს 2017 წლის პირველი აგვისტოდან შპს „...“-ის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების არსებობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს მოპასუხე კომპანიისათვის, როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის დაკისრებას, რაც მისი მოსაზრებით, გამომდინარეობს კომპანიისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების სახით გაწეული მომსახურებიდან. ადმინისტრაციული ორგანო თვლის, რომ სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, მოპასუხეს გააჩნია ვალდებულება, გადაიხადოს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს მოპასუხის შენობის ტროტუარებისა და მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთი სახეა მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას, ხოლო ამავე მუხლის 2020 წლის 15 ივლისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელებად მიჩნეულნი იყვნენ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიდნენ ნარჩენებს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების შესაძლებლობაზე მიუთითებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის N56 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესი“. აღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება, საბოლოო განთავსება და გაუვნებლება, საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება ფინანსდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ამასთან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ადგილობრივი ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების კომპენსაციის მიზნით, შემოიღოს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის შესაბამისად.

ქუთასისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი შემოღებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ შესაბამისად. აღნიშნული „ინსტრუქციის“ მეორე მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელად მიიჩნევა ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო და მუნიციპალურ ნარჩენებს. ამავე „ინსტრუქციის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადახდა აუცილებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო და მუნიციპალურ ნარჩენებს.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის N56 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესი“, ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, შემოიღოს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავის მხრივ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტი, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებაში მოიაზრებს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამდენად, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ვალდებულების შინაარსის შემცველი ნორმები უნდა განიმარტოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამის ნორმებთან ერთობლიობაში.

როგორც აღინიშნა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციიდან“ გამომდინარე, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება უკავშირდებათ იმ სუბიექტებს, რომლებიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო და მუნიციპალურ ნარჩენებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტით, „საყოფაცხოვრებო ნარჩენები“ განმარტებულია, როგორც საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალურ ნარჩენებში“ მოიაზრება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია. მითითებული განმარტებებიდან გამომდინარე, შპს ,,...” წარმოადგენს მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელ პირს.

საყურადღებოა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის, ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, მე-16 მუხლის მე-3 ნაწილი, ადგენს საგამონაკლისო წესს, მოსახლეობის გარდა, სხვა მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთათვის - სურვილისამებრ, არ ისარგებლონ ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მათი მხრიდან წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად, დასამუშავებლად გადასცენ იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ გააკეთოს შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოპასუხე კომპანია, წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალურ ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტს. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, შპს „...“-ის მხრიდან ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების თაობაზე. მართალია, ქუთაისის მუნიციპალიტეტში შემოღებულია მოსაკრებელი, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, თუმცა მოპასუხეს, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელს, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საგამონაკლისო წესის შესაბამისად, გამოყენებული აქვს უფლება, არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით. ამასთანავე, ნარჩენების წარმომქმნელს შესრულებული აქვს კანონით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტისათვის წინასწარი შეტყობინების გაკეთების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე