საქმე #ბს-1169(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 2 აგვისტოს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, შპს „...ში“ შეყვანილ იქნენ პაციენტები დიაგნოზებით - მწვავე აპენდიციტი ლოკალური პერიტონიტით, 35.8 -/- მწვავე აპენდიციტი სხვა და დაუზუსტებელი აპენდექტომია დრენირებასთან ერთად გართულების გარეშე. პაციენტი თ. ტ-ი (პ/ნ ...) შეყვანილ იქნა 2018 წლის 23 მაისს, პაციენტი ს. შ-ი (პ/ნ ...) – 2018 წლის 18 მაისს, ხოლო პაციენტი ნ. წ-ი (პ/ნ ...) – 2018 წლის 28 აპრილს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უარი ეთქვა ზემოხსენებული პაციენტების მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, საფუძვლად კი მიეთითა, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იძლევა არასწორ ინტერპრეტაციას მეორე ჯგუფის - 35.3 აპენდიციტების გაშიფვრისას. ამ ჯგუფში საუბარია ლოკალური პერიტონიტის არსებობის აუცილებლობაზე (ხოლო აპენდიქსის გახეთქვა შეიძლება არც იყოს სახეზე, რადგან კლასიფიკატორში აღნიშნულია „ან მის გარეშე“, იგივე ითქმის პერიაპენდიკულურ აბსცესზეც). ამდენად, გათვალისწინებულია ორი სახის მწვავე აპენდიციტი: 1. მარტივი აპენდიციტი (კატარალური) პერიტონიტის გარეშე და 2. გართულებული აპენდიციტი (ფლეგმონური, ნეკროზული) გართულებული ლოკალური ან გავრცელებული პერიტონიტით.
მოსარჩელის მითითებით, პაციენტის კლინიკური სურათი - საერთო სისუსტე, ტემპერატურის, მატება ლეიკოციტოზი, ექოსკოპიით მუცლის ღრუში სითხე, გულისრევა და ღებინება, რაც ავტორთა მოსაზრებით, ანთებით გამოწვეული პერიტონიუმის „უკმაყოფილების“ სიმპტომებია, ინტრაოპერაციულად ნანახი ცვლილება აპენდიქსში, (ფლეგმონა) პერიტონიუმის ჰიპერემია - ანთება მცირე მენჯის ღრუში, გამონადენით მუცლის ქვედა ნახევარში. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებით - მუცლის ღრუში არსებულ გამონადენში ნაწლავის ჩხირის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ინფექცია გასცდა აპენდიქსის ფარგლებს და მოიცვა მუცლის (პერიტონიუმის) ქვედა ნახევარი. ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებაა აპენდიქსის ჩირქოვანი ანთებისა (ფლეგმონა), როგორც მიზეზი.
მოსარჩელის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ 35.3 კოდი ზუსტად შეესაბამება სადავო შემთხვევებს და 35.8 კოდის გამოყენება აღნიშნულ შემთხვევებში არ არის მართებული.
ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს შპს „...ის“ მიერ შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, რაზეც გამოტანილ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ამდენად, მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის #04/68123 გადაწყვეტილების პაციენტების - თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და შპს „...ის“ 2018 წლის 28 დეკემბრის #12-18/356 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 ივლისის #04/35826 გადაწყვეტილების პაციენტების - თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; პაციენტების - თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის #04/68123 გადაწყვეტილება; პაციენტების - თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ 2018 წლის 28 დეკემბრის #12-18/356 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 ივლისის #04/35826 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „...ის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100/ა) და სტაციონარული პაციენტების სამედიცინო ბარათებით დგინდებოდა, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევებში, პაციენტების დასკვნა იყო K35.3 - მწვავე აპენდიციტი ლოკალიზებული პერიტონიტით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ შპს „...ის“ მიერ პაციენტებისათვის - თ. ტ-ისათვის, ნ. წ-ისა და ს. შ-ისათვის მართებულად იქნა დასმული დიაგნოზი, ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რომლებიც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული პროგრამული კოდის შესაბამისი მონაცემები (დიაგნოზი, ჩარევა, დაზუსტება) არ დასტურდებოდა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის მიერ განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კლინიკის მიერ ჰისტომორფოლოგიური (ჰისტოპათოლოგიური) კვლევის პასუხის ელექტრონული მოდულის დამატებითი კომენტარის ველში ასახვა წარმოადგენდა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #242/ნ ბრძანების დანართი #2-ის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ბიოფსიური და ოპერაციული გზით მიღებული ყველა ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან ორგანო მთლიანად, დანაწევრების გარეშე, ექვემდებარება ჰისტოპათოლოგიურ გამოკვლევას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე დაფიქსირებული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისათვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატამ განმეორებით აღნიშნა, რომ სამივე პაციენტის შემთხვევაში, ჰისტოპათოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური) გამოკვლევების პასუხების თანახმად, პაციენტების დიაგნოზი იყო მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი. განსახილველ შემთხვევაში, ჰისტოპათოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური) კვლევის დასკვნა და საბოლოო დიაგნოზი შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან. შესაბამისად, ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ ჰისტოპათოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური) კვლევის შედეგი მიეთითა დამატებითი კომენტარის ველში, არ შეიძლებოდა გამხდარიყო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შემთხვევები მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში გადაცემულ იქნა პროგრამული კოდით: K35.3 მწვავე აპენდიციტი ლოკალიზებული პერიტონიტით JESA10 - აპენდექტომია დრენირებასთან ერთად -/- პერიაპენდიკულარული აბსცენი ან დაჩირქებული პერიაპენდიკულარული ინფილტრატი. სამედიცინო დოკუმენტაციით, მათ შორის, მორფოლოგიური კვლევის დასკვნით, მიწოდებული პროგრამული კოდის შესაბამისი მონაცემები (დიაგნოზი, ჩარევა, დაზუსტება) არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევებს, პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #242/ნ ბრძანების დანართი #2-ის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ბიოფსიური და ოპერაციული გზით მიღებული ყველა ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან ორგანო მთლიანად, დანაწევრების გარეშე, ექვემდებარება ჰისტოპათოლოგიურ გამოკვლევას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე დაფიქსირებული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისათვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კასატორის შეფასებით, აღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ყველა ოპერაციული გზით მიღებული ქსოვილის ჰისტომორფოლოგიური კვლევის პასუხი უნდა აისახოს ელექტრონულ მოდულში არსებული საბოლოო დიაგნოზის ველში. იმ შემთხვევაში, როდესაც გადმოცემული დიაგნოზი და ჰისტომორფოლოგიური კვლევის დასკვნა არ ემთხვევა ერთმანეთს, დადგენილების პირობების შესაბამისად, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის #04/68123 გადაწყვეტილების პაციენტების - თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში კანონიერება და შპს „...ის“ 2018 წლის 28 დეკემბრის #12-18/356 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 ივლისის #04/35826 გადაწყვეტილების პაციენტების - თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი #1-ის პირველი მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, თ. ტ-ი, ნ. წ-ი და ს. შ-ი მკურნალობდნენ შპს „...ში“ 2018 წლის მარტში, აპრილსა და მაისში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევები პროგრამის ფარგლებში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: K35.3 - მწვავე აპენდიციტი ლოკალიზებული პერიტონიტით -/- JESA10 -/- აპენდექტომია დრენირებასთან ერთად-/-პერიაპენდიკულარული აბსცესი ან დაჩირქებული პერიაპენდიკულარული ინფილტრატი. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული დიაგნოზი არ დასტურდებოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი #1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, #1908281692, #1402582628 და #1980894228 სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „...ის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100/ა) და სტაციონარული პაციენტების სამედიცინო ბარათებით დგინდება, რომ მითითებული პაციენტების დასკვნა არის: K35.3 - მწვავე აპენდიციტი ლოკალიზებული პერიტონიტით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ შპს „...ის“ მიერ პაციენტებისათვის - თ. ტ-ისათვის, ნ. წ-ისა და ს. შ-ისათვის მართებულად იქნა დასმული დიაგნოზი, ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რომლებიც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული პროგრამული კოდის შესაბამისი მონაცემები (დიაგნოზი, ჩარევა, დაზუსტება) არ დასტურდებოდა, მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კლინიკის მიერ ჰისტომორფოლოგიური (ჰისტოპათოლოგიური) კვლევის პასუხის ელექტრონული მოდულის დამატებითი კომენტარის ველში ასახვა წარმოადგენს შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #242/ნ ბრძანების დანართი #2-ის პირველი მუხლის თანახმად, ბიოფსიური და ოპერაციული გზით მიღებული ყველა ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან ორგანო მთლიანად, დანაწევრების გარეშე, ექვემდებარება ჰისტოპათოლოგიურ გამოკვლევას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე დაფიქსირებული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სამივე პაციენტის შემთხვევაში, ჰისტოპათოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური) გამოკვლევების პასუხების თანახმად, პაციენტების დიაგნოზი იყო მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი. განსახილველ შემთხვევაში, ჰისტოპათოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური) კვლევის დასკვნა და საბოლოო დიაგნოზი სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. ამდენად, ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ ჰისტოპათოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური) კვლევის შედეგის მითითება მოხდა დამატებითი კომენტარის ველში, არ შეიძლება გახდეს შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ თ. ტ-ის, ნ. წ-ისა და ს. შ-ის ნაწილში არ არსებობდა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 29.12.2021წ. #35624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2021წ. #35624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა