ბს-887(კ-21) 30 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ა-ემ 07.10.2019წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.10.2019წ. წერილის ბათილად ცნობა და 02.10.2019წ. შპს „...ის“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოვალის (მოსარჩელის) ქონების რეალიაციის მოპასუხისათვის დავალება, ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებულო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების (№A18155101-005/002 და №A18155102-006/001) შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2019წ. განჩინებით, ა. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A18155101-005/002 და №A18155102-006/001 სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2019წ. განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ო-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.09.2020წ. გადაწყვეტილებით, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, საქმის წარმოება შეწყდა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.10.2019წ. N18155101-019/001 წერილთან დაკავშირებით, სხვა ნაწილში ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ. აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.09.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღება 02.10.2019წ. შპს „...ის“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოვალის (მოსარჩელის) ქონების რეალიაციის მოწინააღმდეგე მხარისთვის დავალდებულების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებით, ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. ა-ის მიმართ აღსრულება დაიწყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.06.2018წ. გაცემული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2017წ. სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. ა. ა-ე (მოსარჩელე, რომელიც აღსრულების პროცესში მოვალეს წარმოადგენს) არ ეთანხმება მისი კუთვნილი, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში ა. ა-ის მიმართ იძულებითი აღსრულება წარმოებს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №37-ში/...ის III შესახ. №2-ში მდებარე უძრავი ნივთი ფართით 92.81 კვ.მ. არის ა. ა-ის საკუთრება. აღსრულების ეროვნული ბიუროს შემფასებლის ა. ჭ-ის მიერ 14.06.2019წ. გაცემული №03/25-0011 დასკვნის შესაბამისად, ა. ა-ის საკუთრებაში არსებული ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №37/...ის III შეს. №2-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს (დამგვრალებით) - 140 000 ლარს (51 000 აშშ დოლარს). ა. ა-ემ (მოსარჩელემ) მიმართა შპს „...ს“ (ლიცენზია ..., სერტიფიკატი N..., შემფასებლის სერთიფიკატი N...) ქ. ქუთაისში, ...ის ქ. III შესახვევი №2-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი ...) შესაფასებლად. 02.10.2019წ. №106 დასკვნით, უძრავი ნივთის ღირებულება განისაზღვრა 297 510 ლარით (100 850 აშშ დოლარით 2.95 კურსით). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ დაცულია კანონის მოთხოვნა - მას მიმართული აქვს უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებლისთვის აუქციონის წესით სარეალიზაციო ქონების შესაფასებლად, როგორც ამას მოითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.2 მუხლი (თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი), ხოლო ა. ა-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმას, რომ მოსარჩელემ გამოიყენა ხსენებული კანონის 47.4 მუხლით (სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში) მინიჭებული უფლება და სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარადგინა ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ დოკუმენტი. მოგვიანებით აპელანტის მიერ წარმოდგენილი შპს „...ის“ დასკვნა მხოლოდ ზოგადი ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს - ფინანსური ანგარიშგების მომზადება ყველა არსებითი ასპექტის შესაბამისად. ამდენად, პრეტენზია ქონების ღირებულების არამართებულად განსაზღვრის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხემ ქონების დათვალიერების გარეშე შეაფასა მისი ღირებულება, არ შეუფასებია მოსარჩელის კუთვნილი სახლის კაპიტალური სარდაფი და მიწის ნაკვეთის ღირებულება, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ განსაზღვრული ფასის ორმაგ ღირებულებაზე მეტს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა დასკვნა და მოთხოვნილი იქნა აუქციონზე ქონების რეალიზაცია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უსაფუძვლოდ არჩევანი გააკეთა ბიუროს შემფასებლის ა. ჭ-ის 14.06.2019წ. დასკვნაზე, ამასთან, არ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის უარყოფის საფუძვლებზე. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების გარეშე მოვალის მიერ წარდგენილ დასკვნასთან შედარებით კრედიტორის დასკვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება 02.10.2019წ. შპს „...ის“ დასკვნის საფუძველზე მოსარჩელის ქონების რეალიზაციის მოწინააღმდეგე მხარისთვის დავალდებულების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.06.2018წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე №2-322/10წ.) მიხედვით, ა. ა-ეს ა. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 500 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი და ადვოკატისათვის გადახდილი თანხა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 30.03.2017წ. გაცემული სააღსრულები ფურცლის თანახმად, ა. ა-ეს ა. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის 4380,98 ლარის ანაზღაურება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.11.2016წ. განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.11.2010წ. გადაწყვეტილებაში (საქმე №2-322/10წ.) მითითებული მოსარჩელე ა. ო-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ. ო-ი. საქმეზე დადგენილია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზემოთ მითითებული სააღსრულებო ფურცლები. აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების აღსრულების უზრუნველსაყოფად დაყადაღდა და შეფასდა მოვალის ა. ა-ის საკუთრებაში არსებული ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №37/...ის III შეს. №2-ში მდებარე უძრავი ნივთი (საკადასტო კოდი ...). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 14.06.2019წ. დასკვნის მიხედვით, ა. ა-ის საკუთრებაში არსებული 92,81 კვ.მ. ფართი (საკადასტო კოდი ...) შეფასდა 140 000 ლარად. ა. ა-ის წარმომადგენელმა 02.10.2019წ. განცხადებით მიმართ სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა 02.10.2019წ. შპს „...ის“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა. განმცხადებელმა მოითხოვა აუქციონის ჩატარება მის მიერ წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა არ ასახავდა ქონების რეალურ ღირებულებას. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის ინტერესს შეადგენს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების მის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის შესაბამისად განსაზღვრა, ქონების ამ დასკვნაში მითითებულ ფასად რეალიზების მიზნით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლი ადგენს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ქონების შეფასებას. ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.1 და 47.2 მუხ.). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების 12.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტურქტურული ერთეულის - შეფასების სამსახურის ერთი-ერთი ფუნქცია არის ქონების შეფასება და დასკვნის მომზადება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით (დანახარჯების, შედარების და შემოსავლების მეთოდები), რომელთა შერჩევა დამოკიდებულია მათ გამოსაყენებლად საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, დასკვნაში მიეთითება სხვა მეთოდების გამოყენების შეუძლებლობის მიზეზი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცულია ბიუროს შეფასების სამსახურის 14.06.2019წ. დასკვნა ა. ა-ის საკუთრებაში არსეული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ. დასკვნის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №37/...ის მე-3 შეს. №2-ში მდებარე ა. ა-ის საკუთრებაში არსებული 92,81 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდი ...) წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, რომელიც განთავსებულია ორსართულიანი საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე, ბინაში განთავსებულია შესასვლელი, მისაღები ოთახი, ზალა, სამზარეულო, საპირფარეშო და სამი საძინებელი, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეფასების თარიღისათვის შეადგინა 140 000 ლარი. დასკვნაში ასახულია შეფასების ორი მეთოდის (დანახარჯების და შემოსავლების) გამოუყენებლობის დასაბუთება, კერძოდ, მითითებულია, რომ დანახარჯების მეთოდი ეფუძნება ჩანაცვლების პრინციპს. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ მყიდველი უძრავ ქონებაში არ გადაიხდის იმაზე მეტ თანხას, რომელიც საკმარისია მიწის ნაკვეთის შესაძენად და შესაფასებელი ობიექტის მსგავსი მახასიათებლების შენობის ასაშენებლად. ვინაიდან ხარჯთაღრიცხვა მოცემული მიწის ნაკვეთის შეძენაზე და მასზე შენობის აშენებაზე არ არსებობს, შემფასებელმა მიიჩნია, რომ ტიპიური ხარჯთაღრიცხვის გამოყენებით და ერთეულის ღირებულების გამოყოფით სახეზე იქნება დიდი ცდომილება, შესაბამისად, დანახარჯების მეთოდი არაკორექტულად მიიჩნია. მეორე მეთოდის - შემოსავლების მეთოდის საფუძველია მოლოდინის პრინციპი. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას ანალიზირდება შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ანუ ამ დროს ჰიპოთეზურად იგულისხმება, რომ ბინა შეიძინეს არა საცხოვრებლად, არამედ მოგების მისაღებად მისი გაქირავების მიზნით. საშემოსავლო მეთოდის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შემფასებელმა რამდენიმე არგუმენტზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში ეს არის მფლობელისაგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაფასებელი ბინა გამოიყენება მხოლოდ საცხოვრებლად, არ იგეგმება მისი გაქირავება, ამასთან საიჯარო გარიგებები უმეტეს შემთხვევაში არ რეგისტრირდება. ეს გარემოება შემფასებელს საიჯარო ქირის ოდენობაზე არ აძლევს საკმარისი რაოდენობის საიმედო ინფორმაციის შეკრების საშუალებას, შესაბამისად, საშემოსავლოს მეთოდის გამოყენება გამორიცხა. შემფასებელმა მიიჩნია, რომ ერთდაერთი შესაძლო მეთოდი, რომელიც კარგად განვითარებული საინფორმაციო სისტემის შედეგად იძლევა ობიექტურ შედეგებს, იყო შედარების მეთოდი. შესადარისი გაყიდვების (შედარების) მეთოდი დაფუძნებულია შესაფასებელი ობიექტის ანალოგიურ ობიექტთან შედარებაზე, რომლებზეც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება ფასებთან და გარიგებებთან დაკავშირებით, ანუ იგი დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ინვესტორი არ გადაიხდის ქონების შეძენაში იმაზე მეტს, რაც ღირს შესადარისი ელემენტების მიხედვით ანალოგიური ობიექტი. უძრავი ქონების ღირებულების შეფასება შესადარისი გაყიდვების მეთოდით მოიცავს შემდეგ ეტაპებს: შესაფასებელი ობიექტის ანალოგიური ობიექტების გაყიდვებისა და შეთავაზებების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, შესაფასებელ ობიექტთან ანალოგიური ობიექტების შედარება სხვადასხვა პარამეტრებით (ადგილმდებარეობა, ფიზიკური მახასიათებლები, გაყიდვების პირობები და სხვ.), ფასების კორექტირება შესაფასებელ ობიექტთან თითოეული ანალოგიური ობიექტის განსხვავების გათვალისწინებით, კორექტული ფასების ანალიზის საფუძველზე შესაფასებელი ობიექტის ღირებულების განსაზღვრა. დასკვნაში მითითებულია, რომ ანალოგებზე მონაცემები მოპოვებულია საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის, საგაზეთო გამოცემების, ინტერნეტის და „რიელტური“ ფირმების მეშვეობით, ასევე შემფასებელმა შეარჩია შესაფასებელი ობიექტის სექტორში არსებული შესადარისი ანალოგიური ობიექტები, რომელთა გაყიდვის ან შეთავაზების ფასები ცნობილია, რაც ცხრილის სახით ასახული იქნა დასკვნაში. ამდენად, ა. ა-ის საკუთრებაში არსეული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 14.06.2019წ. დასკვნა შეიცავს დასაბუთებას ორი მეთოდის გამოუყენებლობისა და შედარების მეთოდის გამოყენების შესახებ.
შპს „...ის“ 02.10.2019წ. ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შეფასდა ა. ა-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართია 92,81 კვ.მ., ეზო - 1393 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი .... დასკვნის მიხედვით, სახლის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ინტერნეტსივრცეში მოძიებული საბაზრო ფასების შესაბამისად, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 200 000 ლარის ოდენობით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1393 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ.-ის ღირებულება განისაზღვრა 70 ლარის ოდენობით, მიწის ღირებულებამ შეადგინა 1393X70=97510 ლარი, სულ შეფასებული ქონების ღირებულებამ შეადგინა 297 510 ლარი (200 000 + 97510). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით 1393 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის არა ა. ა-ის საკუთრება, არამედ თანასაკუთრება, შესაბამისად, კასატორის გარდა, სხვა პირთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის სრული ოდენობით ღირებულების შეფასების გათვალისწინება ა. ა-ის უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციისას არ არის დასაბუთებული. ამასთან, დასკვნაში მითითებულია უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი .... საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით ამ საკასატრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრეა არა მოსარჩელე, არამედ გ. ა-ე, უძრავი ნივთი წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №37/...ის მე-3 შეს. №2-ში მდებარე 27.44 კვ.მ. სათავსს (საკადასტრო კოდი ...), შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შემფასებლის მიერ არ შეფასდა მოსარჩელის სარდაფი, ვინაიდან 27.44 კვ.მ. სათავსი საქმეში დაცული მასალებით არ არის კასატორის (მოვალის) საკუთრება. შპს „...ის“ 02.10.2019წ. ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა არის ზოგადინფორმაციული ხასიათის, არ შეიცავს დასაბუთებას შეფასების მეთოდ(ებ)ის გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. დასკვნაში ზოგადად აღნიშნულია ინტერნეტსივრცეში მოძიებული საბაზრო ფასების შესახებ, თუმცა საერთოდ არ არის მითითებული აღნიშნული საბაზრო ფასების შემხებლობაზე შესაფასებელი ობიექტის სექტორში არსებულ შესაბამის ანალოგიურ ობიექტებთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაშვებია რომელიმე დასკვნისთვის უპირატესობის მინიჭება დასკვნის ყოველმხრივი და კრიტიკული შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ 02.10.2019წ. ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა, განსხვავებით აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 14.06.2019წ. დასკვნისა, არ არის დასაბუთებული, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ქონების ღირებულების არამართებულად განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა, ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის პრეტენზია დათვალიერების გარეშე უძრავი ქონების შეფასების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 14.06.2019წ. დასკვნაში მითითებულია, რომ შემფასებლებმა პირადად მოახდინეს შესაფასებელი ქონების დათვალიერება, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ სააღსრულებო წარმოების მასალებში დაცულია უძრავი ქონების ფოტო-სურათები. კასატორს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს სააღსრულებო წარმოების მხარის უფლებას - სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ - ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა არამართებულად დაუკავშირა მოსარჩელის მხრიდან ქონების საბაზრო ღირებულების ამსახველი ექსპერტის დასკვნის დროულად წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი ადგენს სასამართლოსადმი მიმართვის გზით შესაბამისი უფლების დაცვის შესაძლებლობას, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. კანონის 47.4 მუხლი მხარეს ანიჭებს უფლებას, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან ქონების შეფასებამდე თავადაც წარადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სარეალიზაციო ქონების შეფასების ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ამ უფლების გამოყენებისაგან თავის შეკავება ხელს არ უშლის პირს, აღმასრულებლის მიერ ქონების შეფასების შემდეგ წამოიწყოს დავა სარეალიზაციო ქონების ფასზე. მითითებული ნორმით გათვალისწინებული უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს სამომავლოდ აღსრულების პროცესის მონაწილის უფლების მოსპობას - იდავოს ქონების ფასზე, მას შემდეგ, რაც გაეცნობა აღმასრულებლის ინიციატივით განხორციელებული ქონების შეფასების შედეგებს და მიიჩნევს, რომ მისი ქონება არასწორად შეფასდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაშვების საკმარის საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, ხოლო კასატორმა ვერ დაასაბუთა მის მიერ წარდგენილი დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭების აუცილებლობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონების ღირებულების არამართებულად განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება;
3. ნ. ჩ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.10.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი