ბს-868(2კ-20) 30 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 26.07.2019წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ კომისიის 28.06.2019წ. N... განკარგულებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.07.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 30.07.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 22.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.06.2019წ. N... განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მ. ბ-ის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 22.10.2019წ. გადაწყვეტილება მ. ბ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 01.07.2019წ. გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცლველად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 601.8, 107.2, 108.1, 108.3, 95-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მ. ბ-ე წარმოებაში არ ჩართულა. კომისიამ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, არ იმსჯელა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ მხარის კანონიერ ნდობაზე, ნდობის გამომრიცხავ გარემოებებზე. რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებას, პალატამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო კომისიის 28.06.2019წ. N... განკარგულება, რომელიც ძალაში შევიდოდა მხოლოდ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს (სზაკ-ის 54.1 მუხ.). N... განკარგულება მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდეგ გამოიწვევდა სათანადო სამართლებრივ შედეგს (საკუთრების უფლების შეწყვეტას) მისი ადრესატის მიმართ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაედგინა კომისიის N... განკარგულების ძალაში ყოფნის საკითხი და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება მ. ბ-ის სახელზე არსებული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რაც არ განხორციელდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები. ნორმატიულად იკრძალება იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტი. 1987წ. მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დაკავებულ მიწას. მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებისას კომისიის მიერ უგულებელყოფილი იყო ეს გარემოება, შესაბამისად, არამართლზომიერად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ N... განკარგულების მიღება იყო კანონიერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კომისიის სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.06.2019წ. განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მ. ბ-ეს საკუთრებაში გადაეცა ჭიათურის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 266 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 163 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. მ. ბ-ე აღნიშნული ქონების მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 28.06.2019წ. წერილით კომისიას ეცნობა, რომ 11.06.2019წ. განკარგულება მიღებული იყო არამართლზომიერად, რის გამო უნდა გაუქმებულიყო, კერძოდ, ჭიათურის რაიონის ...ის კოლმეურნეობის 1987 წ. მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღიარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და შესაბამისად აღიარებამდე უნდა გამოკვლეულიყო განმცხადებლის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი, რადგან კანონის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული წერილის საფუძველზე კომისიის მიერ იმავე დღეს - 28.06.2019წ. მიღებულ იქნა სადავო N... განკარგულება კომისიის 11.06.2019წ. განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. მნიშვნელოვნია, რომ სადავო 28.06.2019წ. N... განკარგულება არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევაზე მითითებას, გაკარგულებაში გადატანილია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.06.2019წ. წერილის შინაარსი, რასაც მოჰყვება დასკვნა მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე. საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ სადავო აქტის მიღებამდე ჩატარდა რაიმე სახის წარმოება, გამოკვლეულ იქნა საქმის გარემოებები, მიწვეულ იქნა მხარე და სხვ.. კომისიამ იმთავითვე გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილში ასახული მითითებები. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო აქტის გამოცემამდე კომისია ვალდებული იყო ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, უზრუნველეყო წარმოებაში მ. ბ-ის ჩართვა, ემსჯელა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობაზე კანონიერი ნდობის კონტექსტში, გადაემოწმებინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილში მითითებული ფაქტების ნამდვილობა, სრულად გამოეკვლია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ განხორციელებულა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარებას მართლაც არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუმცა საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო ობიექტის განთავსებას დაადასტურებს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, ...ის კოლმეურნეობის 1987წ. მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ასაღიარებელი ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დაკავებულ მიწას. კომისიას ერთი მხრივ არ შეუფასებია ...ის კოლმეურნეობის 1987წ. მიწათსარგებლობის გეგმა, ხოლო მეორე მხრივ არ გაუთვალისწინებია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.1992წ. N949 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესი“, რომლის თანახმად, კოლმეურნეობებს 1993 წლის 01 იანვრამდე უნდა აერჩიათ ახალი ორგანიზაციული ფორმა და გატარებულიყვნენ რეგისტრაციაში, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოების ბაზაზე შეიძლებოდა ორგანიზებული ყოფილიყო გლეხური (ფერმერული) მეურნეობები, კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მეურნეობები, აგროფირმები, აქციონერული საზოგადოებები, ასოციაციები და მიწაზე მეურნეობრიობის სხვა ორგანიზაციული ფორმები, კოლმეურნეობათა რეორგანიზაცია ხდებოდა კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით (მე-2, მე-3 პ.). ამდენად, კოლმეურნეობა რეორგანიზაციის შედეგად შესაძლოა გამხდარიყო როგორც სახელმწიფო საწარმო, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის კოოპერაციული საწარმო, შესაბამისად, ის, რომ გარკვეული მიწის ნაკვეთი თუ მასზე არსებული ნაგებობა კოლმეურნეობის კუთვნილება იყო, იმთავითვე არ ადასტურებს კოლმეურნეობების დაშლის შემდეგ ამ ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას. გასათვალისწინებელია, რომ რაიონულ სასამართლოში ერთ-ერთი მოწმე სწორედ იმ გარემოებაზე უთითებს, რომ ნაგებობა კომლეურნეობის დაშლის შემდეგ გადაეცა კოოპერატივს და არა სახელმწიფოს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე კომისიის სადავო 28.06.2019წ. განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სასამართლოს აქვს დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. ამასთანავე, უკეთუ კომისიის მიერ დადგინდება ნაგებობის კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემის ფაქტი, უნდა დადგინდეს მოვლენათა შემდგომი განვითარება (მოწმის განმარტებით, მ. ბ-ემ კოოპერატივისგან იყიდა აღნიშნული შენობა) და შეფასდეს ასეთი ფართით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.07.2019წ. გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კომისიის 28.06.2019წ. N... განკარგულების ძალაში ყოფნის საკითხის გარკვევის გარეშე, მარეგისტრირებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი ძალადაკარგულად ეცნო მ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
ამასთანავე, უკეთუ კანონმდებლობაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 4.6 მუხ.) საკითხი აღარ არის კომისიის ქვემდებარე, მას შეუძლია იხელმძღვანელოს სზაკ-ის 80.1 მუხლის მოწესრიგებით, რომლის თანახმად თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წერილობით უნდა ეცნობოს მხარეს (სზაკ-ის 80.3 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2020წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. გოგიაშვილი