საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-68(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ლ. ლ-ე
კასატორები (მესამე პირები) - ე. ლ-ე, მ. ლ-ე (მათი საკასაციო საჩივრის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი)
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ. ლ-ე (მოსარჩელე), ლე. ლ-ე ((პ/ნ ...) (მესამე პირი)), ლე. ლ-ე ((პ/ნ ...) (მესამე პირი)), ე. გ-ე (მესამე პირი)
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ლ-ემ 2019 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 მარტის №... და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ამავე სააგენტოს 2017 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განჩინებით - ლ. ლ-ე, 2019 წლის 21 მაისის განჩინებით - ე. ლ-ე და მ. ლ-ე, ხოლო 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით - ლ. ლ-ე, ლ. ლ-ე და ე. გ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-ემ, ლ. ლ-ემ, ლ. ლ-ემ და ე. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის, ლ. ლ-ის, ლ. ლ-ის, ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 მარტის №... და 2017 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-ემ, ე. ლ-ემ და მ. ლ-ემ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ლ. ლ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტები, კერძოდ, ხაშურის არქივის მიერ 2012 წლის 18 მაისს გაცემული საარქივო ცნობა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხაშურის არქივში დაცული ბორჯომის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, კომლში, რომლის უფროსია მ. ლ-ე, ირიცხება მისი შვილი - ლ. ლ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. მ. ლ-ე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გარდაიცვალა; 2. ლ. ლ-ე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში 1986 წელში ერიცხება 55კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, 1987- 1995 წლებში ერიცხება 120 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.20 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ლ. ლ-ე. კომლის სახელზე ქონება არ ფიქსირდება. ამასთანავე, 1997 წლის 30 აპრილის ბორჯომის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტით, ლ. ლ-ის სახელზე გაცემულია რეფორმამდე არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ფართით 0.20 ჰა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, რომელიც სრულად განლაგებულია ნაკვეთზე და ოთხივე მხრიდან გარშემორტყმულია ლ. ლ-ის კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რადგან მისი გამოყენების საჭიროება, საქმეზე დადასტურებული გარემოებების პირობებში, არ არსებობდა.
კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მათი შუამდგომლობა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შესახებ, რომლის ჩატარების შედეგადაც დადგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საკადასტრო საზღვრები და აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე შესაძლებელი იქნებოდა დავის სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ე. და მ. ლ-ეების სახელზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა საკუთრების უფლება მაშინ, როცა ჩუქების ხელშეკრულება ისევ ძალაში იყო და არ გაუქმებულა. ამრიგად, კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები, რის საფუძველზეც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით ლ. ლ-ის, ე. ლ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, ე. ლ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილში, მათ მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებით ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთებზე მესამე პირთა საკუთრების უფლებების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. ამდენად, დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მიერ უნდა შეფასდეს, რამდენად იძლეოდა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაცია და დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს 2006 წლის 20 მარტამდე მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია კი გულისხმობდა გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებული ყოფილიყო საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2006-2008 წლებში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტზე, რომელიც ადგენდა, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს 2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთან, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ბორჯომში, სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მქონე უძრავი ქონება, №1 შენობა-ნაგებობით (ს/კ ...), 2014 წლის 25 მარტიდან რეგისტრირებულია ლ. ლ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია №2 საკომლო წიგნიდან 2001-2005წ.წ. ამონაწერი. 2017 წლის 30 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ლ. ლ-ემ ბორჯომში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, აჩუქა ე. და მ. ლ-ეებს. აღნიშნული უძრავი ნივთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 4 ივლისს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ე. და მ. ლ-ეების თანასაკუთრებაში.
საქმის მასალების მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის 26 თებერვალს ლ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (ზონა ბორჯომი, სექტორი სოფ. ...ი) მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 2 მარტს ხაშურის რეგიონული არქივიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში ლ. ლ-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. საბოლოოდ, 2019 წლის 24 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტურქციით გათვალისწინებული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო 2019 წლი 11 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ თავადვე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და მესამე პირების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდებას. ასეთ პირობებში კი, განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერების შესასწავლად, აუცილებელია იმ გარემოებების შეფასება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოკვლეული და მხარეთა მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რამდენად ქმნიდა სადავო რეგისტრაციების განხორციელების კანონისმიერ შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის - ლ. ლ-ის მოსაზრება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის დასადასტურებლად დამატებით მიუთითებს საქმეში დაცულ დოკუმენტებზე. კერძოდ, ბორჯომის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს სოფ. ...ის 1986-1995, 1996-2000 და 2001-2005 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებიდან ამონაწერზე, რომლის თანახმად, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ლ. ლ-ე - ოჯახის უფროსი; 2. მ. ლ-ე - შვილი, გადახაზულია, აყვანილია ცალკე კომლად; 3. ლე ლ-ე - შვილი; 4. თ. ლ-ე - შვილი, გადახაზულია, აყვანილია ცალკე კომლად; 5. ი. მ-ი - რძალი; 6. მ. ლ-ე - შვილიშვილი; 7. ბ. ლ-ე - შვილიშვილი; 8. ე. (ასე იკითხება) მ-ე - შვილიშვილი; 9. ი. ლ-ე - შვილიშვილი; 10. გ. (დოკუმენტში ასეა) ლ-ე - შვილიშვილი. საკომლო წიგნში ჩაკრულია ფურცელი და წერია: 11. მ. ლ-ე - დამოკიდებულება ოჯახის უფროსთან მითითებული არ არის. კომლს 1986, 1988-1990 წლების ჩანაწერებით პირად საკუთრებაში ერიცხება 20 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1933 წელს, 1986-1990 წლების ჩანაწერებით კი ერიცხება 0,10 ჰა მიწის ფართობი, 1987 წლის მონაცემების თანახმად, ინფორმაცია საცხოვრებელი სახლის შესახებ არ არის. 1996-2000 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ლ. ლ-ე - ოჯახის უფროსი; 2. ლე. ლ-ე - შვილი 3. ე. გ-ე - რძალი; 4. ლე. ლ-ე - შვილიშვილი. მონაცემები ქონების შესახებ მითითებული არ არის. 2001 -2006 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ლ. ლ-ე - ოჯახის უფროსი; 2. ლე ლ-ე - შვილი; 3. ე. გ-ე - რძალი; 4. ლე. ლ-ე - შვილიშვილი. მონაცემები ქონების შესახებ მითითებული არ არის. ბორჯომის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 აგვისტოს №246 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სოფელ ...ის მიწის სარეფორმო სიაში, სიით №78 ლ. ლ-ეს უფიქსირდება 0.49 ჰა მიწის ფართობი.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2012 წლის 18 მაისს გაცემული საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ხაშურის არქივში დაცული ბორჯომის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფ. ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების თანახმად, კომლში, რომლის უფროსია მ. ლ-ე, ირიცხება მისი შვილი - ლ. ლ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. მ. ლ-ე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გარდაიცვალა; 2. ლ. ლ-ე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში 1986 წელში ერიცხება 55 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, 1987-1995 წლებში კი ერიცხება 120 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.20 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ლ. ლ-ე. კომლის სახელზე ქონება არ ფიქსირდება. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ მ. ლ-ე გარდაიცვალა 1988 წლის 19 ნოემბერს.
საკასაციო პალატა, საქმის მასალებში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 მარტის №... და 2017 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტზე დართული ნახაზის ლ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმასთან შედარებისას დადგენილი ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში შენობა-ნაგებობის განლაგება მიწის ნაკვეთის საზღვრებთან მეტ-ნაკლებად იდენტურია, არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. სააპელაციო პალატამ საკითხის სწორად გამოკვლევის მიზნით, დამატებით შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულები, მათ შორის, საკადასტრო აგეგვმითი ნახაზები, 2017 წლის 15 ნოემბრის №AA2017039875-08 საკომლო საარქივო ცნობა, შემოსავლების სამსახურის №21-02-1/33803 2018 წლის 14 მარტის ცნობა, საკადასტრო ნახაზები, სიტუაციურ გეგმები, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ივლისის NF19000926 ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციისას უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ მიეჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ნაკვეთებს შორის ზედდების არსებობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ლ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დაზუსტება და არა მისი საკუთრების უფლების არსებობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო საკითხი საჭიროებს ჩამოთვლილი გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 31 მარტს №24622659 საგადასახადო დავალებით გ. ჯ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე