საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-74(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...მა“ 2016 წლის 7 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ... წლის ... ...ის №... ბრძანების სადავო წიდის აუქციონზე გატანის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, კერძოდ, მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანების №1 დანართიდან ამოღებულ იქნეს ობიექტი №... . მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს „...ის“ 2016 წლის 8 ივლისის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №ი-408 ბრძანების ბათილად ცნობა. ამასთან, ამავე სარჩელით იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აკრძალვოდა სადავო წიდაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონის გამოცხადება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ საწარმოო ნარჩენი - წიდა წარმოადგენდა მის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობას, ვინაიდან 2005 წელს იგი, ქარხნის ქონებასთან ერთად, ...ისაგან აუქციონზე შეიძინა შპს „ე...მა“, რომელმაც 2006 წელს მთელი ქონება წიდასთან ერთად შეიტანა სს „ქ...ის“ საწესდებო კაპიტალში. 2011 წელს კი სს „ქ...მა“ მთელი ქონება, წიდასთან ერთად, მიჰყიდა სს „რ...ს“, ხოლო ამ უკანასკნელმა - შპს „...ს“. ამრიგად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ წიდა იყო საწარმოს საკუთრება და მის მოსაპოვებლად რაიმე ლიცენზიას არ საჭიროებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ის“ წარმომადგენელმა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, არამართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ „ქარხნის მეორადი მასალის - წიდის ნიადაგთან, დედამიწის ქერქთან ურთიერთკავშირმა იგი აქცია სასარგებლო წიაღისეულად, სასარგებლო წიაღისეული კი სახელმწიფო საკუთრებაა“. აღნიშნული სამართლებრივი გადაწყვეტილება ისე მიიღო სასამართლომ, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სადავო საკითხთან დაკავშირებულ მოსარჩელის არგუმენტაციაზე და მტკიცებულებებზე, რომელიც წარდგენილი იყო დაზუსტებული სარჩელის სახით.
კასატორის მითითებით, ტექნოგენური საბადოს ცნება უკავშირდება სიტყვა/ტერმინ ნარჩენებს, თუმცა სასამართლოს მიერ განმარტებული არ არის რა იგულისხმება ნარჩენებში. კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა, რომ პარლამენტში დაცული „წიაღის შესახებ“ კანონის განმარტებითი ბარათიდან, ასევე „ნარჩენების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ნარჩენები არის გადაყრილი, დაკარგული, საკუთრებიდან გასული და არა მესაკუთრის ბალანსზე არსებული ქონება. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სადავო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ გამოცემული ბრძანების კანონიერების შეფასება. აღნიშნული ბრძანების №1 დანართის შესაბამისად, ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს (ობიექტი №4) წარმოადგენს ქალაქ ...ის ტერიტორიაზე ...ის (ტექნოგენური) ნაყარი (კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენის) ჯამური მოცულობა - 103 950 ტონა)). შეფასების საგანს წარმაოდგენს აგრეთვე, შპს „...ის“ 2016 წლის 8 ივლისის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №ი-408 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია წიაღისა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა, ბუნებრივი კანონზომიერებისა და გარემოს პოტენციური შესაძლებლობების, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. დასახელებული კანონის შესაბამისად კი განსაზღვრულია წიაღის ცნება, რომლის თანახმად, წიაღი წარმოადგენს დედამიწის ქერქის ნაწილს, რომელიც გაშიშვლებულია მიწის ზედაპირზე ან მდებარეობს ნიადაგის ფენებსა და წყალსატევში, აგრეთვე ნიადაგის ფენისა და წყალსატევის ფსკერის ქვეშ და ხელმისაწვდომია შესწავლისა და ათვისებისათვის, წიაღისეული კი არის წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და მათი ერთობლიობა. ამავე კანონის თანახმად, წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე, ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად მისაღებია, წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, რომელშიც მისი დანიშნულებისა და გამოყენების სფეროების მიხედვით გამოიყოფა სათბობ-ენერგეტიკული, მადნეულის (შავი და ფერადი ლითონების მადნები), სამშენებლო მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების და სხვა არამადნეული წიაღისეულის სახეობანი. ამავე ნორმატიული აქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის საბადო არის წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად ან ტექნოგენურად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული. ამრიგად, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს ორი სახის საბადოს - ბუნებრივ და ტექნოგენური საბადოს. თავის მხრივ, ბუნებრივი საბადო არის წიაღის უბანი, მასში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეულით, რომლის დამუშავებაც ხელსაყრელია მისი მარაგების, სამთო-ტექნიკური პირობების, ოდენობის, ხარისხისა და სხვა პარამეტრების გამო, ხოლო ტექნოგენური საბადო არის სანაყაროთი, ტერიკონით, სალექარით, კუდსაცავით, სპეციალური საწყობებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევებით ან სხვა აკუმულაციური ფორმებით შექმნილი წიაღის უბანი, სადაც დაგროვილია სამთომომპოვებელი ან/და მეტალურგიული საწარმოების შედეგად წარმოქმნილი ტექნოლოგიური ან სხვა სახის, მათ შორის, ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში დალექილი ნარჩენები, აგრეთვე წყალსაცავებში აკუმულირებული ჩამონატანი, სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას დანაკარგის სახით დარჩენილი მინერალური რესურსები, რომელთა ოდენობა, შემადგენლობა, თვისებები და სხვა პარამეტრები ხელსაყრელია მათი უშუალოდ მოპოვების ან/და გადამუშავების შემდეგ გამოყენებისათვის.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წიაღისეული ყველა შემთხვევაში წარმოიქმნება ბუნებრივი ან ტექნოგენური გზით, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის საბადოც შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ტექნოგენური, რომელშიც წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე, ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად მისაღებია. ამასთან, ტექნოგენური საბადო წარმოადგენს წიაღის გარკვეულ ფარგლებში ტექნოგენურად კონცენტრირებულ სასარგებლო წიაღისეულის საბადოს, რომელშიც ტექნოგენურად, მათ შორის, სპეციალური საწყობების ან სხვა აკუმულაციური ფორმებით, არის კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული. საკასაციო პალატის მითითებით, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი კი იმპერატიულად ადგენს, რომ საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს წიაღზე საკუთრების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტით აუქციონი გამოცხადდა მის საკუთრებაში არსებული მეორადი გადამუშავების წიდის (ტექნოგენური) ნაყარის მოპოვებაზე. აღნიშნული წიდა კი, რომელიც მოძრავი ქონებაა და არ წარმოადგენს მიწის შემადგენელ ნაწილს, მას სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს დასაწყობებული და ირიცხება ქარხნის ბალანსზე აქტივის სახით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო წიდა წარმოადგენს მის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობას და მის მოსაპოვებლად რაიმე ლიცენზიას არ საჭიროებს. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, აღრიცხულია თუ არა წიდა საწარმოს ბალანსზე ან გამოყოფილი აქვს თუ არა საწარმოს ნარჩენის სახით, მისმა გამოყენებამ (ნიადაგთან, დედამიწის ქერქთან ურთიერთკავშირმა) იგი აქცია სასარგებლო წიაღისეულად, სასარგებლო წიაღისეული კი, არსებული კანონმდებლობის პირობებში, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „...ის“ დირექტორმა 2016 წლის 22 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელეს აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად ეცნობა, რომ სააგენტო ამ ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით „ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სააგენტოს უფროსის ... წლის ... ...ის №... ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის მე-... ობიექტი - ქალაქ ...ის ტერიტორიაზე, ...ის (ტექნოგენური) ნაყარი, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამდენად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი მტკიცებულებები არ წარუდგენია არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოებში, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანებით აუქციონზე ლიცენზიის მოსაპოვებლად გატანილ იქნა არა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული წიდა, არამედ ტექნოგენური საბადო, რომელიც „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა გამოეცხადებია ელექტრონული აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ მიუთითებს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, წიაღით სარგებლობა გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა. გარდა ამისა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილება, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში ერთ-ერთ სავალდებულო დოკუმენტად მიიჩნევს ტერიტორიის მესაკუთრის თანხმობას. საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგდ მიიჩნევს, რომ წიაღის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის უპირობო მესაკუთრეა სახელმწიფო, მიუხედავად მისი წარმოშობის გზისა და ტერიტორიისა. ამავე დებულების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულების 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმატით, ხოლო თუ აღნიშნული აუქციონის შედეგად არ მოხდა შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, მაშინ დასაშვებია მისი გამოცხადება ელექტრონული ფორმატის გარეშე. ელექტრონული ფორმატით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ის მეშვეობით (მე-3 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში სალიცენზიო ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ...ის ტერიტორიაზე, ...ის (ტექნოგენური) ნაყარი/საწარმო ნარჩენი. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მითითებული ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება.
რაც შეეხება, კასატორის ძირითად პრეტენზიას, რომ „ნარჩენი“ არის გადაყრილი, დაკარგული, საკუთრებიდან გასული და არა მესაკუთრის ბალანსზე არსებული ქონება, საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს „წიაღის შესახებ“ კანონის შესავლის მე-7 პუნქტზე, რომლის შინაარსიც ცხადყოფს, რომ ტექნოგენური საბადო არის არა მარტო გადაყრილი, დაკარგული ნარჩენი, არამედ ისეთი წიაღის უბანი, სადაც დაგროვილია სამთომომპოვებელი ან/და მეტალურგიული საწარმოების შედეგად წარმოქმნილი ტექნოლოგიური ნარჩენები. ნორმის აღნიშნული დანაწესი კი არ ქმნის კასატორის მოსაზრების გაზიარების საფუძველს. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე სსიპ ფერდინად თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დასკვნა, რომლის შესაბამისად, ქალაქ ...ის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული წიდანაყრებიდან, მათ შორის, ...ის ...დან სპეციალისტების ჯგუფის მიერ აღებულ იქნა 11 საშუალო სინჯი, რომლებსაც პირობითად დაერქვა: მე-5 სინჯს - ბრძმედის წიდა და მე-6 სინჯს - მარტენის წიდა. აღნიშნულ ნიმუშებს ...ის ინსტიტუტში ჩაუტარდა ქიმიური კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნიმუშები ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, მიეკუთვნება ...ის ბრძმედი და მარტენის წიდებს. შესაბამისად, წარმოადგენს ...ის საწარმოო ნარჩენს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საწარმოო ნარჩენი, მოცემულ შემთხვევაში ტექნოგენური წიდა, ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, არის სასარგებლო წიაღისეული, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.
ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო აქტების უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციული ორგანოთა მიერ გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები. კასატორმა კი ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. ამდენად, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 16 ივნისის №... ბრძანების სადავო ნაწილი შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სადავო ბრძანების კანონიერების პირობებში, ასევე არ არსებობს აღნიშნულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №ი-408 ბრძანების, შპს „...ის“ 2016 წლის 8 ივლისის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 12 იანვარს საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით, ნაცვლად 300 ლარისა, გადახდილი აქვს 500 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 200 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, ჯამში - 410 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 12 იანვარს №429859257 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 500 ლარიდან 200 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, ჯამში - 410 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე