Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-364(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-მა 2020 წლის 13 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და „სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ შსს-ს მინისტრის 2019 წლის 9 დეკემბრის MIA 3 19 03297025 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2019 წლის 6 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მ. ბ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის MIA 3 1903297025 ბრძანება და მოპასუხეს მ. ბ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების უბნის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2019 წლის 6 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებზე, „პოლიციის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე-36-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშნვაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. ამ შემთხვევაში უარი დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. ბ-ი 2019 წლის 6 დეკემბრის პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თავისუფალი ნების ფარგლებში, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მან 2019 წლის 9 დეკემბერს განმეორებითი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა, მსვლელობა არ მისცემოდა მის მიერ იმავე წლის 6 დეკემბერს დაწერილ პატაკს. კასატორის მოსაზრებით, განმეორებით წარდგენილ პატაკს მსვლელობა არ მიეცა იმის გამო, რომ მ. ბ-ის მიმართ 2019 წლის 9 დეკემბერს მომზადებული იყო დათხოვნის შესახებ ბრძანება, რომელიც მოსარჩელეს იმავე წლის 10 დეკემბერს გაეგზავნა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია 2019 წლის 6 დეკემბერს წარდგენილი განცხადების კანონიერება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან საკუთარი სურვილით, თავისუფალი ნების გამოვლენით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, საყურადღებოა, რომ დათხოვნა მოითხოვა დაუყოვნებლივი გათავისუფლების პირობებში, რის გამოც განცხადებას იმავე დღეს მიეცა მსვლელობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე მ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, ამავე განცხადების (პატაკის) განუხილველად დატოვების თაობაზე განმეორებით წარდგენილი განცხადების გაუთვალისწინებლობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას მიუთითებს გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოქმედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამავე წესის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერსებს“. ამდენად, დასახელებული „წესის“ აღნიშნული ნორმა ნათლად ადგენს მოსამსახურის პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების დაუყოვნებლივი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაუყონებლივ ათავისუფლებს სამინისტროს მოსამსახურეს, გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები. „პოლიციის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი კი არ ითვალისწინებს განსხვავებული რეგულაციის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა სპეციალური კანონმდებლობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონის მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციალური კანონმდებლობით. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე გავრცელება ხდება სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალური კანონმდებლობით საკითხი განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული. ამასთანავე, „პოლიციის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოში პატაკი წარადგინა 2019 წლის 6 დეკემბერს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2019 წლის 9 დეკემბრის MIA 3 19 03297025 ბრძანების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დარეგისტრირდა მოსარჩელის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის რეაგირების გარშე დატოვება და გამოხატა სამსახურის გაგრძელების სურვილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის უნდა შეფასდეს მოხელის ნამდვილი ნების არსებობა. პირის ნების თავისუფლებას განეკუთვნება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა გამოხატული ნების შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების გათვალისწინებით, აუცილებელია, დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასოს გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი „ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-663-659(კ-17)). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო პალატის მითითებით, დავის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია სწორედ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ნების ნამდვილობის დადასტურება, ანუ ამგვარი ნება გააჩნდა თუ არა დასაქმებულს და დააფიქსირა თუ არა მან ეს ნება დამსაქმებლის წინაშე. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ დასაქმებულმა, საბოლოოდ, წერილობით დააფიქსირა დამსაქმებელთან, რომ მას არ სურდა დაეტოვებინა სამსახური და შემწყდარიყო შრომითი ურთიერთობა. ამასთან, რადგან სადავო ბრძანება ჯერ კიდევ არ იყო გამოცემული, ელექტრონული საქმისწარმოების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე გააჩნდა გონივრული ვადა, გაეთვალისწინებინა 2019 წლის 9 დეკემბრის პატაკში მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოსაცემად ფაქტობრივი (მოსარჩელის გამოხატული ნება) და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. იმავე „წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.

რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უნდა დაევალოს მ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 6 დეკემბრიდან, აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის გაუქმების წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა მ. ბ-ის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე