საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-397(კ-20) 28 ივნისი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...ა“ (მოსარჩელე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი - სს „ჰ...ო“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...ამ“ 2017 წლის 11 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა შპს „...ას“ დისკვალიფიკაციის შესახებ სამინისტროს მიერ „...ის“ 2017 წლის ფარგლებში სსიპ „...ის“ ფუნქციონირებისათვის სპეციალიზირებული ავტომანქანების 10 ერთეული რეანიმობილის სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება შპს „ჰ...ო“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“ მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მიერ საქმე განხილული იქნა საქმის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რაც ასევე გაიზიარა ზემდგომმა ინსტანციამ. კერძოდ, შპს „...ას“ დისკვალიფიკაცია ტენდერიდან სატენდერო კომისიის N5 ოქმის მიხედვით განხორციელდა იმის გამო, რომ ტენდერის პირობების შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შიდა აღჭურვა უნდა განხორციელებულიყო ამგვარ საქმიანობაში 5 წლიანი გამოცდილების მქონე პირის მიერ. სატენდერო დოკუმენტაცია არ აკონკრეტებდა, რომ აღნიშნული 5 წლიანი გამოცდილება პირს უნდა ჰქონოდა ტენდერის დაწყების მომენტში. კომისიის მოსაზრებით, შპს „...ას“ მიერ წარდგენილი სერთიფიკატები, რომელიც განიხილებოდა არა როგორც გამოცდილების დამადასტურებელი, არამედ მოთხოვნილი იყო კომპანიაზე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად შპს „ა...ის“ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ, ინფორმაციის წარდგენის დროისათვის არ იყო ვალიდური, რის გამოც ის ჩაითვალა არასაკმარისად, რასაც არ იზიარებს კასატორი და მიუთითებს, რომ მისი წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო სატენდერო მოთხოვნებთან. აღნიშნული წინადადების მიღების დასრულების ეტაპზე, 2017 წლის 28 აპრილს, შპს „...ასთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვას განახორციელებდა შპს „ა...ი“, რომელსაც იმ დროისათვის უკვე ექნებოდა 5 წლიანი გამოცდილება, როგორც ამას მოითხოვდა სატენდერო დოკუმენტაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 5 წლიანი გამოცდილება კომპანიას უნდა ჰქონოდა წინადადების მიღების დასრულებისთანავე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ა...ის“ რეგისტრაციის თარიღსა და კომისიის მიერ ოფიციალურ ორგანოებში მოძიებულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობაზე მითითება არარელევანტურია, რადგან გაუგებარია გამოცდილების დასადასტურებლად რეგისტრაციის დოკუმენტის გარდა რა უნდა წარედგინა პრეტენდენტს. ადმინისტრაციულმა ორგანომ თვითნებურად არ ჩათვალა წარდგენილი დოკუმენტაცია სათანადო მტკიცებულებად, თუმცა მას არ დაუსაბუთებია, რატომ არ იყო ისინი საკმარისი, ასევე რა სახის ინფორმაცია უნდა ყოფილიყო წარდგენილი კომისიაში, რომ დაკმაყოფილებულად ჩათვლილიყო სატენდერო მოთხოვნა გამოცდილებაზე და კომპანიის შესახებ საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ წარდგენილი სერტიფიკატებიდან ერთი არ იყო ვალიდური წარდგენის დროისათვის, მაშინ როდესაც ისინი მოთხოვნილი იყო კომპანიაზე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, დაუსაბუთებელია. აღნიშნული გარემოება არ იქნა შესწავლილი და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უთითებდა დავების საბჭოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და შპს „...ა“ სარჩელსა და შემდგომ სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (მუხლი 2).
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა.
კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით.
კანონის 151 მუხლით განისაზღვრა ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (,,ა’’ ქვეპუნქტი); ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია (,,ბ’’ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდეგში - ,,წესი“). ამ „წესის“ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მისი მოქმედება ვრცელდებოდა გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
მითითებული „წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. იმავე „წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. მე-4 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ, ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წინადადებების მიღების ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენაზე პასუხისმგებელია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მხოლოდ შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტე და შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციასთან არა სამომავლოდ შესაძლო ხელშეკრულების დადების, არამედ წინადადების წარდგენის დასრულების დროისთვის, რათა ადგილი არ ჰქონდეს პრეტენდენტთა მიმართ თანაბარი კონკურენციის შეზღუდვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ... ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატი/სერტიფიკატები.
ასევე დადგენილია, რომ შპს „...ას“ მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის შპს „ა...ის“ 2017 წლის 4 მაისის №76 წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საწარმო 5 წელზე მეტია, რაც დაკავებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების წარმოებით, რომლებიც შეესაბამებოდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს; ასევე - ...ის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს შპს „ა...ზე“ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე.
წარდგენილი დოკუმენტაცია გადაამოწმა სატენდერო კომისიამ; კერძოდ, მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ინტერნეტის საშუალებით მოიძია მასალები შპს „ა...ის“ საქმიანობის შესახებ და აღმოაჩინა შეუსაბამობა, კერძოდ, ...ის ადმინისტრაციულ მომსახურებათა გაწევის სამმართველოს 2017 წლის 16 ივნისის №... წერილით, ასევე ...ს ოფიციალურ ვებ.გვერდზე ოფიციალურად დასტურდებოდა, რომ შპს „ა...ის“ რეგისტრაციის თარიღი იყო 2012 წლის 29 მაისი და არა 2011 წლის 29 მაისი, რეგისტრაციის ნომერი - .... აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ა...ის“ 2017 წლის 4 მაისის №76 წერილში მითითებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანია 5 წელიწადზე მეტია, რაც დაკავებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების წარმოებით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან 2017 წლის 4 მაისის მდგომარეობით შპს „ა...ი“ რეგისტრაციიდან 5 კალენდარული წელი არ იყო გასული.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის შესახებ, რომ შპს „ა...ის“ 2017 წლის 4 მაისის №76 წერილი არ წარმოადგენდა ამავე კომპანიის 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რამდენადაც, ერთის მხრივ, მასში არ იყო მითითებული მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა ეს გარემოება და მეორეს მხრივ, ეს მონაცემები წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ოფიციალურ მონაცემებთან, რისი გადამოწმების შესაძლებლბა კასატორსაც გააჩნდა.
ამდენად, დასტურდება, რომ შპს „...ამ“ ვერ უზრუნველყო სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნების დაკმაყოფილება, შესაბამისად, სატენდერო კომისიის მიერ 2017 წლის 13 ივლისის N5 ოქმი მიღებულ იქნა საქმეში არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მართებულად დაეფუძნა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 17.07.2020წ. №23914669 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 17.07.2020წ. №23914669 საგადახდო დავალებით გ. ხ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა