საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-417(3კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, ლ. ბ-ე, დ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. კ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. კ-ემ 218 წლის 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის მიმართ და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ლ. ბ-ესა და დ. ხ-ეს ნ. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და ლ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, ლ. ბ-ემ და დ. ხ-ემ სააპელაციო წესით, ხოლო ნ. კ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ლ. ბ-ესა და დ. ხ-ეს ნ. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 2500 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და ლ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის სახით 2500 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, ლ. ბ-ემ და დ. ხ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მითითებით, მართალია, მოსარჩელის მიმართ, მისივე ჩვენებებით დადგენილია ძალადობის - ცემის ფაქტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსარჩელის მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ისეთი ქმედებები, რაც იწვევდა მის ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას.
კასატორის მოსაზრებით, მორალური ზიანის სახით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ცალ-ცალკე ეპიზოდებისთვის 2500-2500 ლარის დაკისრება წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას და წარმოადგენს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. კასატორი განმეორებით დაკისრებული მორალური ზიანის - 2500 ლარის ანაზღაურების დაკისრების შემცირებას ითხოვს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებები იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სპეციალური პენიტენციური დაწესებულებისთვის შეუსაბამო ოდენობით დაკისრებული თანხის შემცირების საფუძველს.
კასატორი - ლ. ბ-ე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაფუძნებულია ძალადობის ორ ეპიზოდზე, თუმცა განაჩენში მითითებული არ არის სხეულის დაზიანების არსებობის შესახებ და არც რაიმე სამედიცინო დასკვნა არსებობს მოსარჩელისთვის სხეულის დაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მისთვის განმეორებით სოლიდარულად 2500 ლარის დაკისრება, მით უფრო, რომ დადგენილი ფაქტები არ წარმოადგენენ რეალობას და მათ ჩადენაზე დათანხმება მოპასუხის მხრიდან იძულებით განხორციელდა.
კასატორი - დ. ხ-ე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე ნამდვილად მუშაობდა სასჯელარსრულების იმ კორპუსში, სადაც სასჯელს იხდიდა ნ. კ-ე. გენერალურ პროკურატურაში ნ. კ-ის მიერ მიცემულ ჩვენებაში ნახსენები არ არის დ. ხ-ე. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია არც ერთი მოწმე იმის დასადასტურებლად, რომ მას საკანში მყოფ პირთა თანდასწრებით სცემა დ. ხ-ემ. რაც შეეხება მოსარჩელისთვის გასაღების ჩარტყმის შედეგად კბილის მოტეხვის ფაქტს, ექსპერტიზით ან სამედიცინო ცნობით არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ ჩაიტარა მკურნალობა კბილზე, რაც დაადასტურებდა, რომ მის სხეულზე ან/და კბილზე მიყენებული დაზიანებები ნამდვილად შეესაბამებოდა მითითებულ პერიოდს. ასევე მოსარჩელემ ვერ მიუთითა ექთნის ან/და სტომატოლოგის სახელი და გვარი, პერიოდი (თვე), ვინც მას მკურნალობდა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა სამართლებრივმა შეფასებამ განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისისა და 20 ივლისისა განჩინებებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი).
საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის მოპასუხეების - ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს მათი მხრიდან მოსარჩელისთვის დანაშაულით მიყენებული ზიანის არსებობას. განაჩენით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში ლ. ბ-ემ და დ. ხ-ემ სხვა პირებთან ერთად სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდენენ ნ. კ-ეს და სხვა პატიმრებს. ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის მხრიდან ნ. კ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა დამცირებასა და იძულებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ქმედებების 2012 წლის გაზაფხულზე კვლავ ჩადენა დადასტურებულია იმავე განაჩენით, თუმცა სხვა ეპიზოდებში დ. ხ-ის მონაწილეობა არ დასტურდება.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოიხატა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ დამცირებასა და იძულებაში, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებებში და არაადამიანური მოპყრობაში, რასაც შედეგად მოჰყვა ძლიერი ფიზიკურ ტკივილი და მორალურ ტანჯვა. კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა - ლ. ბ-ემ და დ. ხ-ემ ნ. კ-ის მიმართ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, აღნიშნული ფაქტი კი მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ამდენად, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება ნ. კ-ის კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების ხელყოფა სასჯელაღსრულების/ პენიტენციურ დაწესებულებაში, ამავე დაწესებულების თანამშრომლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო პატიმრისთვის სათანადო პირობების შექმნა, მისი ღირსების უფლების დაცვა, რაც სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ნ. კ-ის მიმართ ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი სისხლის სამართლის საქმის განაჩენის არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ნ. კ-ესთან მიმართებაში სახელმწიფომ აღიარა მის მიმართ ძალადობის განხორციელება და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულს - განაჩენის გამოტანით და დამნაშავე პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებით შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის თანახმად, დაზარალებულ ნ. კ-ის იძულების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ადასტურებს უამრავი მოწმის ჩვენება, დაკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები. ამდენად, დადასტურებულია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობა და შესაბამისად, სასჯელაღსრულების ორგანოსა და მისი თანამშრომლების ქმედების უკანონობა, რაც ქმნის მოსარჩელისთვის მორალური ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პირის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ცალსახად იწვევს პირის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლებიდან გამომდინარე ასევე წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა დადგენილია საქმეში დაცული სისხლის სამართლის განაჩენით. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება ნ. კ-ის კონსტიტუციით გარანტირებული პატივისა და ღირსების ხელყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო პატიმრისთვის სათანადო პირობების შექმნა, მისი ღირსების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვა. მართებულია აგრეთვე სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოებები სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და იმ ფაქტებს, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, აღნიშნული ქმედებების ინტენსივობას, ბრალის ხარისხსა და სხვა გარემოებებს, რის გამოც ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რასაც შედეგად მოყვა ნ. კ-ის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდა გონივრულ ფარგლებში. ამასთან, საკასაციო პალატის მითითებით, საფუძველს მოკლებულია კასატორების - სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ. ბ-ის პრეტენზია მორალური ზიანის ანაზღაურების ორჯერ დაკისრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც განაჩენით დასტურდება დ. ხ-ის მონაწილეობა ნ. კ-ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მხოლოდ ერთ ეპიზოდში, მოპასუხეებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დ. ხ-ესა და ლ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2 500 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ეპიზოდების გათვალისწინებით პასუხისმგებლობა უნდა განესაზღვროთ ლ. ბ-ესა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ასევე 2 500 ლარის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ლ. ბ-ისა და დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე