საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-667(კს-21) 7 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი - ტ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
დავის საგანი - სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 23 მაისს ტ. ლ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 აპრილის №02/6804 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ №3-15-16 საქმეზე გამოტანილი 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2015 წლის 8 დეკემბერს №1806/02 ადმინისტრაციულ საჩივარზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ, აგრეთვე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლის თანახმად, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურს დაევალება ქ. რუსთავში ... მკ/რ, ...ი ...ის შენობაში ნ. მ-ისთვის, ლ. მ-ისთვის, ნ. ს-ისთვის, ტ. ლ-ისთვის, თ., ლ., ლა., მ. ლ-ებისთვის სოციალური საცხოვრისი თავშესაფრის მოწყობა და მათი სასადილოების მომსახურეობის პროგრამაში უფასო ჩართულობის უზრუნველყოფა. ამასთან, მოსარჩელემ ქ. რუსთავის მერიის 2003 წლის 14 აპრილის #40/კ განკარგულების გამოცემისთანავე არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება, სასამართლოს მიერ მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და მერიასთან მიმართებაში ტ. ლ-ის ქ. რუსთავის მერიასთან და ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობისა და შესაბამისად, ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის №49 და №75 დადგენილებებთან სამართლებრივ კავშირში არყოფნის აღიარება, აგრეთვე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრისათვის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალება 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ტ. ლ-ის 2017 წლის 17 მაისის განაცხადის დარეგისტრირება.
2017 წლის 26 ივნისს ტ. ლ-მა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორის - მ. ხ-ის მიერ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 16 მაისს შედგენილი ოქმის შეჩერება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ოქმის აღსრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით ტ. ლ-ის განცხადება მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2018 წლის 3 დეკემბერს ტ. ლ-მა სასამართლო სხდომაზე საქმეში, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ტ. ლ-ის შუამდგომლობა -განსახილველ დავაში ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის მესამე პირის ჩართვასთან დაკავშირებული მოთხოვნის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, 2021 წლის 31 მაისს აპელანტმა ტ. ლ-მა იშუამდგომლა საქმეში, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის - ტ. ლ-ის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, სახეზე არ იყო აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით ტ. ლ-ის შუამდგომლობა - განსახილველ დავაში ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის - ტ. ლ-ის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ტ. ლ-ის მიერ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. მისი განმარტებით, განსახილველ საქმეზე, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილე - ტ. ლ-ი წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ტ. ლ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ინსტიტუტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი საქმის ყოველმხრივ განხილვისათვის აუცილებელ მექანიზმს წარმოადგენს. ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმის პირობას იმ სამართალურთიერთობის მონაწილეობა წარმოადგენს, რომლის თაობაზედაც, სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი და არა დამოუკიდებელი მოთხოვნის არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლით, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა.
მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (მე-16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით (სუსგ 01.06.2022წ. Nბს-651(კს-21)).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შუამდგომლობს განსახილველ დავაში, მისი, როგორც ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, სასამართლო ვალდებულია, ჩართოს საქმის განხილვაში მესამე პირები მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს ქ. რუსთავის მერიის 2003 წლის 14 აპრილის №40/კ განკარგულების გამოცემისთანავე არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 აპრილის №02/6804 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ №3-15-16 საქმეზე გამოტანილი 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2015 წლის 8 დეკემბერს №1806/02 ადმინისტრაციულ საჩივარზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის თანახმად, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურს დაევალება ქ. რუსთავში ... მკ/რ, ...ი ...ის შენობაში ნ. მ-ისთვის, ლ. მ-ისთვის, ნ. ს-ისთვის, ტ. ლ-ისთვის, თ., ლ., ლა., მ. ლ-ებისთვის სოციალური საცხოვრისი თავშესაფრის მოწყობა და მათი, სასადილოების მომსახურეობის პროგრამაში უფასო ჩართულობის უზრუნველყოფა, ასევე, სასამართლოს მიერ მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და მერიასთან მიმართებაში ტ. ლ-ის ქ. რუსთავის მერიასთან და ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობისა და შესაბამისად, ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის №49 და №75 დადგენილებებთან სამართლებრივ კავშირში არყოფნის აღიარება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრისათვის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ტ. ლ-ის 2017 წლის 17 მაისის განაცხადის დარეგისტრირება დაევალება.
ამდენად, არც სადავო აქტი და არც ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართული ქმედების განხორციელების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ ეხება მოსარჩელის მიერ შუამდგომლობით გათვალისწინებულ სუბიექტს - ტ. ლ-ს, როგორც ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობა არ ეხება ორგანიზაციის რომელიმე თანამდებობის პირს. ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობაში, მესამე პირად იურიდიული პირის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმის შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსით ებმება თავად ის ორგანიზაცია, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ამ ორგანიზაციის რომელიმე თანამდებობის პირი. სადავოობის შემთხვევაში კი შუამდგომლობის ავტორმა უნდა წარადგინეს ის მტკიცებულებები, რომლითაც დაწესებულების იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი (ზუსტი დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და სხვ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას, სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალური სამართალურთიერთობის განვითარების არც ერთ ეტაპზე ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილეს სადავო საკითხთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია და აღნიშნული სუბიექტი ვერ მოიაზრება სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ, დავაში მისი მესამე პირად ჩართვა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოირიცხება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე