საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-696(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
2020 წლის 23 მარტს მ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2725 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ...ის ...ში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (839.0 კვ.მ.) მ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2725 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. გ-ის მოთხოვნასთან მიმართებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მ. გ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის, კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე, თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით წარმოდგენილი განცხადებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომლის შესახებ კომისიას ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი. კასატორი განმარტავს, რომ კომისიის მიერ საკითხის ხელახალი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, კერძოდ, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელსაყრელი იქნება განმცხადებლისათვის.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ არ იზიარებს მ. გ-ის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რადგან შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობისა და მისი მახასიათებლების შესწავლა განხორციელდა ლაბორატორიული ანალიზის გარეშე, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და კონსტრუქციული ელემენტების განლაგების საფუძველზე. ამდენად, სპეციალური საექსპერტო კვლევის მეთოდების გამოყენების გარეშე იმ შენობის ხანდაზმულობისა და დადგენა, რომ ნაგებობა არ არის დროებითი ხასიათის და წარმოადგენს კაპიტალურ შენობას, შეუძლებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. გ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ხსენებული კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ)ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მაისს მ. გ-ემ №19/01181421781-55 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, №1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 839 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 თებერვლის №223 განკარგულებით, მ. გ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, №1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 839 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა №1 2005 წლის და 2010 წლების აეროფოტოგადაღებებზე არ ფიქსირდებოდა, ხოლო წარდგენილი ფოტოსურათებით დასტურდებოდა, რომ შენობა №2 იყო დროებითი ნაგებობა. ასევე, კომისიამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად - სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ.
2019 წლის 18 აპრილს მ. გ-ემ №19/01191081545-55 განცხადებით განმეორებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, №1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 839 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. საქმის მასალებით აგრეთვე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის განმეორებით მიმართვისას, მ. გ-ემ განცხადებას დაურთო ახალი მტკიცებულება, შპს „...ის“ 2019 წლის 14 აპრილის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №1-ის მიმდებარედ (მიწის ნაკვეთის ფართობი 839 კვ.მ) განთავსებულია ორი კაპიტალური ნაგებობა, რომელიც აშენებულია აგურისა და ბლოკისგან. საძირკველი რკინა-ბეტონის ლენტური ტიპისაა, გადახურვები მოწყობილია ხის კოჭებით, აქედან ერთ ნაგებობას გააჩნია მეორე სართული, რომელიც მოწყობილია ხის კოჭებითა და ფიცრებით. შესწავლის შედეგად საყრდენ კოჭებზე და მზიდ კედლებზე აღინიშნება ჯდენითი პროცესებისა და ზედაპირული ცვეთის ნიშნების კვალი. ამასთან, აეროგადაღებულ სურათზე წარმოდგენილი ნაგებობები ხვდება მრავალწლიანი ხე-ნარგავების ქვეშ, რის გამოც ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით ძნელად ხილვადია. კონსტრუქციული მდგომარეობის მიხედვით, აღნიშნული შენობის ელემენტების მდგომარეობა ადასტურებს შენობის აშენებას 90-იან წლებში. ამავე საექსპერტო დასკვნის დასკვნითი ნაწილით დადგენილია სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობა 2007 წლამდე.
მიუხედავად ახალი მტკიცებულების წარდგენისა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2725 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო მ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების (2019 წლის 11 თებერვლის №223 განკარგულება) მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის პირობებს. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, ფოტოსურათებს, ასევე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს და აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს და საჭიროებს სათანადო შესწავლას. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახლა გადაგზავნილ განცხადებას მოსარჩელემ დაურთო მტკიცებულება საექსპერტო დასკვნის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, მოცემულ მტკიცებულებას შეეძლო განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება, კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები კაპიტალური ტიპის შენობებია და აშენებულია 2007 წლამდე (მიწის კანონის ამოქმედებამდე). შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა საკითხის შეფასების გარეშე მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს და გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის გამოკვეთილი, კონკრეტულად, რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ დასაბუთებულა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო პალატა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე დაყრდნობით დამატებით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს დაინტერესებულ პირთა მოწვევისა და მათი ინტერესების გარკვევის შესაძლებლობა, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, გამოიკვლიოს დაინტერესებულ პირთა ინტერესები, შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა და დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა/ნაგებობები მიიჩნევა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის გათვალისწინებულ შენობად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე