Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-756(2კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ზ. ა-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ა-ამ 2019 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ და მოითხოვა: 1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ - საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 სხდომის ოქმის ზ. ა-ას მიმართ სწავლის საფასურისა (25 056 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯის (24 476 აშშ დოლარი) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა; 2. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ - საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა; 3. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ა-ას მიმართ სწავლის საფასურისა (25 056 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯის (24 476 აშშ დოლარი) დაფინანსების ნაწილში; 4. მოპასუხის დავალდებულება, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანების მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეიმუშავოს და დაამტკიცოს კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეფასების კრიტერიუმები/ფორმები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ - საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 სხდომის ოქმი ზ. ა-ას მიმართ სწავლის საფასურისა (25 056 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯის (24 476 აშშ დოლარი) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ზ. ა-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულებაზე“, რომლის მიხედვით, ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით და ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. ამასთან, „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილების მიხედვით, ცენტრის მიერ გრანტის გაცემის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით კი, გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კასატორი მიუთითებს, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესები ზურაბ ახალიასთვის, ისევე როგორც თითოეული დაინტერესებული პირისთვის, წინასწარ იყო ცნობილი.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე მონაწილეობდა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ კონკურსში. წარდგენილი ელექტრონული განაცხადის და შემდგომ ჩატარებული გასაუბრების შეფასება მოხდა საკონკურსო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, თუმცა ზ. ა-ას მიერ დაგროვილი საკონკურსო ქულა - 56.3, არ აღმოჩნდა საკმარისი დაფინანსების მისაღებად, ვინაიდან საკონკურსო კომისიამ 2019 წლის 24 ივნისის სხდომის №10 ოქმით დაადგინა, რომ გამარჯვებულებად გამოვლენილიყვნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც დააგროვეს შეფასება 65 ქულა და მეტი. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საკონკურსო კომისიამ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული ყველა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტი შეფასდა თითოეულ კომპონენტში, რასაც ცხადყოფს მოსარჩელის დეტალური შეფასების ფურცელიც (ამონაწერი ელექტრონული სისტემიდან). გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს დაშვებული ისეთი სახის შეცდომა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის მხრიდან მიღებული შეფასებით უკმაყოფილება კი, არ შეიძლება გამხდარიყო სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა უფლებამოსილი და ვალდებულია, შეამოწმოს დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება და დაასაბუთოს, რატომ არის დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არამართლზომიერი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ მომხდარა. მოცემულ შემთხვევაში კომისია მოქმედებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გამორიცხავდა კანონის დარღვევის და შესაბამისად, სადავო აქტის ბათილობის საფუძვლის არსებობასაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად არ არის არგუმენტირებული და დასაბუთებული, რაც წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება შეგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აგრეთვე ზ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა შეიმუშავა კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და არასწორად აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში არსებით პრობლემას წარმოადგენდა არა კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებში სიცხადის არარსებობა, არამედ საკონკურსო კომისიის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანად დასაბუთების ვალდებულებისაგან თავის არიდება. კასატორის მოსაზრებით კი, სწორედ კრიტერიუმების სიცხადის არარსებობა და ბუნდოვანება არის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი, რადგან კონკურსანტთა შეფასება ხდება სუბიექტურად, თითოეული კომისიის წევრის პირადი ინტერესის მიხედვით.
კასატორის მოსაზრებით, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია გადაწყვეტილება ემყარებოდეს წინასწარგანსაზღვრულ, შეძლებისდაგვარად ობიექტურ და გადამოწმებულ კრიტერიუმებს. ასეთ პირობებში შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა. აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს არა მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, არამედ - ობიექტური და წინასწარგანსაზღვრული, გადამოწმებას დაქვემდებარებული კრიტერიუმები, აგრეთვე თითოეული კრიტერიუმის შეფასების წესი. მოცემულ შემთხვევაში კი, კონკურსანტის შეფასების წესის ობიექტური, მკაფიო, გადამოწმებადი პარამეტრების დაუდგენლობა სცილდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, რაც იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მიერ მისაღები გადაწყვეტილების სამართლიანობასა და ადმინისტრაციული ორგანოსადმი ნდობას. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 და 27 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი და ზ. ა-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი და ზ. ა-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო და შეგებებულ საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელე ზ. ა-ას მიმართ სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ - კონკურსის მე-3 ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და კონკურსანტთა შეფასების მიზნით დამტკიცებული შეფასების ფორმების დამტკიცების თაობაზე ჩატარებული სხდომის ოქმის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე:
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის №6-19 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“, რომლის №1 დანართის მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის სამიზნე ჯგუფი არიან: საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სოციალური ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე, კერძოდ, პირი, რომელიც: 1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 2. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა 2019-2020 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/ სპეციალობები, მათ შორის, მენეჯმენტი.
ამავე დანართით ასევე განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას განახორციელებდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელექტრონული განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ - 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას - მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ - საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №1 ოქმით კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომელიც მოიცავდა კონკურსის მე-2 (ხარისხობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება, 2. გამოცდილება (სასაწვლო/სამუშაო), 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება და გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო), 2. მოტივაცია და არგუმენტაცია, 3. პრეზენტაბელურობა, 4. სამომავლო გეგმები, 5. სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა). აღნიშნულ ეტაპზე კომპონენტების შეფასება ხდება ქულებით 1-დან-10-მდე, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
მოსარჩელე ზ. ა-ა მონაწილეობდა ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში, მენეჯმენტის მიმართულებით და კონკურსში მონაწილეობის მიზნით, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ელექტრონულ მისამართზე წარდგენილი ჰქონდა ელექტრონული განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადალახა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები, რაც გულისხმობდა როგორც ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ასევე, ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას და გადავიდა კონკურსის მე-3 (გასაუბრება) ეტაპზე.
კომისიის წევრებმა განახორციელეს ზ. ა-ასთან გასაუბრება და იგი შეაფასეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, შეფასების თითოეულ კრიტერიუმში კონკრეტული ქულით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კონკურსის მე-2 ეტაპზე ზ. ა-ამ მიიღო 34,9 ქულა, ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) - 21.4 ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 56.3 ქულით. შედეგად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ზ. ა-ას აცნობა, რომ მან ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ - კონკურსის მესამე ეტაპი, ვინაიდან კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ კონკურსანტები, რომლებმაც დააგროვეს შეფასება 65 ქულა და მეტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას არსებითად ამყარებს იმ გარემოებებზე, რომ მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე კომისიის წევრებს ზ. ა-ასთვის კითხვები არ დაუსვამთ, მან მხოლოდ თავი წარუდგინა კომისიას, აღნიშნა სად ჩააბარა, რაზე სწავლობს და მიუთითა მოთხოვნილი თანხის ოდენობა, რის შემდგომაც მის მიმართ გასაუბრება ფაქტობრივად დასრულდა და მან დატოვა კომისია. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ოქმი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რატომ მოხდა გასაუბრების ეტაპზე ზ. ა-ას შეფასება 21.4 ქულით, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. საქმე №ბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. საქმე №ბს-342-331 (კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი (იხ. სუსგ 07/03/2019 საქმე №ბს-797(კ-18)). განსახილველ შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი №10 (გასაჩივრებულ ნაწილში) არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას მოსარჩელესთან გასაუბრების შედეგების თაობაზე. ოქმში მითითებულია მხოლოდ ზ. ა-ას მიერ მიღებული ქულა, ხოლო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ აღნიშნული ქულის მიღებას, ოქმში ასახული არ არის. აღნიშნული ინფორმაცია ასევე არ არის ასახული საქმის მასალებში დაცულ საკონკურსო კომისიის 2019 წლის 20 ივნისს, კონკურსანტებთან გასაუბრების ამსახველ ოქმშიც. ოქმი ასახავს მხოლოდ გასაუბრების ჩატარების ფაქტს, ზ. ა-ას მიერ გასაუბრების ეტაპზე მიღებულ ქულას და არა დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების შინაარსსა თუ ფორმულირებას. მართალია, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, რატომ იქნა შეფასებული კონკურსანტი ამა თუ იმ ქულით ან რამდენად მიზანშეწონილია კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამეთუ აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული, თუმცა პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი მიხედულებით, ისე რომ არ დაასაბუთოს მის მიერ მისაღები ორი ან მეტი შესაძლებლობიდან რატომ მინიჭა უპირატესობა ერთს და რატომ გამორიცხა სხვა ალტერნატიულ შედეგის მართებულობა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობას.
ამრიგად, ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დგინდება და გაურკვეველია იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებსაც გასაუბრების ეტაპზე მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის კონკრეტული ქულის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასაბუთება აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში ზ. ა-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესახებ, რამეთუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებას, კერძოდ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობას, რომლითაც კონკურსანტთა შერჩევის მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები/ფორმები, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების კრიტერიუმებს/ფორმებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად. კერძოდ, დანართი №2 მოიცავდა კონკურსის მე-2 (ხარისხობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება; 2. გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო); მოტივაცია; 4. სამომავლო გეგმები; 5. განაცხადის საერთო სიძლიერე) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება და გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო); 2. მოტივაცია და არგუმენტაცია; 3. პრეზენტაბელურობა; 4. სამომავლო გეგმები; 5. სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა). ამდენად, ცალსახაა, რომ საკონკურსო კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №1 სხდომის ოქმით დამტკიცდა კონკურსანტთა შეფასების ფორმები, შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მითითებით, რაც პირდაპირ არის აღნიშნული ოქმის დანართ №2-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 18 აპრილის №1 სხდომის ოქმით არ არის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი და ზ. ა-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება;
3. ნ. თ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. ა-ას შეგებებულ საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 25 ოქტომბერს №1 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე