საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-860(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ც-ემ 2017 წლის 3 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოსარჩელის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის №MOD 81700000132 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ც-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ლ. ც-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ რეორგანიზაციას, მართალია, მოჰყვა შტატების შემცირება - მთავარი სპეციალისტის თანამდებობა 5 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 3 ერთეულამდე, თუმცა შტატების შემცირების შემთხვევაშიც კი, სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა მოსამსახურეთა გამოცდილება, კომპეტენტურობა, პროფესიული უნარ-ჩვევები და ა. შ., რომლის გათვალისწინებითაც მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება თანამშრომლების ნაწილის თანამდებობაზე დატოვების, ხოლო ნაწილის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია მაშინ, როცა მოსარჩელეს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნდა და წახალისებულიც იყო კეთილსინდისიერი მუშაობისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა უკანონოდ. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ სადავო ბრძანება არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას გათვალისწინებული არ იქნა „ევროპის სოციალური ქარტიის“ მოთხოვნები, რომელიც დასაქმებულს უქმნის გარკვეულ სამართლებრივ გარანტიებს, რათა არ განხორციელდეს მისი დაუსაბუთებელი გათავისუფლება სამუშაოდან. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 601, 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი, ასევე, უგულვებელყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის №ბს-683-675(2კ-5) გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. ც-ის სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების საფუძვლით, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის კანონიერების შეფასება. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს.
დასახელებული კანონის 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქციის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონის (2015წ.) 110-ე მუხლი ასევე ადგენს, რომ მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის № 583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ლ. ც-ის „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ ბრძანების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებში დამტკიცებული იყო შტატები და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელები, მათ შორის, ... ...ის დეპარტამენტის შტატი №... (დანართი №5) და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელი (დანართი №6). დანართი №5 ითვალისწინებდა ... ...ის დეპარტამენტში 103 საშტატო ერთეულს, მათ შორის, ოფიცერს - 51 ერთეულს, სერჟანტს - 7 ერთეულს, კაპრალ-სპეციალისტს - 14 ერთეულს, სამოქალაქო პირს - 31 ერთეულს. ამავე დანართით დგინდება, რომ ... ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილება ითვალისწინებდა მთავარი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეულს, წოდებით „სამოქალაქო პირი“. რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, ... ...ის დეპარტამენტში ... ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული შემცირდა 3 ერთეულამდე. ამდენად, უტყუარად დგინდება რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება, რაც ქმნიდა ლ. ც-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკმარის საფუძველს. სწორედ ამიტომ, მითითებული შტატის შემცირების გამო 2017 წლის 11 იანვარიდან მოსარჩელე გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, საიდანაც შემდგომ გათავისუფლდა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-683-675(2კ-15)), რომლითაც საშტატო ერთეული გაუქმებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. განსახილველ შემთხვევაში კი არსებული ვითარება სხვაგვარია, ვინაიდან დავის საგანია არა „ლ. ც-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის №MOD 4 17 00003720 ბრძანების კანონიერება, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია, არამედ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ ბრძანების კანონიერების შეფასება, რომლის გამოცემისთვის საკმარისია დაწესებულებაში რეორგანიზაციის გამოცხადება შტატების შემცირებით. ამდენად, კასატორის მითითება დადგენილ პრაქტიკაზე, ამ შემთხვევაში არარელევანტურია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-131 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მოქმედი რედაქციის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან. ამრიგად, საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე აღდგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც დასტურდება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების უკანონობა. ამასთანავე, მოხელისათვის განაცდურის ანაზღაურება დამოკიდებულია სამსახურში აღდგენაზე. ვინაიდან კანონმდებლობა მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა სამსახურში მოსარჩელის აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე