Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1098(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-მა 2020 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად, ამავე სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2667/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მ. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2667/ო ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი№1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელშიც მითითებულია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, რომელთაც უშუალოდ თვითონ დევნილმა ან მისი ოჯახის წევრმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისგან, რომელთაც არა აქვთ და არ ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა. შესაბამისად, მოსარჩელის საკითხი დასახელებული ნორმატიული აქტის მიხედვით, განხილულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე.

კასატორის მითითებით, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიკვლიეს ის გარემოება, ცხოვრობდა თუ არა მოსარჩელე ნგრევად ობიექტში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში, შპს „...ის“ (...ი) შენობაში. აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე იმყოფებოდა ლენტეხის რაიონში, სოფელ ...ში, მეუღლის მამაპაპისეულ სახლში. დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2020 წლის 7 ოქტომბერს მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა ლენტეხის რაიონში, სოფელ ...ში მ. ბ-ის მეუღლის - ა. გ-ის სახლში, რომლის განმარტებით, მისი მეუღლე გასული იყო მაღაზიაში, ხოლო, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ადგილზე მისული იყო დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახური თქვა, რომ იგი განქორწინებულია მ. ბ-თან, რომელიც შვილთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, შპს „...ის“ (...ი) შენობაში. ადგილობრივების განმარტებით კი, მ. ბ-ი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ამრიგად, სააგენტოს მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მ. ბ-ი არ იყო ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე შპს „...ის“ (...ი) ფაქტობრივი მაცხოვრებელი, რაც დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი აღწერის ოქმის მიხედვით.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მ. ბ-ის სახელზე ფიქსირდება საკუთრება, მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ...ის №98, ბინა №4, რომელიც მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2002 წელს, 2016 წელს გაასხვისა ა. კ-ზე და შემდეგ ამავე ბინაში ცხოვრობდა ქირით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ბ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია იმერეთი, ქუთაისი, ...ის ქ. №1-ში მდებარე სს „...ი“ (... „...ი“ 1993 წლიდან), რომელიც წარმოადგენს ნგრევად შენობას. მ. ბ-ის ოჯახს კი უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავო შენობაში არ ცხოვრებდა.

საკასაციო პალატა, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლისას ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას, რომ მის მიერ 2020 წლის 30 ივნისს, აღწერის ფორმის შევსებისას, მ. ბ-ი და მისი არასრულწლოვანი შვილი - გ. გ-ე (დაბ. ... წელს) არ დახვდნენ სახლში და იმყოფებოდნენ ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში (დამატებითი ინფორმაცია: ოჯახის ფართი შემოსაზღვრული აქვს 1993 წლიდან, ინფორმაცია მოგვაწოდა მაცხოვრებლებმა, ბინის დასურათება ვერ მოხერხდა), რაც გამორიცხავს მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრებას. საკასაციო პალატის მითითებით კი, დასახელებული გარემოება უტყუარად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დევნილი ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის (თარიღი 07.10.2020, ადგილმდებარეობა: ლენტეხის რ-ნი, სოფ. ...ი) მიხედვით, ა. გ-ემ დაადასტურა, რომ მისი შვილი გ. გ-ე დედასთან, მ. ბ-თან ერთად ცხოვრობს ქუთაისში და მ. ბ-თან ქორწინებაში არ იმყოფება.ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღწერის ფორმის შედგენისას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხის შემცველ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახი (მ. ბ-ი, მისი არასრულწლოვანი შვილი - გ. გ-ე) 2020 წლის 30 ივნისს (ზაფხულის არდადეგების პერიოდი) არ დახვდა სახლში სოფელში ყოფნის გამო, არ ქმნის მოსარჩელე დევნილი ოჯახის გრგრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, ხოლო საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის სათანადო დოკუმენტები, რომლებიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს უარყოფდა ან გააქარწყლებდა. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრებით, აგრეთვე ქუთაისის №... საჯარო სკოლის ცნობით დასტურდება დევნილი ოჯახის ქალაქ ქუთაისში, რეგისტრაციის მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე