Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1218(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ა-ამ 2019 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მესამე პირების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, ამავე კომისიის 2019 წლის 15 აპრილის №51 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე აბაშის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე, 143 კვ.მ. უძრავ ქონებაზე მოპასუხისთვის მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, დ. ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აბაშის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 143 კვ.მ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან დაფიქსირებული ზედდების გამო, სააგენტომ აბაშის მერიისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია უძრავი ნივთის შესახებ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 15 აპრილის №51 განკარგულებით სადავო ქონებაზე არ იქნა აღიარებული მოსარჩელის საკუთრების უფლება და უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი უძრავი ნივთი აშენებული იყო კოოპერატივ „...ს“ მიერ, ხოლო კოოპერატივს ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაშვებული ჰქონდა, რითაც დაკარგა ამ ქონებაზე უფლება.

მოსარჩელის მოსაზრებით, კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან კომისიამ იმსჯელა სადავო ქონებაზე კოოპერატივ „...ს“ საკუთრების უფლების აღიარების მიზანშეწონილობაზე და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო. კომისიას არ შეუსწავლია მისი, როგორც ფიზიკური პირის მოთხოვნის საფუძვლიანობა, არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, რის გამოც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მათი სათანადოდ შეფასების გარეშე.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით დ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 143 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დ. ა-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 15 აპრილის №51 განკარგულება და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, დ. ა-ას განცხადებაზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის მითითებით, აღიარების კომისიამ მოსარჩელის განცხადება მიიჩნია კოოპერატივ „...სთვის“, როგორც იურიდიული პირისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებად მაშინ, როცა ის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც ფიზიკური პირი. მართალია, მოსარჩელე თავის დროზე ირიცხებოდა ხსენებული კოოპერატივის წევრად, თუმცა იმის გამო, რომ 1998 წელს კოოპერატივი დაიშალა, მას არ გაუვლია ავალდებულო რეგისტრაცია 2007-2012 წლებში. შესაბამისად, სადავო მიწაზე აღმართული შენობა დარჩა ექსპლოატაციის გარეშე. ბუნებრივი მოვლენების გამო კი, მან დაკარგა კონსტრუქციულად მდგრადი შენობის სახე და ფუნქცია. ვინაიდან, მოსარჩელე ცხოვრობდა მახლობლად, სადაც მამაპაპისეული სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ჰქონდა, შეუდგა აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობის ფლობა-გამოყენებას, რის გამოც ის გახდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლე. აღნიშნული გარემოებები კი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია.

კასატორის მოსაზრებით, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლოებში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად,მის მიერ წარდგენილი იყო ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს მქნიდნენ. კერძოდ, თვითნებურად დაკავებისა და ფლობის დამადასტურებელი სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, ფოტოსურათები და ორთოფოტოები, ხოლო აღნიშნული მტკიცებულებების გასაბათილებელი და სადავო განკარგულების საფუძვლად მითითებული დასკვნების განმაპირობებელი გარემოებებისა და მტკიცებულებების წარდგენა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი ითხოვს სადავო განკარგულების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით დ. ა-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. ა-ასთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს და საკითხი არ ეხება მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, ამასთანავე, უნდა დაადასტუროს, რომ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ამასთან, გარდა იმისა, რომ დასახელებული კანონი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათი დანიშნულების, მდებარეობისა თუ სტატუსის გათვალისწინებით, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. იმავე ნორმის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას. საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს როგორც ზემოაღნიშნული კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას. ნიშანდობლივია, რომ საკუთრების უფლების აღიარებისას (გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა) კანონმდებელი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ამავე მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის მიერ შენობის განთავსებას, ითვალისწინებს შენობის სახესა და მდგომარეობას. შესაბამისად, განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ, ერთი მხრივ, ფლობს მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე მხრივ, განთავსებული აქვს შენობა. თუკი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არა განმცხადებლის, არამედ სახელმწიფოს შენობა-ნაგებობა, ბუნებრივია, ასეთ მიწის ნაკვეთზე ფიზიკურ პირს საკუთრების უფლების აღიარებიდან გამომდინარე სამართლებრივი პრეტენზიაც ვერ ექნება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების განხილვისას, შეისწავლა სადავო მიწის ნაკვეთი ექვემდებარებოდა თუ არა აღიარებას და მოსარჩელეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი უძრავი ნივთი აშენებული იყო კოოპერატივ „...ს“ მიერ, ხოლო კოოპერატივს ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაშვებული ჰქონდა, რითაც დაკარგა ამ ქონებაზე უფლება. გარდა ამისა, საქმეზე დადასტურებული გარემოებებით იკვეთება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით, საკითხის განხილვის დროს სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ა-ა ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას აბაშის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 143 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა. დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთი და დასახელებული შენობა რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე.

საქმეზე დადგენილია, რომ აბაშის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 2 სექტემბრის №52 განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ კოოპერატივ „...ს“ სოფ. ...ას შესასვლელთან აბაშის რაიონის სოფელ ...ის მეურნეობის ტერიტორიიდან გამოეყო 0.01 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე წლის 27 სექტემბრის თარიღით დამტკიცებულ იქნა სოფ. ...ის ტერიტორიაზე კოოპერატივ „...ს“ შენობის აშენების ხარჯთაღრიცხვა. აღიარების კომისიის ახსნა-განმარტებით, შენობა-ნაგებობა აშენებულია კოოპერატივ „...ს“ მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში. იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის არქივში დაცული არ არის კოოპერატივ „...ს“ ხელახალი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ელექტრონული მონაცემების თანახმად ასეთი სახელწოდებით იურიდიული პირი არ იძებნება. ამდენად, დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად,1996 წლის 1 სექტემბრამდე კოოპერატივ ,,...ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურისადმი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 24 ივნისის №2-16/400 მიმართვით და მასთან ერთად წარდგენილი დანართით დადგენილია, რომ ადრესატს ეთხოვა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციაში გაეტარებინა წერილის დანართში ჩამოთვლილი უძრავი ქონება, მათ შორის, …ის შენობა ...ა-...ს გზაზე. საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 20 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (უფლების რეგისტრაციის თარიღი 02.07 2010 წელი) დადგენილია, რომ აბაშის რაიონის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით - 558.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 93.89 კვ.მ., რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 24 ივნისის №2-16/400 მიმართვა.

დ. ა-ამ სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 143 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რა დროსაც სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება (მესაკუთრე სახელმწიფო). საბოლოოდ, დ. ა-ას მიერ წარმოდგენილი და დამატებით რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მასვე დ. ა-ას მიერ წარედგინა კოოპერატივ „...ს“ დოკუმენტაცია და ფიზიკურ პირთა - გ. ს-ის, მ. გ-ას და გ. გ-ას ნოტარიალურად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ კოოპერატივ „...ს“ წევრი დ. ა-ა 1991 წლიდან განცხადების შედგენის დღემდე (განცხადების შედგენის დღე - 13.03.2019წ) ფლობს და განკარგავს სადავო მიწის ნაკვეთს და არასაცხოვრებელ ფართს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 15 აპრილის №51 განკარგულებით კი, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და დ. ა-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი უძრავი ნივთი აშენებული იყო კოოპერატივ „...ს“ მიერ, ხოლო კოოპერატივს ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაშვებული ჰქონდა, რითაც დაკარგა ამ ქონებაზე უფლება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ უფლებაასაღიარებელ უძრავ ნივთზე არ დასტურდება დ. ა-ას მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. წარმოდგენილი უძრავი ქონების ამსახველი ფოტოსურათების თანახმად, შენობა, რომელზედაც საკუთრების უფლების მოპოვება სურს დ. ა-ას, არის ავარიულ მდგომარეობაში, მას გარედან თითქმის სრულად ჩამოშლილი აქვს კედლები, ჩამსხვრეული აქვს ფანჯრები, არ აქვს არც ჭერი და არც სახურავი, შენობის 4 კედლის შიგნით ამოსულია სხვადასხვა მცენარე, ასევე მოზრდილი ხეებიც, რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ცხადჰყოფს, რომ შენობას არ ეტყობა არანაირი მოვლა - პატრონობის კვალი და ამდენად, არ დგინდება დ. ა-ას მიერ შენობის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, მართებულია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დ. ა-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კოოპერატივ „...სთვის“ სარგებლობის უფლებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და მასზე კოოპერატივის სახსრებით აგებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით - 25 ..., სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. ამრიგად, მხარის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად, რამდენადაც დადასტურებულია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. დ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. რ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 10 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით დ. ა-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე