ბს-431(კ-22) 30 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-ამ 18.02.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-83/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელე ი. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2021წ. გადაწყვეტილებით ი. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-83/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ი. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი (მოპასუხე) წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. №03-83/ო ბრძანებით ი. გ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო პალატამ სზაკ-ის 53.5, 96-ე, 97-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კერძო ინტერესის საზიანოდ. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე ი. გ-ას საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად. საქმეში წარმოდგენილი „...„ ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ ზუგდიდში, ...ის შესახ. ..., ბინა N9-ში აბონენტად რეგისტრირებულია ი. გ-ა, რომელსაც 2019 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის იანვრის ჩავთლით გახარჯული აქვს სხვადასხვა ოდენობით ელექტრო ენერგია. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ი. გ-ა ამომრჩევლად რეგისტრირებულია ზუგდიდში, ...ის ქუჩა №79-ში. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა (მოპასუხე) ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულებელყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ი. გ-ა არ წარმოადგენს ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ორჯერ იმყოფებოდნენ მისამართზე, თუმცა მოსარჩელე არცერთხელ მისამართზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურის მიერ ვერ მოხერხდა დევნილი ოჯახის რეალურად ნგრევად ობიექტში ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება. ამასთან, სააგენტოს მიერ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას მოწმდება დევნილი ოჯახების ფაქტობრივად კონკრეტულ ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი და სააგენტო არ არის ვალდებული ჩაატაროს სამძებრო ღონისძიებები და დაადგინოს ის თუ სად იმყოფება დევნილი ოჯახი. კასატორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის, ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას დევნილი ოჯახის ნგრევად საშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება წარმოადგენს. ამდენად, კასატორის მითითებით ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა და სადავო აქტი მიიღო კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე ი. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... „...ის“ შენობა. ზემოაღნიშნული მისამართი ფიქსირდება ასევე ი. გ-ას საცხოვრებელ ადგილად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სოციალურ სამსახურს მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები შემოწმებული აქვს აღნიშნულ მისამართზე, მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა და დანიშნული აქვს შემწეობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. №77 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები, აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ზუგდიდი, ...ის ქ. ... („...ის“ შენობა). ამავე ოქმის მიხედვით, ი. გ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-83/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), ი. გ-ას უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას ი. გ-ა ადგილზე არ დახვდათ, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლდეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. საქმის მასალებში დაცული სს „...ას“ მიერ 16.02.2021წ. გაცემული სააბონენტო ბარათიდან ამონაწერის შესაბამისად, აბონენტს ი. გ-ას ზუგდიდში, ...ის ქ. ..., ბინა N9-ში 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ი. გ-ა ამომრჩევლად რეგისტრირებულია ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (...ა). ასევე საქმეში დაცულია ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში მცხოვრებთა ნოტარიულად დამოწმებული 15.12.2020წ. განცხადება, რომლებიც ადასტურებენ ი. გ-ას აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს 2003 წლიდან. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიას ი. გ-ა ვერ დახვდა ადგილზე, ვინაიდან იგი წალენჯიხაში იმყოფებოდა, საიდანაც იმავე დღეს დაბრუნდა სახლში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. გ-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით სადავო გადაწყვეტილების უარის თქმის საფუძვლად, ზემოაღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე მითითება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ი. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. საქმის მასალებით დასაბუთებული არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში, „...ის“ შენობაში. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ობიექტი არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი და/ან საცხოვრებლად უვარგისი ფართი, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი