Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-774(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილი განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. გ-ამ 2019 წლის 18 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო მიმართ და მოითხოვა ,,ნ. გ-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 ოქტომბრის №01-498/კ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ნ. გ-ას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში ტოლფას ან მისი არ არსებობის შემთხვევაში, სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ნ. გ-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 ოქტომბრის №01-498/კ ბრძანება. მოპასუხე მხარეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. გ-ას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში ტოლფას ან მისი არ არსებობის შემთხვევაში, სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, ასევე ნ. გ-ას მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არ შემცირებულა, ვინაიდან რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი და მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სამმართველო რეორგანიზაციის შემდეგ სრულად იქნა გაუქმებული. ახალი სტრუქტურული ერთეულის - ...ის დეპარტამენტის ჩამოყალიბებამ კი გამოიწვია იქ არსებული შტატების გაუქმება. აღნიშნული რეორგანიზაცია ემსახურებოდა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას, ადგილი არ ჰქონდა მხოლოდ საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლას ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. გ-ა დასაქმებული იყო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში, რომელიც სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული იქნა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტიდან შტატი ტრანსფორმირდა ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა შტატების ტრანსფორმირებას ერთი დეპარტამენტიდან მეორე დეპარტამენტში, ვინაიდან რეორგანიზაციამდე არსებული ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი შედგებოდა ოთხი სამმართველოსგან, მათ შორის, იყო ...ის სამმართველო, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილ ახალ სტრუქტურულ ერთეულში განისაზღვრა 5 სამმართველო სამინისტროს შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.

კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ სამმართველოში, სადაც სადავო გადაწყვეტილებით სასამართლომ აღადგინა მოსარჩელე, ძველი სამმართველოდან რეორგანიზაციის შემდგომ დასაქმდა მხოლოდ რეორგანიზაციამდე არსებული ...ის სამმართველოს ხელმძღვანელი. ამდენად, არასწორი იყო რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურული ერთეულისა და რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი დეპარტამენტის ერთმანეთთან შედარება, ვინაიდან ჩამოყალიბდა სრულიად ახალი სტრუქტურული ერთეული და თავისი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის ფარგლების გათვალისწინებით, იგი არ იყო ძველის იდენტური. ამდენად, მსჯელობა რომ მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები ადმინისტრაციული აქტით არ არის დადგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად დასტურდება რეორგანიზაციის განხორციელებისა და მის შედეგად, შტატების გაუქმების/შემცირების ფაქტი, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული სადავო ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში აყვანას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, თან სდევდა შტატების შემცირება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენი მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-449-442 (კ-15)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს. ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციებისა და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად სახელმწიფო პასუხისმგებლობის გაუქმებას. ამასთანავე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, რეორგანიზაციის ფაქტი თავისთავად არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.

საქმეში დაცული მტკიცებულებებითა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ნ. გ-ა 2014 წლიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივნისის №01-237/ო ბრძანებით სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაცია. სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელებულიყო სამმინისტროს ახალი სტრუქტურის მიღება, აგრეთვე საშტატო ერთეულის გადაადგილება ან/და შემცირება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 02 დეკემბრის №01-387/ო ბრძანებით ჩამოყალიბდა და დამტკიცდა სამინისტროს 2019 წლის საშტატო ერთეულების რიცხოვნობა, სტრუქტურა, მოხელის თანამდებობათა იერარქია და თანანმდებობრივი სარგოების მოცულობა დანართის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, რომელშიც შედიოდა ...ის სამმართველო, სადაც დასაქმებული იყო ნ. გ-ა და აღნიშნულის შედეგად წარმოიქმნა ...ის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს ხუთ სამმართველოს, მათ შორის ...ის სამმართველოს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ის დეპარტამენტს, ...ის ყოფილი დეპარტამენტის ფუნქციებთან ერთად, დაემატა ფუნქციები ასევე სხვა მიმართულებით და ამისათვის შეიქმნა 5 სამმართველო, მათ შორის ...ის სამმართველო, რომელიც არსებითად იმავე ფუნქციებს ახორციელებს, რასაც მანამდე არსებული ...ის სამმართველო ახორციელებდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია ცალკეული სტრუქტურული ერთეულის თუ მოხელის მიერ შესასრულებელი კონკრეტული ფუნქციები და სამსახურის ამოცანები, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია სრულად გადაეცა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომელთა თანახმად რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ის დეპარტამენტს ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი დეპარტამენტის ფუნქციებთან ერთად, დაემატა გარკვეული ფუნქციები ასევე სხვა მიმართულებითაც, რის გამოც ნაცვლად ოთხისა მის შემადგენლობაში განისაზღვრა 5 სამმართველო, ამავდროულად მათ შორის მითითებული ერთ-ერთი სამმართველო, კერძოდ, ...ის სამმართველო იმავე ფუნქციებს ახორციელებს, რასაც მანამდე ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში არსებული ...ის სამმართველო ახორციელებდა.

ამდენად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ნ. გ-ა დათხოვნილი იქნა სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელიც მას ეკავა, ფუნქციური დატვირთვით არ გაუქმებულა - განსაზღვრულია მხოლოდ შესაბამისი სახელწოდებით შეცვლილ სტრუქტურულ ერთეულში. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1037(კ-18)). მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება. რეორგანიზაციის შედეგად იმ საშტატო ერთეულისთვის სახელწოდების შეცვლა, სხვა დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მოქცევა, სადაც მსახურობდა ნ. გ-ა, არ ადასტურებს მის იმავე საშტატო ერთეულზე, ტოლფას ან რაიმე სხვა თანამდებობაზე დასაქმების შეუძლებლობას, არ დასტურდება იმ საშტატო ერთეულის ფუნქციების რეორგანიზაციის შედეგად გაუქმება, რომელსაც გათავისუფლებამდე ასრულებდა მოსარჩელე. რეორგანიზაციის შედეგად ფუნქციების ცვლილება არ იყო იმ ხარისხის, რომ გამოეწვია არსებითად და რადიკალურად ისეთი ფუნქციების დამატება, რომელიც მოსარჩელეს მოთხოვნილი კვალიფიკაციის შეუსაბამო პირად აქცევდა. საკასაციო პალატა დამატერბით აღნიშნავს, რომ მოხელის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განსხვავებულია მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის მიხედვით. აღნიშნულის გამო არასათანადო კვალიფიკაცია, არადამაკმაყოფილებელი ჩვევები შესაძლოა გახდეს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იმ შემთხვევაში, უკეთუ არ არსებობს სხვა, მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვის სამსახურში მისი დასაქმების შესაძლებლობა ან თუ ასეთ გადაყვანაზე უარს ამბობს მოხელე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში მოხელის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას. ვინაიდან გათავისუფლება წარმოადგენდა უკანონოს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა ნ. გ-ას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხთთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთული გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ნ. გ-ას მოთხოვნილი ჰქონდა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე მხარისთვის დავალება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი გონივრულ ოდენობა მართლზომიერად განისაზღვრა წარმომდგენლობის განხორციელების ჩართულობისა და ინტენსივობის, სარჩელის აღძვრის შემდგომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის ხანგრძლივობის, ინსტანციურობისა და დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა