Facebook Twitter

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე #ბს-85(კ-22) 15 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 7 ოქტომბერს თ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის საგნის გამოცდის სპორტის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2020 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, №31 დავალებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის №31 დავალებაში დამატებით 1 ქულის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის საგნის გამოცდის სპორტის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2020 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, №31 დავალებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს მოსარჩელისათვის №31 დავალებაში დამატებით 1 ქულის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი; დასაშვებობის შემოწმება დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით 2022 წლის 15 ივნისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რასაც ასევე დაეთანხმა მოპასუხე (კასატორი) მხარეც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რასაც ასევე დაეთანხმა მოპასუხე (კასატორი) მხარეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) საკასაციო საჩივარზე 09.02.2022წ. №00623 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 257-ე, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. თ. გ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.02.2022წ. №00623 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე