საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-701(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. გ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. გ-მა 2018 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის - 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ე. გ-მა.
საქმის მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მოსარჩელემ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და საბოლოოდ, მოითხოვა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ 1250 ლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. გ-ის სარჩელი მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. გ-ის სარჩელი მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ე. გ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 1250 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლო არ მსჯელობს, მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ ძალადობის რომელ ფაქტზე არ მოხდა პოლიციელთა მხრიდან რეაგირება. სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელის მიმართ ჩადენილი ძალადობის არცერთი შემთხვევა არ დარჩენილა შესაბამისი რეაგირების გარეშე. იმ საკანონმდებლო ჭრილში, რა მოქმედების არეალსაც განუსაზღვრავდა ძალადობის ფაქტებთან მიმართებით ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობა, პოლიციას გამოყენებული აქვს ყველა აუცილებელი - ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი მექანიზმი. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო მოსამსახურეთა - პოლიციელთა მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, სახეზე არაა მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, რომლის ძირითად საფუძვლად, მოსარჩელე, მოპასუხეთა მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად განუხორციელებლობას ასახელებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამდენად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს ზიანს. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს (მუხ. 1.1).
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით ამ კანონის მიზნებია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
ზემოხსენებული ნორმატიული აქტი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის დეფინიციას, კერძოდ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით (მუხ. 3). ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები (მუხ. 9.1).
მოცემულ სადავო შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ არაერთხელ იქნა გამოვლენილი ტ. წ-ის მხრიდან ე. გ-ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტი, ასევე, დადგენილია, რომ ე. გ-ის მიერ, სასწრაფო სამედიცინო თუ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახების მიზნით, არაერთი ზარი განხორციელდა სსიპ „112“-ში, ჩატარებული იქნა საპოლიციო ღონისძიებები, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო არაეფექტური და დაგვიანებული, რასაც საბოლოოდ, ე. გ-ის ჯანმრთელობის არაერთხელ დაზიანება მოჰყვა. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ პოლიციის უფლებამოსილი პირების მხრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სათანადოდ არ იქნა გატარებული დროებითი ღონისძიებები მსხვერპლის - ე. გ-ის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს პოლიციის ვალდებულებებს ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებელი, სათანადო რეაგირებისა და ძალადობის აღკვეთის მიმართულებით, მათ შორის, ხსენებული მუხლის ვ1 პუნქტის თანახმად, ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე, მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ე. გ-ი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისგან ითხოვდა მისგან მოძალადის გარიდებას მოსალოდნელი საფრთხის - მისი მისამართით ძალადობის ჩადენის აცილების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა თვითნებურად გადაწყვიტეს არ გაერიდებინათ მოძალადე მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან, უფრო მეტიც, მათ ე. გ-ს განუმარტეს, რომ ტარიელ წერეთელს ესაუბრნენ და მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება, არ ჩაედინა ძალადობრივი საქციელი მისი მეუღლის მიმართ. საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ პოლიციის უფლებამოსილი პირების აღნიშნული მოწოდება არ იქნა გათვალისწინებული ტ. წ-ის მიერ, მსხვერპლისა და მოძალადის ერთ სივრცეში ყოფნით კი, მოძალადეს შეექმნა ძალადობის ჩადენისათვისათვის ხელსაყრელი პირობები. აღსანიშნავია, რომ მოძალადის მსხვერპლთან დატოვების შემთხვევას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რაც, ბუნებრივია, ძალადობის განმეორების მომეტებულ რისკს წარმოადგენდა. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ძალადობის ფაქტები იძლეოდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს - მსხვერპლის ჯანმრთელობას. ამდენად, ოჯახში ძალადობის გამოვლენის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომლებს გააჩნიათ კანონისმიერი ვალდებულება, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გაატარონ ეფექტური დროებითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლის დაცვას, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №23/630) აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მხრიდან მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ე. გ-ის ჯანმრთელობის დაზიანება) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამრიგად, დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების (დაეცვა იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან) შეუსრულებლობითა და უმოქმედობით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, კონკრეტულად კი, ...ის 2020 წლის 23 მაისის მიმართვაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 4 აპრილიდან ე. გ-ი გადის ფსიქოთერაპიულ კურსს ...ში. სარეაბილიტაციო სერვისში ე. გ-ის ბენეფიციარად დარეგისტრირების საფუძველი გახდა მის მიმართ ყოფილი მეუღლის - ტ. წ-ის მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოიური ძალადობრივი ხასიათის მოპყრობა, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება. ამავე წერილის თანახმად, პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეესაბამება ქრონიკული სტრესის ზეგავლენას, რომელზეც თავად საუბრობს/დევნისა და შევიწროვების გამოცდილება. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ე. გ-ს აღენიშნება რეტრავმატიზაცია (სტრესული ფაქტორების ხელახალი გავლენა) და შესაბამისად, ტრავმული სიმპტომატიკის გამწვავება. რეკომენდებულია: ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი. მულტიდისციპლინარული გუნდის რეკომენდაციით, ეკატერინე
გოგოლიშვილისთვის მიზანშეწონილია სარეაბილიტაციო ვადა ექვსი თვე; ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია - 1 კონსულტაცია 62,5 ლარი/20 ვიზიტი/ - საერთო ჯამში მოიცავს 1250 ლარს. ამგვარად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი ე. გ-ს ესაჭიროება მეუღლის - ტ. წ-ის მიერ განხორციელებული მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობრივი ხასიათის მოპყრობიდან გამომდინარე, ხოლო იმ პირობებში, როდესაც
დადგენილია მიზეობრივი კავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად განხორციელებასა და და დამდგარ შედეგს (ე. გ-ის ჯანმრთელობის დაზიანება) შორის, რის გამოც მორალური ზიანის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება 5000 ლარი, შესაბამისად, ანაზღაურებას ასევე უნდა დაექვემდებაროს მატერიალური ზიანი 1250 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მატერიალური ზიანის მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაკისრებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე