Facebook Twitter

შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-128(კ-22) 22 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ზ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - ე. ტ-ე, ზ. ტ-ე, გ. ტ-ე, ნ. ტ-ე, ელ. ტ-ე).

2020 წლის 5 ოქტომბერს თ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ 2020 წლის 31 აგვისტოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის №00832; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის №53/3743 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (წერილი); გ) დადგენილ იქნეს თ. ზ-ის კომლის მფლობელობაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თ. ზ-ის მიერ წარდგენილი საკადასტროს აზომვითი ნახაზის უფლების დამდგენ დოკუმენტთან მიმართებაში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ 2020 წლის 31 აგვისტოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00832; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს მიღებული №53/3743 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (წერილი); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ზ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წლის 31 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმი №00832 და დაევალა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.07.2020წ. №... წერილთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო განაცხადი: №...); თ. ზ-ის (პ/ნ ...) სასარჩელო მოთხოვნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 15.09.2020 წლის №53/3743 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება თ. ზ-ის წარმომადგენელს - ი. გ-ეს ჩაბარდა 2022 წლის 16 თებერვალს.

თ. ზ-ის წარმომადგენელმა 2022 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც შუამდგომლობის სახით მოითხოვა საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს თ. ზ-ის მოთხოვნა და თავად დაადგნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა თ. ზ-ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზისა, უფლების დამდგენ დოკუმენტთან №13/51179 საარქივო ცნობასთან მიმართებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით თ. ზ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სათანადო ფორმით შედგენილი დასაბუთებული შეგებებული საკასაციო საჩივარი (იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში); ბ) შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. თ. ზ-ეს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი თ. ზ-ის წარმომადგენელს - ი. გ-ეს 2022 წლის 3 ივნისს ჩაბარდა.

2022 წლის 6 ივნისს ი. გ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სათანადო ფორმით შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებაზე, ბაჟის გადახდის გადავადებაზე, ასევე ბაჟის ოდენობის შემცირებაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით უარი ეთქვა თ. ზ-ეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; ამავე განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით; თ. ზ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგენა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. თ. ზ-ეს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა თ. ზ-ის წარმომადგენელს - ი. გ-ეს და 2022 წლის 8 ივნისს ჩაბარდა პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ვინაიდან, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 8 ივნისს, სასამართლოს მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 9 ივნისიდან დაწყო და 2022 წლის 15 ივნისს 24:00 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ზ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს თ. ზ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე