№ბს-892(კ-21) 16 ივნისი, 2022 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ო. კ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 3 ივნისს ო. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 22 სექტემბრის №04-2257/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 22 სექტემბრის №04-2257/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მთავარ არგუმენტად ო. კ-ესთან განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის თაობაზე იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგი დღემდე ცხოვრობდა მის მიერ გასხვისებულ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ...ის ქ . №7-ში, (იგივე ...ის ქ. №7). აღნიშნული მსჯელობა ემყარებოდა 2020 წლის 20 აგვისტოს ზემოაღნიშნულ მისამართზე განხორციელებულ მონიტორინგს, როდესაც მისამართზე იმყოფებოდა ო. კ-ე. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ 2017 წლის 25 იანვრის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ი. ა-ე, აღნიშნული ქონების ქირავნობის უფლებით სარგებლობისათვის კი ო. კ-ეს ყოველ თვე უნდა გადაეხადა 400 (ოთხასი) ლარი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არსებობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია სამინისტროსთვის არსებითად მცდარი ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს ფაქტი - ო. კ-ე საჭიროებდა თუ არა სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არაერთი ქონება აქვს გასხვისებული და აქედან ერთ-ერთში დღემდე ცხოვრობს. სააგენტოს მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მონიტორინგის ოქმები), საიდანაც ირკვევა, რომ ო. კ-ის და მისი ოჯახის წევრების წლების განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება დაკავშირებულია მის მიერ რამდენიმე უძრავი ქონების ფლობასთან.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და სათანადოდ შეეფასებინა ისინი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული დანართი №6 („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) და დანართი №7 („სოციალური კრიტერიუმი“) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახის სხვის სახლში ცხოვრება (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ო. კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი და მეუღლე. მისი ოჯახი შედგება 7 (შვიდი) წევრისგან: მეუღლე - ნ. კ-ე, შვილები ა. და გ. კ-ეები, რძალი მ. რ-ი (არადევნილი) და არასრულწლოვანი შვილიშვილები მ. და თ. კ-ეები.
მოსარჩელე ო. კ-ის მიერ შევსებული იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 11.50 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები ნაქირავები 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) 1.00 ქულა, ნ. კ-ე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მნიშვნელოვნად გამოხატული 2.00), ა. კ-ე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ზომიერად გამოხატული 1.00, ომში მონაწილეობა (ო. კ-ე) 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (გ. კ-ე) 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ნ. კ-ე) 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ა. კ-ე) 1.5 ქულა.
2019 წლის 10 აგვისტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისი, ...ის გამზირი №78, ბინა №53, გასაუბრება მოხდა განმცხადებელთან ო. კ-ესთან. გასაუბრების თანახმად, ოჯახი ცხოვრობს ქირით 300 ლარი, ოჯახში არის 2 არასრულწლოვანი, მეუღლე გამოხატული შშმ პირი, შვილი ზომიერად გამოხატული შშმ პირი, ოჯახის 4 წევრი ომის ვეტერანი, ო. კ-ის განმარტებით ოჯახს არანაირი უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია.
2019 წლის 29 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისი ...ი ...ის ქ. №122/23 ბინა №8 ადგილზე არავინ დახვდათ, სატელეფონო გასაუბრების შედეგად ო. კ-ემ განმარტა, რომ ოჯახით სტუმრად იმყოფება ნათესავთან, ...ა სოფელი ...ში, საიდანაც დაბრუნდება ერთ კვირაში მისამართზე.
2020 წლის 20 აგვისტოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისი, ...ის №7, იგივე ...ის №7, პირველი სართული ო. კ-ის განმარტებით აღნიშნული ბინა არის მისი ყოფილი საკუთრება, ამავე ბინის გვერდით, ცალკე ოთახი ეკუთვნოდა სომეხი ეროვნების ქალბატონს, ხოლო მის გვერდით ბინა კი მის შვილს ა. კ-ეს. მოსარჩელემ და მისმა შვილმა მათი კუთვნილი ოთახები გადაუფორმეს ო. მეუღლის ნ. კ-ე-ქ-ას ძმისშვილს ფ. ქ-ას, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება. შემდეგში ფ. ქ-ამ ეს ბინები თავისმხრივ გადაუფორმა ვინმე მ. ჭ-ეს. ო. კ-ის განმარტებით არის სტუმრად, ხოლო ზემოაღნიშულ მისამართზე ყოფილ საკუთრებაში ცხოვრობს მისი მეუღლე და 2 შვილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ო. კ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე, ფაქტობრივად ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ სახლში).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-2257/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ო. კ-ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის შესაბამისად, ოთხოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 5 და მეტი ქულა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მოსარჩელის ო. კ-ის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არსებობის შესახებ და მიუთითებს საქმეში წარდგენილ 2017 წლის 25 იანვრის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქ . №7-ში, (იგივე ...ის ქ. №7) მესაკუთრეს წარმოადგენდა ი. ა-ე, აღნიშნული ქონების ქირავნობის უფლებით სარგებლობისათვის კი ო. კ-ეს ყოველ თვე უნდა გადაეხადა ქირის თანხა. შესაბამისად, მოსარჩელეს სამინისტროსთვის არსებითად მცდარი ინფორმაცია არ წარუდგენია.
ამასთან, კასატორის ოჯახისათვის (ოჯახში არის 2 არასრულწლოვანი, მეუღლე ნ. კ-ე (გამოხატული შშმ პირი), შვილი - გ. კ-ე (ზომიერად გამოხატული შშმ პირი), ოჯახის ოთხივე წევრი ომის ვეტერანი) 11.50 ქულის მინიჭება, არ ათავისუფლებს მას გადაწყვეტილების მიღების და ოჯახის მინიმალური საცხოვრებელი პირობების დადგენის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" 28-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე - საცხოვრებელ პირობებზე, მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს, ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი