Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-522(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 4 აპრილს, ი. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის N04-572/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის N04-572/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, მე-6 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N6 დანართის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, ხოლო „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებულ ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ მოცემულობაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეაფასოს გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა (გამონაკლისია დევნილის დროებითი განსახლების წესი, რაც სხვა შემთხვევას წარმოადგენს). კონკრეტულ ეტაპზე, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დევნილ ოჯახს, რომელმაც საკმარისი ქულათა რაოდენობა დააგროვა ბინის მისაღებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ამომწურავად არის დადგენილი აუცილებელი პირობები, რომელთა არსებობისას განისაზღვრება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლის საჭიროებების პრიორიტეტულობა. მითითებული წესის მიღმა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა არღვევს კანონიერების პრინციპს და სცდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, სადავო აქტის გამოცემის დროისთვის, კრიტერიუმების შეფასებისას, ი. მ-ეს წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 1,5 ქულა, ვინაიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში, ახლობლის ოჯახთან ერთად. ამასთან, იგი სარეგისტრაციო ნომერზე იყო მარტო და განაცხადს აკეთებდა დამოუკიდებლად. გარდა ამისა, საქმის მასალების თანახმად, ი. მ-ე დაკმაყოფილებული არ არის საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვს რაიმე უძრავი ქონება. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ იგი ცხოვრობს მისი დის ქმრის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გარემოება, როდესაც საკმარისი ქულების ოდენობის მიუხედავად, ი. მ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ერთადერთი საფუძვლით - მას არ ჰქონდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. მ-ეს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც გახდა შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქულათა აღნიშნული რაოდენობა საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. პალატის განმარტებით, დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე, კრიტერიუმების შესაბამისად. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მსგავს საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და მიუთითა, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად დადგინდეს, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (სუსგ Nბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანო გასცდა პრიორიტეტის მინიჭებისთვის დადგენილ ფარგლებს და კრიტერიუმების გათვალისწინებით, დაჯამებულ ქულათა გათვალისწინების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება სახელმწიფოს აღებული აქვს ყველა დევნილის მიმართ, თანაბრად. პრიორიტეტულობა კი, სწორედ კრიტერიუმების საფუძველზეა დადგენილი, რაც აისახება შესაბამის ქულათა ოდენობაზე და შესაბამისად, დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების რიგითობაზე (გამონაკლისი შემთხვევები განსაზღვრულია კანონქვემდებარე აქტით).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოსარჩელეს საკმარისი ქულა ჰქონდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და კანონი სააგენტოს ქულათა პრიორიტეტულობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის განმარტებით, მიუხედავად ქულათა საკმარისი ოდენობისა, გამოიკვეთა გარემოება, რომელიც მიუთითებდა მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობაზე - იგი თავისუფლად და შეუზღუდავად ცხოვრობს დის ოჯახში.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე, ხოლო „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ამსახველი ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ იმ მისამართებზე, სადაც ცხოვრების თაობაზე უთითებს მოსარჩელე. მისი გამოკითხვით და სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციით, მოსარჩელეს ხელი მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე. კერძოდ, მოსარჩელის დედას - ნ. მ-ეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი და 7 ოთახიანი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ფაქტის სისწორე დადასტურებულია მონიტორინგის ფორმაზე მოსარჩელის მიერ შესრულებული ხელმოწერით. ფაქტს არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. ამდენად, ფაქტობრივი მდგომარეობით, მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს მამა-პაპისეული საცხოვრებელი სახლით, რომელიც მასთან უახლოესი ნათესაური კავშირის მქონე პირზე - დედაზე ირიცხება საკუთრების უფლებით.

კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი დროებითი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის ბათუმი, ...ას ქუჩა N1/5, ბინა N49.

2018 წლის 27 მარტს ი. მ-ემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განაცხადში საცხოვრებელ მისამართად მითითებულ იქნა ბათუმი, ...ას ქუჩა N1/5, ბინა N49. დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით, განმცხადებელმა მოიპოვა 1,5 ქულა (საცხოვრებელი ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად).

მონიტორინგის ჯგუფის 2018 წლის 21 აგვისტოს ადგილზე გამოცხადების ოქმის მიხედვით, ბათუმში, ...ას ქუჩა N1/5-ში მდებარე N49 ბინაზე განხორციელებული ვიზიტისას, ადგილზე იმყოფებოდა მოსარჩელე, რომლის განმარტებით, განაცხადს აკეთებს მარტო. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ ფიქსირდება. არ გააჩნია საკუთრება. როცა ახერხებს, ჩადის დედასთან, ...ში.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის N2 საოქმო გადაწყვეტილებით ი. მ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის N04-572/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ბათუმში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საკითხის განხილვის ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

2018 წლის 4 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ნ. მ-ე წარმოადგენს მესაკუთრეს ლანჩხუთში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ N..., N..., N...).

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელთან და არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რამაც უნდა გამორიცხოს მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთანავე, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის დედის საკუთრების უფლება არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით..საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუს 23.12.2021წ. Nბს-900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის სადავო ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ი. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე