№ბს-891(კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 ნოემბერს ზ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის №652 ოქმის (№1 საკითხის ნაწილში) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ზ. მ-ის 2018 წლის 6 მარტის №19/01180653067-55 განცხადების განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საკითხის ხელახლა შესწავლის მიზნით. კომისიის სადავოდ ქცეული ოქმით კი, მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არარსებული ფაქტისა და არასწორი სამართლებრივი შეფასების გამო ეთქვა უარი, რაც შემდგომ სასამართლოშიც იქნა გასაჩივრებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს, მან 2018 წლის 28 დეკემბერს, კვლავ მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კიდევ ერთხელ ითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მომხდარიყო 2013 წლის 29 აგვისტოს №365-ე ოქმის №34 საკითხის ხელახლა შესწავლა.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომისია ხ. ბ-ის (მ-ის) განცხადების განხილვის დროს დაეყრდნო მის მიერ წარდგენილ არასწორ ნახაზს, თითქოს ჩუქების ხელშეკრულება მოიცავდა 137 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნოდა ხ. ბ-ს (მ-ს), რითაც მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა საფუძველი ედავა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობაზე.
კასატორის მითითებით, თუ კომისია ხელახლა არ განიხილავდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას - საჯარო რეესტრის ნახაზს, სხვა გზით ვერ დადგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების ჭეშმარიტება.
კასატორი საკასაციო საჩივარში შუამდგომლობს მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება. კასატორი სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის - 2 400 ლარის ოდენობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის გადასახდელი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარი დაუშვებელია მისი გადაუხდელობისა და შესაბამისი ქვითრის საქმეში არარსებობის გამო.
კასატორი ასევე შუამდგომლობს მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის ჩასაბარებლად კასატორისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლო გადაწყვეტილებების ჩაბარებისათვის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანსპორტირებისათვის გაღებული ხარჯის - 300 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 100 ლარის, თანდართული დოკუმენტების, სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 50 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 2.50 ლარის, საქმის მიმდინარეობისას სხვადასხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გაღებული დანახარჯის - 100 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისათვის 14 ლარის, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 5 ლარის, ასევე კასატორის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 300 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 2 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 1000 ლარის ოდენობით.
კასატორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, ითხოვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული პროცესის ხარჯი, სასამართლო ხარჯის სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის N652 ოქმის (№1 საკითხის ნაწილში) კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №293 ოქმით დასტურდება, რომ 2012 წლის 9 მარტს, კომისიის მიერ 22-ე საკითხად განხილულ იქნა ჟ. მ-ის განცხადება ქალაქ თბილისში, ...ში 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით განხორციელდა ჟ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარება.
ჟ. მ-სა და ზ. მ-ს შორის 2012 წლის 20 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ჟ. მ-მა მის საკუთრებაში არსებული 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქ თბილისში, ...ში (ს.კ. ...) აჩუქა შვილს, ზ. მ-ს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ... დარეგისტრირდა ზ. მ-ის საკუთრებად.
2013 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/13206143-17 განცხადებით მიმართა ნ. მ-მა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 09 მარტის №293 ოქმის საფუძველზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ჟ. მ-ს ეღიარა საკუთრების უფლება 1 929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №365 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 09 მარტის №293 ოქმის 22-ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №365 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოსი წარდგენილი იქნა ზ. მ-ისა და ხ. ბ-ის სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. მ-ისა და ხ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 07 აპრილის განჩინებით, ზ. მ-ის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, ზ. მ-ი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და ზ. მ-ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად (საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამაში (საქმე №330310113329330 (3ბ/901-15)).
2018 წლის 06 მარტს ზ. მ-ის წარმომადგენელმა ბ. კ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 2013 წლის 29 აგვისტოს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №365 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მისი ბათილად ცნობა.
2018 წლის 28 მარტს ზ. მ-ის წარმომადგენელმა ბ. კ-ემ დამატებითი მტკიცებულების წარდგენის მიზნით, განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიას, სადაც მიუთითა, რომ იმავე მხარეთა შორის სამოქალაქო დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, რომლის განხილვის მიზნით სხდომა ჩანიშნული იყო 2018 წლის 10 აპრილს და მოითხოვა უმოკლეს ვადაში განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის №652 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია 2013 წლის 29 აგვისტოს №365 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 28 მარტის განცხადებაზე, (რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზეც იქნა დადასტურებული მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ), რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიაში ზ. მ-ის 2018 წლის 06 მარტის განცხადების განხილვის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობდა დავა ჟ. მ-სა და ზ. მ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე. მითითებულ დავაში მოსარჩელე ხ. ბ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის 137 კვ.მ ფართის მის საკუთრებად აღიარება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სადავო აქტის კანონიერების შესახებ, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავის შედეგს არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარე წარმოებისათვის.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ხ. ბ-ის (მ-ის) სარჩელი, ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელე აღიარა სადავო 137 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრედ (საერთო სასამართლოების საქმის წარმოების ელ. პროგრამის მიხედვით: სარჩელის წარდგენის თარიღი 01.05.2017. საქმე №2/11144-17 №330210117001904816).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მოწინააღმდეგე მხარისათვის ზ. მ-ის სასარგებლოდ კასატორის მიერ გაღებული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ პირობებში, როდესაც არ არის დაკმაყოფილებული ზ. მ-ის სარჩელი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. მ-ს საკასაციო საჩივარზე 29.06.2020წ. №9507969049 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. ზ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 29.06.2020წ. №9507969049 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის - 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა