Facebook Twitter

საქმე №ბს-610(კ-22) 22 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბიძინა სტურუა, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 7 აპრილს გ. მ-ამ სარჩელით (დაზუსტებული) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-68/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რომლითაც მოხდება მოსარჩელე გ. მ-ას ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს ზუგდიდში, მისამართზე ...ის ქ. №..., ...ი „...ი“. ვინაიდან არის ადვოკატი, საქმიანობიდან გამომდინარე ფაქტიურად დღის უმეტეს ნაწილს ატარებს სამსახურში და ხშირ შემთხვევებში რჩება ქალაქგარეთ. რამოდენიმე წლის წინ განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისრაციულ ორგანოს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, ვინაიდან აღნიშნული ...ი „...ი“ მიჩნეული იქნა როგორც ნგრევადი ობიექტი. 2021 წლის 3 თებერვალს, ჩაბარდა ბრძანება №03-68/ო, რომლითაც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში მისამართზე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №..., ...ი „...ი“.

მოსარჩელის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნული მისამართისა მას სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. შესაბამისად, სადავო ბრძანებით დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-68/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. მ-ას ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირს - დევნილს, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის თანახმად, მართალია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №... ... „...ი“, რომელიც წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელეს ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე. პრიორიტეტი მიენიჭა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფრის არქონის გამო, მეტად საჭიროებდნენ განსახლებას. ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში დასადგენია ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში (მის: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №... ... „...ი“) მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად მოხდა ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №... ... „...ი“, მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. 2020 წლის 28 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... „...ის“ მეორე სართულზე მდებარე №12 ბინაში, ვიზიტის დრო: 21:30 საათი. ოჯახი შედგება ერთი წევრის, თავად მოსარჩელისაგან. აღწერის ფორმაში დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ აღწერის დროს მ-ა არ დახვდათ მისამართზე, ის არის მარტოხელა დასაოჯახებელი, იმყოფება გალში დედასთან. მის ოთახში დროებით ცხოვრობს რ. შ-ა და ლ. შ-ა. ეს უკანასკნელი არის აღნიშნულ შენობაში არსებული, აფხაზეთის №... საჯარო სკოლის ...ი.

დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა, 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... „...ის“ მეორე სართულზე მდებარე №12 ბინაში. მონიტორინგს ესწრებოდნენ გ. ფ-ა და დ. ლ-ე. მონიტორინგის ჯგუფს კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდათ. გ. ფ-ას განმარტებით, ბინა №12-ში (მისი ბინის მოპირდაპირედ) ცხოვრობს რ. შ-ა, მეუღლესთან ლ. შ-ასთან ერთად (სკოლის ...ი). რაც შეეხება გ. მ-ას, ის არ უნახავს აღნიშნულ მისამართზე 7-8 წელზე მეტია, ხოლო თუ სად არის, არ აქვთ ინფორმაცია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. წინამდებარე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კვლევას უნდა დაქვემდებარებოდა, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა გ. მ-ა მისამართზე არ ყოფილიყო. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეპოვებინა და შეესწავლა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ცხადყოფდა მოსარჩელის რეალურად ცხოვრების ფაქტს ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... „...ის“ ნგრევად ობიექტში. ასეთ მტკიცებულებებს წარმოადგენდა მაგ: კომუნალური გადახდის ქვითრები ან აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კომუნალური ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... „...ის“ ნგრევად ობიექტში მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ასევე მნიშვნელოვანი იყო გამოკითხულიყო აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები პირების მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო კითხვის ნიშნები. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დ. ლ-ის განმარტებით დასტურდება, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ 2020 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული ვიზიტისას გამოკითხული გ. ფ-ა არის ონკოლოგიური ავადმყოფი, ქართულად ვერ ლაპარაკობს. ისინი გაესაუბრნენ ფ-ას ისე, რომ არაფერი უკითხავთ გ. მ-ას შესახებ. ამასთან, გ. ფ-ას ხელი მოაწერინეს ოქმზე ისე, რომ ამ უკანასკნელს არ წაუკითხავს, თუ რას აწერდა ხელს.

სააპელაციო პალატის განმარტებით საყურადღებოა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ. შ-ას განმარტება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოწმის განმარტებით, იგი მეუღლესთან - ლ. შ-ასთან ერთად, დროებით ცხოვრობს - ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... „...ის“ ნგრევად ობიექტში, გ. მ-ას კუთვნილ ფართში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, მის საკუთრებაში არსებული კოტეჯის საცხოვრებლად მოწესრიგებამდე. რ. შ-ას განმარტებით, გ. მ-ას თავისი პროფესიიდან გამომდინარე (ადვოკატი), უმეტეს შემთხვევაში არ უწევს სახლში ყოფნა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გაადგილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ამ უკანასკნელის ბინის გასაღები მათთან არის დატოვებული, რაც შესაძლებლობას აძლევთ, გ. მ-ას ბინაში არსებული ტექნიკით პერიოდულად ისარგებლონ.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებულებები, რომლებიც თავისი ფორმით და შინაარსით არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სადავო საკითხთან მიმართებით. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას და გადაწყვეტას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელის ჩასახლების ობიექტში არყოფნის მიზეზის დაუდგენლობის პირობებში, მისამართზე არ ყოფნა იმთავითვე არ შეიძლება მიჩნეულიყო განსახლების ობიექტის მიტოვებად, რამეთუ როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტს წარმოადგენს, სრულიად ბუნებრივია და დასაშვებია, რომ მასში მცხოვრებ პირს/პირებს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით გარკვეული პერიოდის მანძილზე/დროებით მოუწიოთ ასეთი საცხოვრებლის დატოვება, რაც ვერ იქნება განმარტებულიი მათ საწინააღმდეგოდ. საკითხის ხელახლა შესწავლის პროცეში ყურადღება უნდა გამახვილდეს და შეფასდეს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარმოდგენილ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსი მიერ შედგენილ სამსახურებრივ ბარათზე, სადაც დაცულია ინფორმაცია ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ნგრევად ობიექტში (...ი) განხორციელებული აღწერის შესახებ. სადაც მითითებულია, რომ შენობა არის სამ სართულიანი, მასში ჩატარდა დევნილთა აღწერა, რა დროსაც მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა ამ შენობაში მცხოვრები 13 დევნილი ოჯახი, მათ შორის გ. მ-აც (№7).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უტყუარად დადგინდეს ფაქტი - მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა თუ არა ნგრევად ობიექტში და უნდა დაკმაყოფილებულიყო თუ არა კრიტერიუმების გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დეტალურად შეისწავლა მოსარჩელის - გ. მ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს, ქ. ზუგდიდი, დ. ...ის ქ №...-ში ნგრევადი ობიექტის „...ი“ აღწერას, გაესაუბრა ნგრევად ობიექტში მაცხოვრებლებს. ნგრევადი ობიექტის მე-2 სართულზე ოთახი №12-ში, რომელშიც წესით გ. მ-ა უნდა ყოფილიყო, მონიტორინგის სამსახურს სხვა პირები დახვდათ, კერძოდ, რ. შ-ას ოჯახი. რ. შ-ა მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლო პროცესზე, რომელმაც დაადასტურა, რომ გ. მ-ას ხშირად უწევს გალში გადასვლა დედის მოსანახულებლად, სადაც მათ გააჩნიათ საკუთრება და ასევე სამსახურის გამო ხშირად უწევს თბილისში ყოფნა. შესაბამისად, მოწმის ჩვენებითაც დგინდება, რომ მოსარჩელე არ არის ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი და იმ ოთახში სადაც წესით უნდა ყოფილიყო გ. მ-ა, ფაქტობრივად ცხოვრობს შ-ების ოჯახი. საქმეში წარმოდგენილია ქ. ზუგდიდი, დ. ...ის ქ. №...-ში ნგრევადი ობიექტის „...ი“ აღწერის ფორმა. აღწერა განხორციელდა საღამოს 21:30 საათზე, რათა სააგენტოს ქონოდა რეალური სურათი თუ ვინ ცხოვრობდა ფაქტობრივად ნგრევად ობიექტში. გარდა ამისა საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 16 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმი, რა დროსაც გასაუბრება მოხდა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირებთან. აღნიშნული ოქმის მიხედვით როგორც ირკვევა გ. მ-ა მითითებულ მისამართზე არ უნახავთ 7-8 წელიწადზე მეტია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ სასამართლოს მითითება იმაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, არასამართლიანი და დაუსაბუთებელია. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით თუ სად ცხოვრობს მოსარჩელე, აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს კვლევის საგანს, მაშინ როცა სამხარაულის ექსპერტზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე სააგენტო ახორციელებს, ნგრევადი ობიექტიდან ფაქტობრივად მაცხოვრებლების გამოყვანას და საცხოვრებლით დაკმაყოფილებისას ამოწმებს მითითებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრობს თუ არა დევნილი ოჯახი. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ გ. მ-ა ზოგჯერ თბილისში იმყოფება, ხოლო ზოგჯერ გალში დედსთან.

კასატორის განმარტებით, 2020 წლის 10 აგვისტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი №41) შესაბამისად განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 68 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა ქ. ზუგდიდში (რაც დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნებით), მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნება ქ. ზუგდიდში დ. ...ის ქ. №...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტი „...ი“. 2013 წლის 9 აგვისტოს №320-ე ბრძანების შესაბამისად მოხდა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილი ოჯახების აღწერა. 2020 წლის 28 ივნისს მოსარჩელის მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №...-ში ნგრევადი ობიექტის „...ი“ აღწერის დროს საღამოს 21:30 საათზე გ. მ-ა მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. ნგრევადი ობიექტის მე-2 სართულზე ოთახი №12-ში მონიტორინგის სამსახურს სხვა პირები დახვდათ, კერძოდ, რ. შ-ა და ლ. შ-ა, რომელიც არის ზემოაღნიშნულ შენობაში არსებული აფხაზეთის №... საჯარო სკოლის ...ი. მათი განმარტებით გ. მ-ა იმყოფება გალში დედსათან. თავად დროებით ცხოვრობენ მითითებულ ოთახში. აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგა ობიექტის აღწერის ოქმი, სადაც ფიქსირდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და იმ პირების ხელმოწერა ვინც იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში, კერძოდ, ლ. შ-ა და რ. შ-ა. 2020 წლის 16 სექტემბერს კიდევ ერთხელ მოხდა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №...-ში ნგრევადი ობიექტი „...ი“ დამატებითი ვიზიტი, მაგრამ მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე. (კარები დახვდათ დაკეტილი ბოქლომით). გასაუბრება მოხდა მეზობლებთან, გ. ფ-ასთან და დ. ლ-ესთან, რომლებიც ცხოვრობენ იმავე სართულზე, მე-13 ოთახში. მათი განმარტებით №12 ოთახში ცხოვრობს რ. შ-ა და ლ. შ-ა. გ. მ-ა არ უნახავთ აღნიშნულ მისამართზე 7-8 წელია. რ. შ-ა ცხოვრობს ნგრევად ობიექტში თავის მეუღლესთან ლ. შ-ასთან ერთად. შესაბამისად, მონიტოროგის სამსახურის მიერ ვერ მოხერხდა დევნილი ოჯახის რეალურად ნგრევად ობიექტში ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება, პირიქით, მოპოვებული მტკიცებულების თანახმად ცალსახად დგინდება, რომ ოჯახი ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობს, ხოლო იმისათვის, რომ მოსარჩელის მიმართ დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას დადებითი გადაწყვეტილება მიეღო, საჭირო იყო, რომ მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულიყო გ. მ-ას ფაქტობრივად ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი.

კასატორის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული სართხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი მდგომარეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. მინისტრის №320 ბრძანება ნორმატიული ხასიათისაა და მისი უმთავრესი დანიშნულება არის დევნილებში ყველაზე უფრო მეტად შეჭირვებული კატეგორიის გამოვლენა და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. მოსარჩელის საკითხის განხილვისას კომისიას წარედგინა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნულ ობიექტში ჩატარებული აღწერის და დამატებითი მოკვლევის შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა. იმის გამო, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა მითითებულ ნგრევად ობიექტში, მას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე კრიტერიუმების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გ. მ-ა არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტის ,,...ი’’ ფაქტობრივ მაცხოვრებელს. მონიტორგის მიერ განხორციელებული აღწერის ფორმის და დამატებით შედგენილი გასაუბრების ოქმის მიხედვით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობს.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით) და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ყველა ოჯახს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით, ითვალისწინებს რა სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-68/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება მოსარჩელე გ. მ-ას ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ: ა) მოსარჩელე გ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახი შედგება ერთი წევრის, თავად მოსარჩელისაგან; ბ) გ. მ-ა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სიითი ნომრით ...; გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, გ. მ-ას ოჯახი შეფასდა 3 ქულით. 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია); დ) 2020 წლის 28 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა ზუგდიდი, ...ის ქ. №..., ორ სართულიან შენობა №18, 21:30 საათზე. ოჯახი შედგება ერთი წევრის თავად მოსარჩელისაგან. დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ აღწერის დროს მ-ა არ დახვდათ, ის არის მარტოხელა დასაოჯახებელი, იმყოფება გალში დედასთან. მის ოთახში დროებით ცხოვრობს რ. შ-ა და ლ. შ-ა რომელიც არის აღნიშნულ შენობაში არსებული აფხაზეთის №... საჯარო სკოლის ...ი; ე) დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 19 სექტემბერს ზუგდიდში, ...ის ქ. №..., მე-2 სართული ოთახი 12. მონიტორინგს ესწრებოდნენ გ. ფ-ა, დ. ლ-ე. მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, თუმცა კარი დაკეტილი იყო ბოქლომით. გამოცხადდნენ მის წინ მცხოვრებთან ქალბატონ გ. ფ-ას ოთახის მოპირდაპირედ, რომელმაც აღნიშნა რომ ბინა 12-ში მის პირდაპირ ცხოვრობს რ. შ-ა, გ. მ-ა არ უნახავთ აღნიშნულ მისამართზე 7-8 წელზე მეტია, თუ სად არის იგი არ აქვს ინფორმაცია. ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, გ. მ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ზუგდიდში, ...ის ქ. №..., ... „...ი“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო; ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-68/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. მ-ას, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე; თ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა დ. ლ-ე, რომელმაც განმარტა რომ იგი არის გ. მ-ას ყოფილი მეზობელი, ზუგდიდი ...ის ქ. №..., მე-3 სართული. დღეის მდგომარებით გადაცემული აქვს ფართი, მონიტორინგის სამსახურმა ვიზიტისას იკითხა მ-ა და გ. ფ-ა. გ. ფ-ა არის ონკოლოგიური ავადმყოფი ქართულად ვერ ლაპარაკობს, ისინი გაესაუბრნენ ფ-ას, არაფერი უკითხავთ მ-ას შესახებ, ხელი მოაწერინეს ისე რომ არ წაუკითხავთ და წავიდნენ; ი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა რ. შ-ა, რომელმაც განმარტა რომ იგი არის გ. მ-ას ყოფილი მეზობელი, ზუგდიდი ...ის ქ. №..., მე-3 სართული, ...ის შენობაში „...ი“. დღეის მდგომარეობით, ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში კოტეჯი შეუსყიდა სახელმწიფომ და უნდა გადავიდეს საცხოვრებლად. ნგრევად ობიექტში ცხოვრობს 2009 წლიდან, აღნიშნული დროიდან იცნობს გ. მ-ას, რომელიც არის ადვოკატი, ქვეყნის მაშტაბით უწევს საქმეებზე გასვლა რა დროსაც გასაღებს ტოვებს, რათა მისი ტექნიკით ისარგებლონ; კ) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ნგრევად ობიექტში (...ი) განხორციელებული აღწერის მიხედვით შენობა არის სამ სართულიანი, მასში ჩატარდა დევნილთა აღწერა, რა დროსაც მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა ამ შენობაში მცხოვრები 13 დევნილი ოჯახი, მათ შორის გ. მ-აც (№7).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

თ. ოქროპირიძე