№ბს-856(კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 ნოემბერს ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 ივნისის №129 ბრძანების, 2013 წლის 23 ივლისის №188 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 იანვრის №23 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 იანვრის №23 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 იანვრის №23 ბრძანება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ა. მ-ის მოთხოვნის განხილვა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდებოდა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 ივნისის №129 ბრძანებისა და 2013 წლის 23 ივლისის №188 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მერიას მითითებული აქტების ჩაბარებიდან არა ერთი თვის ვადაში, არამედ 4 წლის შემდეგ წარედგინა. შესაბამისად, გასული იყო აქტების გასაჩივრების ვადა. ამრიგად, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო არ განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი. თუმცა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ანალიზი იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან ერთად, განმცხადებელი ასევე ითხოვდა კონკრეტული ქმედების განხორციელებას - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარდგენილი საჩივარი მხოლოდ ფორმალურად არ უნდა შეეფასებინა - გასაჩივრებული აქტების ნაწილში, გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხი და არამედ უნდა ემსჯელა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე, რამდენადაც მას, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, შეეძლო შეემოწმებინა სადავო აქტების გამოცემის პირობებში, იყო თუ არა აღსრულებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც მას არ გაუკეთებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ განმცხადებელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას გაშვებული ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. ამ ვადის აღდგენის საპატიო მიზეზები კი სახეზე არ იყო, რის გამოც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო განუხილველად დაეტოვებინა აღნიშნული საჩივარი.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება აღსრულებულია, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაშიც, შემოწმდებოდა გადაწყვეტილების აღსრულების კანონიერება, თუმცა აღნიშნული არ მოხდა საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის №3/8290-1 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 23 ივლისის №2363 ბრძანება და აღნიშნულ სამსახურს დაევალა, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად გამოეცა ახალი აქტი ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №3-ის მიმდებარე, ა. მ-ისა და გ. ო-ის კუთვნილ 144 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დროებითი სტატუსის მქონე სავაჭრო ნაგებობის პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის №3/8290-1 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ა. მ-ისა და გ. ო-ის 2011 წლის 5 აპრილის №12/35929 განცხადების განხილვის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 ივნისის №129 ბრძანებით ა. მ-სა და გ. ო-ს ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პოზიციის წარდგენა დაევალათ.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის №188 ბრძანებით ა. მ-ისა და გ. ო-ის 2011 წლის 5 აპრილის №12/35929 განცხადება დარჩა განუხილველი აღნიშნული სამსახურის 2013 წლის 12 ივნისის №129 ბრძანებით დავალებული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის №188 ბრძანება ა. მ-ს მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე - ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №21-ში გაეგზავნა, სადაც ადრესატის მეუღლეს - ჟ. მ-ს 2013 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 ივნისის №129 ბრძანებისა 2013 წლის 23 ივლისის №188 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მერიას 2017 წლის 26 სექტემბერს წარედგინა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 იანვრის №23 ბრძანებით ა. მ-ის 2017 წლის 26 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის - ა. მ-ის საჩივარი, რომელიც მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განუხილველად დატოვა, შეეხებოდა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის №3/8290-1 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად - „სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვის მაძიებელისათვის უარის თქმისას, ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქალაქ თბილისის მერიას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რითაც უცვლელად იქნა დატოვებული აღნიშნული გადაწყვეტილება, არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების 2011 წლის 5 აპრილის განცხადებაზე დართული დოკუმენტები აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული კანონითა და სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნებს და კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდათ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ შესწავლილი საკითხი იმის თაობაზე, რომ თბილისი, ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ არსებულ 144 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნარგავები წარმოადგენდნენ თუ არა წითელ ნუსხაში დაცულ მცენარეთა კატეგორიას და ასევე არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რამდენად იყო შესაძლებელი ზემოაღნიშნული ტერიტორიაზე არსებული ხე- მცენარეების სხვა ადგილას გადარგვა მათი მოჭრის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი შემდეგი გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თბილისი, ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნარგავები მიეკუთვნებიან დაბალი ღირებულების სახეობებს და მათი საერთო ღირებულებამ შეადგინა 6694 ლარი, მიწის ნაკვეთზე არსებული ხე-მცენარეები არ შედის წითელ ნუსხაში და ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია 144 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული ხეების ამოძირკვა და სხვა ადგილას გადარგვა. ასევე ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური თანახმაა გადაირგოს 39 ხე-ბუჩქოვანი მცენარე“.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. მ-ს სასამართლოში სამართალწარმოების გზით უკვე ჰქონდა დადგენილი შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და დადასტურებული - რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, სასამართლოს მიერ განსაზღვრული, კონკრეტული საკითხების გამოკვლევის შედეგად, მისთვის სასურველი გარემოებების დადგენის პირობებში, იგი მოახდენდა შესაბამისი პროექტის შეთანხმებას, ანუ მისი მატერიალური უფლების რეალიზებას.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოიცავს კანონიერ ძალაში შესული, საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას (OUZOUNIS AND OTHERS v. GREECE (49144/99); 18/04/2002; §21). ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს (მუხლი 6) უფლების არსებითი ნაწილია (SCORDINO v. ITALY (36813/97); 29.03.2006. დიდი პალატა; § 196; ; Hornsby v. Greece (18357/91) 19.03.1997, § 40). წინააღმდეგ შემთხვევაში კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი დაკარგავდა ყოველგვარ ეფექტს (Burdov v. Russia (59498/00) 7.05.2002 §§ 34-37).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, მართალია, ა. მ-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრებული, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადა იყო გასული, თუმცა საჩივარი შეეხებოდა არა მხოლოდ მითითებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების შემოწმებას, არამედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, რისი ვალდებულებაც თავად ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა. აღნიშნული საკითხი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუფასებია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი