საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-118(კს-22) 22 ივნისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ს...ა“
დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს "...მა" 2019 წლის 1 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს "ს...ის" მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, როგორც სზაკ-ის 27-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დეფინირებულ საჯარო დაწესებულებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, ქმედების განხორციელების - სს ,,...ისათვის“ შემდეგი საჯარო ინფორმაციის გადაცემის დავალება: მოპასუხესა და ადმინისტრაციულ ორგანოებს (სამინისტროების, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და სამინისტროების მმართველობის სფეროში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შორის სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში, კერძოსამართლებრივ თუ საჯაროსამართლებრივი დატვირთვის განურჩევლად, მიმდინარე ან ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობების (შესასყიდი/შესყიდული/გასაწევი საქმიანობის/მომსახურების/პროდუქტის შესახებ) ამსახველი ნებისმიერი დოკუმენტაცია სრულად, მათ შორის: მოქმედი თუ სარჩელის განხილვის დროისთვის უკვე დასრულებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სატენდერო შეთავაზებები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, შემოწმების აქტები და სხვა; 2) მოპასუხესა და ადმინისტრაციულ ორგანოებს (სამინისტროების, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და სამინისტროების მმართველობის სფეროში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შორის სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში, კერძოსამართლებრივ თუ საჯაროსამართლებრივი დატვირთვის განურჩევლად, მიმდინარე ან ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობების (შესასყიდი/შესყიდული/გასაწევი საქმიანობის/მომსახურების/პროდუქტის შესახებ) მოქმედ თუ სარჩელის განხილვის დროისთვის უკვე დასრულებული ხელშეკრულებების ფარგლებში: ა) მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ან ვალდებულებების დარღვევის ფაქტების დადასტურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) ასევე, ვალდებულებათა დარღვევის შინაარსისა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამსახველი/შემცველი ნებისმიერი დოკუმენტი; 1.2. მოპასუხისათვის, როგორც სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დეფინირებულ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, ქმედების განხორციელების - სს ,,...ისათვის“ შემდეგი საჯარო ინფორმაციის გადაცემის დავალება: საქართველოს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო (მმართველობითი) ფუნქციის დელეგირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამსახველი ნებისმიერი დოკუმენტაცია სრულად, მათ შორის: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოქმედი თუ სარჩელის განხილვის დროისთვის უკვე დასრულებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სააუქციონო და საკონსულო შეთავაზებები, შემოწმების აქტები და სხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს "...ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩნებით სს "...ის" სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს "...ის" მიერ. სს "...ის" წარმომადგენელმა - მ. პ-მა 2022 წლის 15 ივნისს განცხადებით უარი თქვა 2021 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილ კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო სს "...ის" წარმომადგენლის მ. პ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად სს "...ის" კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც გარანტირებულია მხარეთა ნების თავისუფლება შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები: დაიწყონ საქმის წარმოება სასამართლოში, დაამთავრონ საქმე მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე და ა.შ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-1163(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენაა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება, კერძოდ, პროცესის მონაწილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამდენად, მხოლოდ საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე პირს შეუძლია, უარი განაცხადოს გასაჩივრებაზე ან უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე... არავის აქვს უფლება, აიძულოს პირი, რათა მან მიიღოს ზომები თავისი დარღვეული (სადავო) უფლების დასაცავად. მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, მათ აგრეთვე უფლება აქვთ უარი თქვან გასაჩივრებაზე.
განსახილველ შემთხვევაში სს "...ის" წარმომადგენელმა მ. პ-მა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ 2022 წლის 15 ივნისის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (სასკ-ის 3.2 მუხ.) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია ვადაში მყოფი მინდობილობა, რომლითაც მ. პ-ს მარწმუნებლისგან მინიჭებული აქვს კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "...ის" წარმომადგენელის მ. პ-ის განცხადება კერძო საჩივაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 378-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სს "...ს" კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს შესაბამისი განჩნება, ამასთან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რჩება ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს "...ის" წარმომადგენლის მ. პ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. სს "...ის" კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. სს "...ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე 10.02.2022წ. N38897 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
4. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე განჩინება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა