Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-276(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 აგვისტოს დ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს Nგ-1/284/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დ. ა-ას 2019 წლის 12 აგვისტოს SIS 7 19 00003384 განცხადების განმეორებით განხილვის დავალება, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დ. ა-ა 2019 წლის 13 აგვისტოს SIS 7 19 00003384 განცხადებით ითხოვდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს Nგ-1/284/2019 გადაწყვეტილებით დ. ა-ას უარი ეთქვა 2019 წლის 13 აგვისტოს SIS 7 19 00003384 განცხადების განსახილველად მიღებაზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, შეაფასა - ადგილი ჰქონდა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დ. ა-ას პერსონალური მონაცემის დამუშავებას, ამასთან, მონაცემთა დამუშავებისას ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის დარღვევას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მეორე მუხლის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლზე, მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 23-ე მუხლის პირველ, მეორე პუნქტებზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებას, გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს დაუზუსტებელი ან მოძველებული ან კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებული მონაცემი. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს - ადგილი აქვს თუ არა პერსონალური მონაცემის დამუშავებას. მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა დადგინდეს - მონაცემთა დამუშავება განხორციელდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 49-ე მუხლის მეორე, მე-3 პუნქტებზე, ასევე „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის, აპარატის მოხელეთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/206-207 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მეორე და მე-4 პუნქტებზე, მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილი მომზადდა დ. ა-ას 2019 წლის 6 მაისის განცხადების პასუხად, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ ... წლის ... ...ის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმში ყალბი მონაცემების („დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ. ა-ა“) შეტანის ფაქტის აღმოფხვრას და ამ სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულების გაქარწყლებას. მითითებული წერილით განმცხადებელს ეცნობა მოსამართლის მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის წესი და განმხილველი ორგანო. ასევე მითითებულ იქნა, რომ განცხადებაზე თანდართული მასალების თანახმად, დ. ა-ა, მისი სარჩელის განხილვის ფარგლებში, ... წლის ... ...ის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომიდან გაძევებულ იქნა. განმცხადებელს განემარტა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ადგენს წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობას და სხდომაზე წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომებს. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ დ. ა-ას 2019 წლის 6 მაისის განცხადების მიხედვით, იგი ... წლის ... ...ის სხდომაზე გამოცხადებული იყო, თუმცა მოსამართლემ იგი არ დაუშვა სხდომაზე. მისივე განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე დეტალური აღწერა ასახულია პარლამენტისადმი მიმართულ 2019 წლის 25 აპრილის განცხადებაში. საქმეზე წარმოდგენილ 2019 წლის 25 აპრილის განცხადებაში (ს.ფ. 22-31) დ. ა-ა მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნ. ა-მა, მისი სარჩელის განხილვის ფარგლებში, ... წლის ... ...ის მოსამზადებელი სხდომის გახსნამდე, მანდატურის გამოძახებით, მას დარბაზი დაატოვებინა. ამის შემდეგ, სხდომა მის გარეშე გაიხსნა და ჩატარდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილით კი არ დადგინდა, რომ განმცხადებელი გააძევეს დარბაზიდან, არამედ თავად განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ... წლის ... ...ის მოსამზადებელი სხდომის გახსნამდე, მანდატურის გამოძახებით მას დარბაზი დაატოვებინეს. შესაბამისად, 2019 წლის 17 ივნისის წერილით განმცხადებელს მიაწოდეს ინფორმაცია იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც, წესრიგის დაცვის მიზნით, დადგენილია მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობა და სხდომაზე წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები. ამ წერილობითი პასუხის გაცემით არ მომხდარა მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დამუშავება. აღნიშნული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორაგნოს განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი წერილი და შეფასება მისცა დ. ა-ას მიერ წარდგენილ ინფორმაციას. საჯარო დაწესებულების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული შეფასება ვერ მიიჩნევა პერსონალური მონაცემების დამუშავებად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის დასკვნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კომპეტენციის გათვალისწინებით მომზადებული წერილობითი დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის მიმართ პერსონალური მონაცემის დამუშავებად, რაც გულისხმობს კონკრეტული ინფორმაციის შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. აქედან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული მხარის მოსაზრება, კანონის საწინააღმდეგოდ მის მიმართ არსებული არანამდვილი/არასწორი მონაცემის დამუშავების თაობაზე. ამასთანავე, განსახილველი დავის საგანს სცდება უშუალოდ იმ საკითხის კანონიერების შესწავლა - მოამზადა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა წერილობითი პასუხი საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება არა ნებისმიერი დაწესებულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა, არამედ, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლი, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა მისი პოზიცია. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად არასაკმარისად არის დასაბუთებული. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, N3/5341-18 საქმეზე, ... წლის ... ...ის მოსამზადებელი სასამართლო სხდომის ოქმში არასწორად მიუთითა: „დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ. ა-ა“. აღნიშნული ინფორმაციის უსწორობას ადასტურებს უტყუარი მტკიცებულება - სასამართლო სხდომის გახსნამდე მოსარჩელის მიერ განხორციელებული აუდიოჩანაწერი, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ მოსამართლემ სხდომის გახსნამდე განუცხადა სხდომის დარბაზის დატოვების თაობაზე, იმ მიზეზით, თითქოს იგი სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერით, ხელს უშლიდა სხდომის გახსნაში. საქმის განხილვას მისი დასწრების გარეშე, ადასტურებს თავად სხდომის ოქმი. უტყუარი მტკიცებულები ასახავენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სხდომიდან მისი გაძევება არ მომხდარა. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარში და ორივე ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული აქვს განმარტება იმ ფაქტის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრისადმი 2019 წლის 6 მაისის განცხადებას არ ერთვის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საპირისპირო ვითარების არსებობა.

კასატორის განმარტებით, ის, რომ თითქოს მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის N... წერილით ეცნობა სხდომიდან გაძევების ფაქტის თაობაზე, არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან წერილის ადრესატი მთავრობის ადმინისტრაციაა და მასში დ. ა-ას შესახებ მონაცემები მესამე პირშია ჩაწერილი. ამასთანავე, წერილში ფაქტობრივი გარემოების დამახინჯებას აქვს ადგილი, შეცდომაშია შეყვანილი წერილის ადრესატი - მთავრობის ადმინისტრაცია. გარდა ამისა მცდარია სასამართლოს შეფასება, თითქოს, საბჭოს მოხელე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა. რეალურად, წერილით საბჭოს თანამშრომელი გასცდა მისი განცხადების განხილვის ფარგლებს და დაუდგენელია ამგვარი ქმედებების კანონიერი მიზანი. გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება, რის საფუძველზე დაასკვნა სააპელაციო სასამართლომ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს განეკუთვნება ფაქტობრივი გარემოების დამახინჯება და ოფიციალურ დოკუმენტში ასახვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსამართლის ქმედების შეფასება დამოუკიდებელი ინსპექტორის კომპეტენციას წარმოადგენს. მხოლოდ მისი დასკვნის შემდეგ იღებს საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, უმთავრესია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი, ინფორმაციული ხასიათისაა, რომლითაც ნათლად და გარკვევით არის დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემები. შეფასების არც ერთ კომპონენტს წერილი არ შეიცავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ა-ას საკასაციო საჩივარი. ამავე თარიღის განჩინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე N3/5341-18 ადმინისტრაციული საქმის განხილვის ფარგლებში (მოსარჩელე - დ. ა-ა; მოპასუხეები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სპეციალური პენიტენციური სამსახური), ... წლის ... ...ს გაიმართა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. სხდომის ოქმში დაფიქსირდა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ. ა-ა.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ფაქტთან დაკავშირებით, 2019 წლის 6 მაისს დ. ა-ამ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სხვა მოთხოვნებთან ერთად, მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ ... წლის ... ...ის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმში ყალბი მონაცემის - „დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ. ა-ა“ აღმოფხვრა და ამ სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულების გაქარწყლება. დ. ა-ას აღნიშნული განცხადება, 2019 წლის 17 მაისის წერილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაიგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილით დ. ა-ას ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული მასალების თანახმად, დ. ა-ა, მისი სარჩელის განხილვის ფარგლებში, ... წლის ... ...ის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომიდან გაძევებულ იქნა მოსამართლის მიერ. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მოსამართლის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის საჩივრით (განცხადებით) მიმართვა. ამასთან, საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით.

დ. ა-ამ 2019 წლის 3 ივლისს N2163 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა: 1) დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, უზრუნველყოს მონაცემთა პრინციპების დარღვევით მითითებული არანამდვილი მონაცემის 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილიდან წაშლა; 2) ინფორმაციის მიწოდება, მოსამართლის მიერ გაძევების გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან მისი რომელიმე სამსახური.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის პირველი აგვისტოს N161/2445-03-ო წერილით დ. ა-ას ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 26 ივლისს დამოუკიდებელ ინსპექტორს გადასცა მისი განცხადება, იმ ნაწილში, სადაც იგი მიუთითებდა მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წლის 17 ივლისს წარდგენილი N127 წინადადების საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 755 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 756 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლის მიმართ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება და საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს N943/2163-03-ო წერილის თანახმად, დ. ა-ას, მისი 2019 წლის 3 ივლისის N2163-ო განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების გამო პირისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დავისას სათანადო მოპასუხის განსაზღვრა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 85-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო სამართლის ნორმის განმარტების უფლებამოსილება სცდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს.

დ. ა-ამ 2019 წლის 13 აგვისტოს ელექტრონულად მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილის მეშვეობით, ადგილი ჰქონდა მის შესახებ არანამდვილი მონაცემის დამუშავებას. განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა: 1) 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილის მეშვეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ მის შესახებ არანამდვილი მონაცემების დამუშავების დადგენა, შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება და აღნიშნული წერილიდან არანამდვილი მონაცემის აღმოფხვრა; 2) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს N943/2163-03-ო წერილის მეშვეობით, განმცხადებლის კანონიერი მოთხოვნის (2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილში მითითებული მონაცემების წაშლის შესახებ) უგულებელყოფის დადგენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება; 3) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევდა, რომ სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, განცხადება გადაგზავნილიყო შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს Nგ-1/284/2019 გადაწყვეტილებით დ. ა-ას უარი ეთქვა 2019 წლის 13 აგვისტოს SIS 7 19 00003384 განცხადების განსახილველად მიღებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დ. ა-ას პერსონალური მონაცემის დამუშავებას და დამუშავების პროცესში კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ამასთანავე, უნდა დადგინდეს, ექვემდებარებოდა თუ არა სადავო აქტით განუხილველად დატოვებას დ. ა-ას განცხადება, რომელიც შეიცავდა პრეტენზიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დარღვევების თაობაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას და დამუშავების პრინციპებს ადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობის ერთ-ერთი მიზანია სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილის შედგენის ფაქტობრივი საფუძველი გახდა დ. ა-ას 2019 წლის 6 მაისის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ ... წლის ... ...ის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმში ასახული არასწორი მონაცემების აღმოფხვრას და მონაცემის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულების გაქარწყლებას. 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილით დ. ა-ას განემარტა მოსამართლის მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის წესი და განმხილველი ორგანო. წერილში ასევე მითითებულ იქნა, რომ განცხადებაზე თანდართული მასალები ადასტურებდა დ. ა-ას ... წლის ... ...ის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომიდან გაძევების ფაქტს. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს მიაწოდა ინფორმაცია სამართლებრივ ნორმებზე, რომლებიც შეეხებოდა წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობას და სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომებს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, მასზე არსებული არასწორი მონაცემების კანონსაწინააღმდეგოდ დამუშავების თაობაზე. 2019 წლის 17 ივნისის N...-ო წერილის შინაარსიდან არ გამომდინარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტის არსებობა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წერილში დააფიქსირა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც თავად განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და მისივე განმარტებით დასტურდებოდა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი წერილი და შეფასება მისცა დ. ა-ას მიერ წარდგენილ ინფორმაციას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებს და უფლებამოსილებებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის განხორციელება წარმოადგენდა. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტს უფლება ჰქონდა, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიემართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ან სასამართლოსათვის. სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა სუბიექტის მიმართვას განიხილავდა ამ კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

დადგენილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სადავო 2019 წლის 20 აგვისტოს Nგ-1/284/2019 გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა დ. ა-ას მიერ 2019 წლის 13 აგვისტოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარდგენილი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, მასთან დაკავშირებული არასწორი მონაცემების დამუშავებაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან, აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირების მოხდენის აუცილებლობაზე (ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება და 2019 წლის 17 ივნისის წერილიდან უსწორო მონაცემის აღმოფხვრა). განმცხადებელი ასევე ითხოვდა რეაგირებას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, 2019 წლის 9 აგვისტოს N943/2163-03-ო წერილის მეშვეობით, მისი მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტზე და მიუთითებდა, საჭიროების შემთხვევაში, მისი განცხადების საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის აუცილებლობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა შესაბამისი ორგანოს მხრიდან მონაცემთა დამუშავების ფაქტის არსებობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ვერ დადასტურდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დ. ა-ასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მისი, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტის უფლებების დარღვევა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი. ამდენად, სახელმწიფო ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება განმცხადებლის მოთხოვნაზე. იგი უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება, განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს Nგ-1/284/2019 გადაწყვეტილება კანონიერია. შესაბამისად, და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის დ. ა-ას 2019 წლის 12 აგვისტოს SIS 7 19 00003384 განცხადების განმეორებით განხილვის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე