საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე ბს-599(კ-21) 04 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილა ა. ჯ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჯ-მა 24.06.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.06.2020წ. N1000709389 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ჯ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.06.2020წ. N1000709389 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2020წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
ა. ჯ-მა 01.07.2022წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ უარს ამბობს წარდგენილ სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
განსახილველ შემთხვევაში, 01.07.2022წ. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, ა. ჯ-ი ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას სარჩელზე უარის თქმის გამო. განცხადებას ხელს აწერს თავად ა. ჯ-ი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართლაწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
სსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში ა. ჯ-მა სარჩელზე უარი განაცხადა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე, ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (სსკ-ის 49.4 მუხ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჯ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2021წ. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2020წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.04.2021წ. N05983 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი