Facebook Twitter
№ბს-128(კ-22) 29 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 5 ოქტომბერს თ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ 2020 წლის 31 აგვისტოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის №00832; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის №53/3743 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (წერილი); გ) დადგენილ იქნეს თ. ზ-ის კომლის მფლობელობაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თ. ზ-ის მიერ წარდგენილი საკადასტროს აზომვითი ნახაზის უფლების დამდგენ დოკუმენტთან მიმართებაში.

სარჩელის თანახმად, უფლების დამდგენი დოკუმენტის - საარქივო ცნობის მიხედვით, მოსარჩელის კომლის საკუთრებაში ირიცხება 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჩხერის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით თ. ზ-ეს საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციით რეგისტრირებული აქვს მხოლოდ 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით. დასარეგისტრირებლად დარჩენილი აქვს კიდევ 800 კვ.მ მიწის ფართობი. მოსარჩელემ, მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას უკანონო რეგისტრაცია ჰქონდა განხორციელებული თ. ზ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და არსებობდა ზედდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, გააუქმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა რა მუნიციპალიტეტის მერის ადგილობრივი წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ შედგენილი ოქმით, მაინც უარი განაცხადა თ. ზ-ეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებაზე, ანუ უარი განაცხადა იმ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებაზე, რომლის იდენტურობა უკვე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებით ჰქონდა დადასტურებული. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა, ობიექტურად შეფასებულიყო უკვე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარიყო მისი კუთვნილი 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება უფლების დამდგენ დოკუმენტთან, საარქივო ცნობასთან მიმართებით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, თითქოს სასამართლო განჩინება არსებობდა, რომლის გამოც ვერ ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ტ-ე, ე. ტ-ე, გ. ზ-ე, ნ. ზ-ე და ელ. ზ-ე.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ 2020 წლის 31 აგვისტოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00832; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს მიღებული №53/3743 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (წერილი); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ზ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წლის 31 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმი №00832 და დაევალა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.07.2020წ. №... წერილთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო განაცხადი: №...); თ. ზ-ის (პ/ნ ...) სასარჩელო მოთხოვნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 15.09.2020 წლის №53/3743 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 და 7.15 მუხლებზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 133-ე, 134.1, 1341.1 და 135-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლოს განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც კანონისმიერად ვალდებული ორგანო, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა დაადგინოს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობა რეგისტრაციით დაინტერესებული პირის უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახულ მიწის ნაკვეთთან, - ვალდებულია ამ პროცესში მხედველობაში მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ოქმით დაინტერესებულ პირს იდენტურობის დადგენაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ მიზეზით, თითქოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 27.06.2019წ. განჩინებაზე დართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით გზად მიჩნეული მიწის ნაკვეთის ნაწილი ექცეოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობში, რის გამოც საარქივო ცნობით კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი არ აბალანსებდა უკვე რეგისტრირებულ და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ფართობის ჯამს. ამგვარი მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი მხოლოდ ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს იმ პირობებში, როცა ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 27.06.2019წ. განჩინება არ შეხებია თ. ზ-ის მფლობელობაში არსებულ და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სადავო მიწის ნაკვეთს, ეს განჩინება შეეხო მხარეების - ელ. ზ-ის (მოსარჩელე) და ზ. ტ-ის, ე. ტ-ის, გ. ზ-ისა და ნ. ზ-ის (მოპასუხეები) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მოხელემ ხელახლა უნდა გადაწყვიტოს თ. ზ-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი, ამ მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს სზაკ-ის 95-97-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება. ამასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოს მხრიდან „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განუხორციელებლობის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსადმი მიმართვის უფლება და კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის გავლით მოახდინონ საკუთარი კანონიერი უფლებისა და ინტერსის დაცვა.

რაც შეეხება მოთხოვნას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 15.09.2020 წლის №53/3743 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი, მისი ადრესატისათვის, დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივი შედეგის მქონე დოკუმენტს არ წარმოადგენს და მხოლოდ ინფორმაციას შეიცავს მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სადაო წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ვერ მოხდება მისი მოქმედ კანონმდებობასთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უარსაყოფია.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2020 წლის 8 მაისს თ. ზ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო ნახაზი, საარქივო ცნობა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 375 კვ.მ მიწის რეგისტრაცია, რაზეც უარი ეთქვა, ვინაიდან არსებობდა ზედდება საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, კერძოდ, 81 კვ.მ მოიცავდა თ. ზ-ის მიერ იდენტურობის დასადგენად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). საჩხერის მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა თ. ზ-ეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინება (საქმე №2/474-18, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაცია სასამართლო განჩინების საფუძველზე, მოითხოვა სოფელ ...ში მცხოვრებმა ელ. ზ-ემ, რომელიც არის თ. ზ-ის მიერ იდენტურობის დასადგენად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე).

2020 წლის 26 ივნისს თ. ზ-ემ მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა საკითხის შესწავლა და მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება. ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა ნაკვეთის ფლობის ფაქტი, ამიტომ მერის მიერ 2020 წლის 17 ივლისს გამოცემულ იქნა ბრძანება და გაუქმდა რეგისტრაცია საკადასტრო კოდზე - ....

2020 წლის 7 სექტემბერს თ. ზ-ემ მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სწორი შინაარსის ცნობის წარდგენა საჯარო რეესტრში, რათა დადგენილიყო მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის №53/3743 წერილით თ. ზ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

საარქივო ცნობით ვერ დგინდებოდა მესაზღვრეები, კონფიგურაცია, როგორი მდებარეობა ჰქონდა მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის წერილით თ. ზ-ეს რეგისტრირებული აქვს 3005 კვ.მ, ხოლო დარჩენილი იყო 795 კვ.მ, რომელიც თანაფარდობაში არ იყო 375 კვ.მ მიწის ფართობთან. ამასთან, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, რომელსაც თან ახლავს საკადასტრო აზომვითი ნახაზი და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, ნახაზით მიწის ნაწილი, რომლითაც უნდა ესარგებლა ელ. ზ-ეს და დადგენილია გზად, მოიცავს თ. ზ-ის მიერ იდენტურობის დასადგენად წარდგენილ 375 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ზ. ტ-ისა და სხვების მიწის ნაკვეთამდე ელ. ზ-ე ვერ მივიდოდა თუ არ გაივლიდა ზემოაღნიშნული ნაკვეთის 81 კვ.მეტრს. სასამართლო განჩინებით დამტკიცებული ნახაზით ელ. ზ-ე გაივლის თ. ზ-ის მიერ იდენტურობის დასადგენად წარმოდგენილ 375 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 81 კვ.მეტრს მთელ სიგრძეზე, ამის შემდეგ გაივლის ზ. ტ-ის ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს და შევა თავის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთში (ს/კ ... და ...). აქედან გამომდინარე, თუ 375 კვ.მ-ს გამოვაკლებთ 81 კვ.მ-ს დარჩება 294 კვ.მ, რომელიც არ არის იდენტური მოთხოვნილ 375 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მორიგებისას, რომელიც დამტკიცდა 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნახაზში შეიტანა თ. ზ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი - 81 კვ.მ, მთელ სიგრძეზე. მართალია, აღნიშნული არ არის მოცემული დავის საგანი, თუმცა შეეხო იდენტურობის დასადგენად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. თ. ზ-ემ ჯერ საჩხერის რაიონულ სასამართლოს, ხოლო შემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით და მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის (საქმე №474-18) განჩინების გაუქმება, რაზეც მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის №2გ-1039-2020 განჩინებით ეთქვა უარი. ამჟამად, 375 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრებაში და მისი ნაწილი - 81 კვ.მ მოიცავს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით დადგენილ გზას, რომელზეც უნდა გაიაროს ელ. ზ-ემ, რომ მივიდეს საკუთარ მიწის ნაკვეთებთან.

კასატორის განმარტებით, 2020 წლის 15 სექტემბრის წერილი არის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და არა საინფორმაციო წერილს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
დადგენილია, რომ 2020 წლის 8 მაისს თ. ზ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო ნახაზი, საარქივო ცნობა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია საჩხერის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 375 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე (ტ.1. ს.ფ. 115-120).
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 20 მაისს მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, გადაუგზავნა თ. ზ-ის მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ამავე მიმართვით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ზედდებაა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ტ.1. ს.ფ 29).
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 11 ივნისს მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, გადაუგზავნა თ. ზ-ის მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ამავე მიმართვით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ზედდებაა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელზე. ამასთან, ეთხოვა მერიას, რომ მოხდეს მსჯელობა რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირებასთან დაკავშირებით და თუ მუნიციპალიტეტი თანახმა იქნება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე, სააგენტოს მიერ დაკორექტირდება აღნიშნული საკადასტრო კოდი და დარეგისტრირდება დაინტერესებული პირის საკუთრება წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 17).
2020 წლის 16 ივნისის №53/2102 წერილით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინება (საქმე №2/474-18წ), რომლითაც თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს ამ განჩინების შემადგენელ ნაწილს და აღნიშნულიდან გამომდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებდა მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირებას (ტ.1. ს.ფ. 18).
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ზ-ის 2020 წლის 8 მაისის განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე საჩხერე სოფ. ...ი - 375 კვ.მ, ზონა: საჩხერე, სექტორი: ...) იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 208).
დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 349 კვ. მეტრი, მდებარე: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდით №..., 2020 წლის 16 იანვარს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 დეკემბრის №53 3469 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 165-166).
დადგენილია, რომ თ. ზ-ემ 2020 წლის 26 ივნისს მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა, რომ შესწავლილი იქნეს №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხი და მოხდეს მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) კორექტირება იმგვარად, რომ გაუქმდეს რეგისტრაცია მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 2 ივლის დათვალიერებულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი. დათვალიერებას ესწრებოდნენ იურიდიული განყოფილების უფროსი - თ. ჭ-ე, უფროსი სპეციალისტი - მ. კ-ი, უფროსი სპეციალისტი - შ. ო-ი, უფროსი სპეციალისტი მიწისა და ქონების მართვის საკითხებში - ი. ც-ი. ასევე ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები, მათ შორის, განმცხადებელი. ოქმის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ტალავერი, მავთულბადითაა შემოსაზღვრული, რომელსაც ეტყობა სიძველის კვალი. გზის არსებობის კვალი არ არსებობს. ზ. ზ-ემ დათვალიერების ოქმში აღნიშნა, რომ მის შეთანხმებას ელ. ზ-ესთან არავითარი კავშირი არ აქვს მოცემულ მიწის ნაკვეთთან. 2020 წლის 3 ივლისს უკვე ნახაზის ავტორთან ერთად მოხდა დათვალიერება, სადაც ნახაზის ავტორმა განმარტა, რომ მან იცოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალითაც დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი განაშენიანებულია (ტ.1. ს.ფ. 144-158).
დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ელ. ზ-ესა და ზ. ტ-ეს, ე. ტ-ეს, გ. ზ-ეს, ნ. ზ-ეს შორის შემდეგი პირობებით: ა) ზ. ტ-ე (პ/ნ ...), ე. ტ-ე (პ/ნ ...), გ. ზ-ე (პ/ნ ...) და ნ. ზ-ე (პ/ნ ...) თანხმდებიან, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... წარმოდგენილი ნახაზის საფუძველზე ისარგებლოს ელ. ზ-ემ და მისმა ოჯახის წევრებმა, რადგან აღნიშნული გზის გავლით მოხვდნენ (პ/ნ ...) თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ... და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებულ 253 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. (მორიგების თან ერთვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სიტუაციური ნახაზი და ორთოფოტო.) მორიგება შედგენილია საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული მონაკვეთის სარგებლობის თაობაზე. აღნიშნული მიწის ფართობი ეკუთვნის მოპასუხეებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობა მოხდება უსასყიდლოდ. ბ) საკადასტრო აგეგმვითი /აზომვითი ნახაზი (საკადასტრო აზომვაზე უფლებამოსილი პირი: ნ. გ-ე პ/ნ ..., დაინტერესებული პირი: ელ. ზ-ე პ/ნ ..., თარიღი 27.06.2019წ.) შესაბამისი მონიშვნით წარმოადგენს ამ განჩინების შემადგენელ ნაწილს (ტ.1. ს.ფ. 159-164).
დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის 17 ივლისს გამოსცა №53 2070 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 დეკემბერის №53 3469 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 23 ივლისს გაუქმდა №... საკადასტრო კოდით სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე 349 კვ. მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 169, 17-172).
დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილია თ. ზ-ის №... განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით უძრავ ნივთზე მდებარე ...ი. ამავე განცხადებვით სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადგინოს საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადატრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ასევე ეცნობა, რომ საარქივო ცნობით გათვალისწინებული ფართობიდან - 3800 კვადრატული მეტრი, 3005 კვადრატული მეტრი უკვე დარეგისტრირებულია თ. ზ-ის საკუთრებაში (ტ.1. ს.ფ. 19).
დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთებზე „უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელის ც. მ-ის მიერ შედგენილია უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00832 ოქმი, რომლის შესაბამისად, თ. ზ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №13/51179 გაცემული 2019 წლის 8 მაისს) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (შესრულებული შპს „...“-ს მიერ მისამართი საჩხერე სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთის ფართობი 375 კვადრატული მეტრი) იდენტურობა ვერ დადგინდა ვინაიდან მიწის ნაკვეთის ნაწილზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და მიმდინარეობს დავა (ტ.1. ს.ფ. 22-23).
დადგენილია, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის ც. მ-ის მიერ გაცემულია ცნობა №222, რომლის თანახმად, თ. ზ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №13/51179 გაცემული 2019 წლის 8 მაისს) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (შესრულებული შპს „...“-ს მიერ მისამართი საჩხერე სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთის ფართობი 375 კვ. მ.) იდენტურობა ვერ დადგინდა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ნაწილზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და მიმდინარეობს დავა (ტ.1. ს.ფ. 21).
დადგენილია, რომ თ. ზ-ემ 2020 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ იქნეს ცნობა, რომლითაც დადასტურდება სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 375 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 174-177).
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის №53/3743 წერილით თ. ზ-ეს ეცნობა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 349 კვ.მ მიწის ნაკვეთთზე, რომელიც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებაზე დართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, დადგენილია გზად. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და განჩინებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით ფიქსირებული გზის ნაწილი მოქცეულია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ ფართში, საარქივო ცნობით კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის რაოდენობა არ აბალანსებს უკვე რეგისტრირებულ და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ფართების ჯამს, საარქივო ცნობა არ იძლევა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის საშუალებას, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ცნობა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადასტურდება თ. ზ-ის დაინტერესებაში არსებული 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა საარქივო ცნობით №13/51179 გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან (ტ.1. ს.ფ. 15-16).
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 სექტემბრის №...-05 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ზ-ის 2020 წლის 24 ივლისის განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე, საჩხერე: სოფ. ...ი - 375 კვ.მ, ზონა: საჩხერე, სექტორი: ...) იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1. ს.ფ. 209).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები. ხსენებული კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ოქმით დაინტერესებულ პირს იდენტურობის დადგენაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ მიზეზით, თითქოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 27.06.2019წ. განჩინებაზე დართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით, გზად მიჩნეული მიწის ნაკვეთის ნაწილი ექცეოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობში, რის გამოც საარქივო ცნობით კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი არ აბალანსებდა უკვე რეგისტრირებულ და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ფართობის ჯამს. ამგვარი მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი მხოლოდ ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს იმ პირობებში, როდესაც ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 27.06.2019წ. განჩინება არ შეხებია თ. ზ-ის მფლობელობაში არსებულ და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სადავო მიწის ნაკვეთს, ეს განჩინება შეეხო იმავე საქმეში მონაწილე მხარეების ელ. ზ-ის (მოსარჩელე) და ზ. ტ-ის, ე. ტ-ის, გ. ზ-ისა და ნ. ზ-ის (მოპასუხეები) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას, რა დროსაც ხელახლა უნდა გადაწყდეს თ. ზ-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი, ამ მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე-97-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება.
ამასთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 15.09.2020 წლის №53/3743 წერილთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას და ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 სექტემბრის №...-05 გადაწყვეტილების გამოცემას საფუძვლად დაედო 2020 წლის 31 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელის ც. მ-ის მიერ შედგენილია უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00832 ოქმი, რომლის შესაბამისად, თ. ზ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №13/51179 გაცემული 2019 წლის 08 მაისს) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (შესრულებული შპს „...ს“ მიერ, მისამართი: საჩხერე სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთის ფართობი - 375 კვადრატული მეტრი) იდენტურობა ვერ დადგინდა. შესაბამისად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სწორედ ეს უკანასკნელი დოკუმენტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 15.09.2020 წლის №53/3743 წერილი მისი ადრესატისათვის, დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივი შედეგის მქონე დოკუმენტს არ წარმოადგენს, რის გამოც ვერ მოხდება მოქმედ კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დადგენა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე