საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1029(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. პ-ამ 2020 წლის 13 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1999/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ლ. პ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ. პ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1999/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენისა და მისი განხილვის წესი, ასევე - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, თითოეული დევნილი ოჯახის განცხადების შეფასება ხორციელდება სააგენტოს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე, შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ აქვს საკუთრებაში საცხოვრებელი, თუმცა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა გარემოება, რომ ლ. პ-ა ცხოვრობს ბიძაშვილის საკუთრებაში ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გაწევის გარეშე, შეუზღუდავად და ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის დედას საკუთრებაში გააჩნდა ორი უძრავი ნივთი, მათ შორის, თბილისში მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, ასევე, ...ში 77.5 კვ.მ. ფართის ბინა, რომლებიც გაასხვისა. მოსარჩელის განცხადების განხილვის ეტაპზე საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროება, შესაბამისად, გამოიცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1999/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. პ-ას მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1999/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. პ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახი შედგება 4 წევრისაგან, თავად მოსარჩელე და 3 არასრულწლოვანი შვილი. მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართია (რეგისტრირებული) თბილისი, ...ი ...ის IVბ მ/რ, კორპუსი 5, ბინა 10. განაცხადის განხილვის შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1999/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), ლ. პ-ას ოჯახს ეთქვა უარი ბიძაშვილის სახლში ცხოვრების მოტივით, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ლ. პ-ას ოჯახი შეფასდა 11 ქულით. მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 8.5 და მეტი ქულა.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა ლ. პ-ას განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს ნათესავის (ბიძაშვილი) საცხოვრებელ ფართში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, ლ. პ-ას ბიძაშვილის საკუთრებაში არსებული ფართი გასხვისებულია და ლ. პ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით.
ამდენად, საკასაციო პაალტის მოსაზრებით, ლ. პ-ასთვის აღნიშნული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს მოსარჩელე ლ. პ-ას დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსახლების გადაუდებელი საჭიროება, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ლ. პ-ას ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საკუთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა