საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-887(კ-20) 29 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ... უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ბ-ი
მესამე პირი - თ.ჯ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 20 ივნისს რ.ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელემ ,,სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №... ბრძანებით ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობა და სსიპ ... უნივერსიტეტისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე რ.ბ-ის სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ...ა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,სსიპ ... უნივერსიტეტის ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №... ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №... დადგენილება. სსიპ ... უნივერსიტეტს დაევალა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რ.ბ-ის სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ...ა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ... უნივერსიტეტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ ... უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ,,სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №... ბრძანებით ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №... დადგენილება და დაევალა მოპასუხე სსიპ ... უნივერსიტეტს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ იმსჯელოს ადმინისტრაციულ საჩივარზე და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ... უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მართალია, საკონკურსო კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური თანამდებობის შესაბამისობაზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკადემიურ საბჭოს, თავის მხრივ, არ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, გაიზიაროს თუ არა საკონკურსო კომისიის დასკვნა. ,,სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, თუმცა, გამარჯვებული იმთავითვე არ არის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი. კანონმდებლობით ცალ-ცალკეა მოწესრიგებული გამარჯვებულის გამოვლენა და თანამდებობაზე არჩევა, შესაბამისად, პროფესორად არჩევისთვის აუცილებელი რგოლია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. აკადემიურ საბჭოს საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სსიპ ...უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-8 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების საფუძველზე.
სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტში მითითებულია რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებამოსილებაც გააჩნია აკადემიურ საბჭოს, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, თითქოს საბჭოს, კანონმდებლობის საფუძველზე, სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მე-8 მუხლის მე-14 პუნქტში არ არის მითითება მე-13 პუნქტზე და მასში ჩამოთვლილ გადაწყვეტილებებზე, რაც იმის დასტურია, რომ აკადემიურ საბჭოს, გარდა მე-13 პუნქტში ჩამოთვლილისა, უფლება აქვს, კანონმდებლობის საფუძველზე, მიიღოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებაც, როდესაც არ ეძლევა საშუალება მიიღოს მე-8 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გადაწყვეტილებათაგანი. ამ შემთხვევაში აკადემიურმა საბჭომ საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი არ დაამტკიცა (არაერთგზის), და ამავდროულად, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ არ უნდა დაებრუნებინა იგი საკონკურსო კომისიისთვის, ვინაიდან ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა საკონკურსო კომისიამ ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა და სამართლიანობა.
კასატორის განმარტებით, ,,სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-13 პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში ცალკე დადგენილება კონკურსის დასრულებულად გამოცხადების თაობაზე არ მიიღება. აღნიშნული წესის მე-14 პუნქტის გამოყენება სწორედ მაშინ ხდება, როცა აკადემიური საბჭო თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სხვა გადაწყვეტილებას, ვიდრე ეს მე-13 პუნქტითაა განსაზღვრული.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის დასაბუთება, თუ რამდენად სწორად განახორციელა აკადემიურმა საბჭომ დისკრეციული უფლებამოსილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ძალაშია აკადემიური საბჭოს სხდომის ის ოქმი (2019 წლის 20 მაისის N9 სხდომის ოქმი), რომელიც ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის N... დადგენილების. აღნიშნული ოქმი გახლავთ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც საკონკურსო კომისიას უარი ეთქვა დასკვნის დამტკიცებაზე, შესაბამისად, აღნიშნული აქტის არსებობის პირობებში შეუძლებელია, აკადემიურმა საბჭომ მიიღოს სხვა აქტი, რომელიც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება 2019 წლის 20 მაისის N9 სხდომის ოქმს.
კასატორის განმარტებით, აკადემიური საბჭო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მას ჰქონდა შესაძლებლობა რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან მიეღო ერთ-ერთი. აკადემიურმა საბჭომ 2019 წლის 20 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაემტკიცებინა კომისიის შემაჯამებელი დასკვნა და ვინაიდან ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული იყო საკითხის კვლავ კომისიისთვის დაბრუნება. შესაბამისად, დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ დაამტკიცა აკადემიურმა საბჭომ კომისიის დასკვნა და დატოვა თანამდებობა ვაკანტურად, წარმოდგენილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის N9 სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც შემდგომ მიღებულია 2019 წლის 20 მაისის N... დადგენილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ ... უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 1 მაისის №... ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადდა კონკურსი, ხოლო სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №... დადგენილებით, სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია (შემდგომ - საკონკურსო კომისია) და მისი შემადგენლობა განისაზღვრა ხუთი წევრით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და მოცემული აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით, განცხადებები, დადგენილი წესით შევსებულ ანკეტებთან ერთად, წარადგინეს რ.ბ-მა და მესამე პირმა თ.ჯ-ემ, რომლებზეც შევსებულ იქნა შესაბამისი კონკურსანტის შეფასების ფორმები, სადაც განისაზღვრა, რომ საბუთები წარმოდგენილია სრულყოფილად, კონკურსანტები სრულად აკმაყოფილებენ გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს, ორივე მათგანის საერთო შეფასება არის „მაღალი“ და წარდგენილი ანკეტებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე, საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №1 ოქმით, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეულზე) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა რ.ბ-ი. იმავე ოქმით დადგინდა, რომ შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად უნდა გადაცემოდა სსიპ - ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს. მესამე პირის, თ.ჯ-ის საჩივრის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო - სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც დაადგინა, რომ კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა გამოვლენილი იყო ფარული კენჭისყრით, რომელიც ჩატარებული იყო შესაბამისი წესების დაცვით და საკონკურსო კომისიის მუშაობაში პროცედურების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №... დადგენილებით ნაწილობრივ დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №1 ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და საკონკურსო კომისიას უარი ეთქვა სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ...ა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილში დამტკიცებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, საკონკურსო კომისიას დაევალა, კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიხედვით, სათანადო პროცედურების განხორციელება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სსიპ ...უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №... დადგენილების საფუძველზე, საკონკურსო კომისიამ ხელახლა განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა - რ.ბ-ის და მესამე პირის - თ.ჯ-ის მონაცემები და 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება გამარჯვებულად რ.ბ-ის გამოვლენის შესახებ, სადაც განისაზღვრა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მიეთითა ის უპირატესობები, რამაც მოსარჩელე რ.ბ-ის გამარჯვება განაპირობა. ამასთან, საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით, მესამე პირის - თ.ჯ-ის საჩივრის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 19 ოქტომბერს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილება გაცილებით უფრო დეტალური და ინფორმატიულია. თუმცა, სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №... დადგენილებით, საკონკურსო კომისიას კვლავ უარი ეთქვა სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილების დამტკიცებაზე და საკონკურსო კომისიას დაევალა კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიხედვით, სათანადო პროცედურების განხორციელება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების წარმოდგენა.
სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №... დადგენილების საფუძველზე, საკონკურსო კომისიამ ხელახლა გამართა კონკურსში მონაწილე პირების - რ.ბ-ის და მესამე პირის თ.ჯ-ის საკონკურსო ეტაპები - შეფასება დანართი №4-ის მიხედვით და გასაუბრება ვიდეოჩაწერის საშუალებით, ორივე კანდიდატის თითოეული მონაცემის დეტალური შეფასების და წერილობით დასაბუთების საფუძველზე, 2019 წლის 17 აპრილს, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიიღო შემაჯამებელი ოქმი მოსარჩელე რ.ბ-ის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ. ამასთან, საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 აპრილის შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, მესამე პირის - თ.ჯ-ის საჩივრის საფუძველზე, საკონკურსო - სააპელაციო კომისიამ 2019 წლის 1 მაისს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ ამ დროისათვის საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებულია სათანადო სამუშაო ამ მიმართულებით და გამოქვეყნებულია მორიგი შემაჯამებელი ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭოს შესაბამისი მითითების თანახმად, საკონკურსო კომისიამ ხელმეორედ ჩაატარა გასაუბრება პრეტენდენტებთან, რაც ასახულია კიდეც აღნიშნულ შემაჯამებელ ოქმში. საჩივარში მითითებული შენიშვნების არსებითად, წინა საჩივრებში გამოხატული შენიშვნების შინაარსის იდენტურობის გამო, საკონკურსო - სააპელაციო კომისიამ მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია მათზე განმეორებით მსჯელობა და აკადემიურ საბჭოს, საკონკურსო - სააპელაციო კომისიამ მიმართა, ეხელმძღვანელა წინა შემაჯამებელი დასკვნებით.
სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №... დადგენილებით ირკვევა, რომ დასრულებულად ჩაითვალა კონკურსი და ,,სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ ...უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 1 მაისის №... ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ...ა დეპარტამენტის ...პროფესორის აკადემიურ თანამდებობა (საშტატო ერთეული) დარჩა ვაკანტური.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სსიპ ...უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-8 მუხლზე, რომელიც ადგენს კონკურსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს ურთიერთშეაჯერებს, აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის წესით. გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომელიც მიიღებს/მიიღებენ კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურების შესახებ და მისი შედეგები აისახება კომისიის ოქმში. საკონკურსო კომისიის კენჭისყრის საფუძველზე მიღებული შედეგები აისახება კომისიის შემაჯამებელ ოქმში. შემაჯამებელ ოქმში აუცილებლად აისახება მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, შეფასებების) საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ... უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის უზრუნველყოფის და კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირის გამოვლენის დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამის საკონკურსო კომისიას, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კონკრეტული პირის შერჩევის მიზანშეწონილობას, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წყვეტს მხოლოდ საკონკურსო კომისია. ამასთან, ზემოაღნიშნული წესის დანაწესებიდან გამომდინარე, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება უნივერსიტეტის ვალდებულებაა.
მიღესაკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონკურსო კომისიის შექმნისა და საკითხის კენჭისყრის საფუძველზე ბის ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულოობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისაგან გამორჩევა, რა დროსაც საკონკურსო კომისია სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება ბს-37-37(კ-18)).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ასევე სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კასატორის პოზიციას, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს, სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის "ჰ1" ქვეპუნქტს, რომლითაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობას და კომისიის მუშაობის შედეგებს, ირჩევს აკადემიურ პერსონალს თანამდებობაზე. ამავე რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, აკადემიური საბჭოს დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ჰ1" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. სსიპ ...უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ; ბ) საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ნაწილობრივ დამტკიცებისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ; გ) საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ. ამავე მუხლის მე-18 პუნქტით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების დასამტკიცებლად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, აქტის სახით ღებულობს მხოლოდ დადგენილებას, რომელიც საჩივრდება სასამართლოში. განსახილველ საკითხზე გამართული აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობაზე წარმოდგენილი ნორმები არ მიუთითებენ. ამდენად, მოსარჩელემ, ,,სსიპ ... უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №... ბრძანებით ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ...პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადავოდ გახადა აკადემიური საბჭოს მიერ 2019 წლის 20 მაისის სხდომაზე მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მე-8 მუხლის მე-18 პუნქტით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება (დადგენილება და სხდომის ოქმი) არ შეიცავს მსჯელობას, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა აკადემიურმა საბჭომ, სადავო საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისას. სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ კონკურსის პირველი ეტაპი მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში გადალახულ იქნა მაღალი შეფასების კრიტერიუმით. ამდენად, ასეთ ვითარებაში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება საჭიროებდა მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ შინაარსობრივ დასაბუთებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე