საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-764(კ-20) 29 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 12 აპრილს დ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს დ.გ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდის გაუცემელი ხელფასის - 494,21 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა დ.გ-ისთვის გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე, 494,21ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე დ.გ-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... ... სამმართველოს შტაბის ... განყოფილების ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით დ.გ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №862526 ბრძანებით დ.გ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 17 თებერვლიდან.
კასატორის განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის კანონით დადგენილი წესის მიზანი არის დაინტერესებული პირის ინფორმირება მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომის შესახებ, რადგან მას ჰქონდეს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და სურვილის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლებები. მოცემულ ვითარებაში სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დ.გ-ი ინფორმირებული იყო თუმცა მან სასამართლოს არ მიმართა კანონით დადგენილ ვადაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ ჩაბარებია ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, არ აბრკოლებს მას, კანონით დადგენილი წესით მიემართა სასამართლოსათვის. შსს-ს დ.გ-ის მიმართ შეტანილი ჰქონდა სარჩელი ზედმეტად დარიცხული ხელფასის დაბრუნების თაობაზე, რომელზეც მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2018 წლის 13 მარტს, მოსარჩელე აღიარებს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 13 მარტს იგი პირველად გაეცნო ბრძანებას, თუმცა დ.გ-ს საქმის წარმოების მასალები გადაეცა გაცილებით ადრე, ვიდრე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. კერძოდ, დ.გ-ს განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე უნდა მიემართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №862526 ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუმცა მან მისი უფლების რეალიზება მოახდინა 1-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დ.გ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობის შრომითი ანაზღაურების კანონიერება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ.გ-ი 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №862526 ბრძანებით შსს ... დეპარტამენტის ... ... სამმართველოს შტაბის (სამსახური) ... განყოფილების (....) ...ის სპეციალისტი (... ), პოლიციის რიგითი დ.გ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 17 თებერვლიდან.
ასევე დადგენილია, რომ დ.გ-ი სამსახურებრივ მოვალეობას ფაქტობრივად ასრულებდა 2017 წლის 19 აპრილამდე. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მას ხელფასი მიღებული აქვს 2017 წლის 1 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 9 აგვისტოს MIA 4 18 01930124 წერილით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... ... სამმართველოს შტაბის (სამსახური) ... განყოფილების (...) ...ის სპეციალისტის ...-ის) თანამდებობაზე მუშაობისათვის 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდში დ.გ-ის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იქნებოდა 494,21 ლარით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა აგრეთვე გულისხმობს შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. აღნიშნულისგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „თ. ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №862526 ბრძანებით პოლიციის რიგითი დ.გ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 17 თებერვლიდან, იგი სამსახურებრივი მოვალეობის ფაქტობრივად შესრულებას განაგრძობდა 2017 წლის 19 აპრილამდე, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო იღებდა მოხელის მიერ შესრულებულ სამუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №862526 ბრძანება სადავოდ არ გაუხდია და ბრძანების უკანონობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დ.გ-ის სასარგებლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დამსაქმებელს, დ.გ-ისთვის, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე წარმოეშვა შრომითი ანაზღაურების ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში დავა არ უკავშირდება, სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების კანონშესაბამისობის შემოწმებას. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებდა რა ვალდებულებას, გაეცა შრომითი გასამრჯელო - ხელფასი, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე