Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-814(კ-20) 29 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზ.ზ-ემ 2018 წლის 30 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მარტის №9 საოქმო გადაწყვეტილების და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ამავე კომისიის 2018 წლის 2 აპრილის №196 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზ.ზ-ის სასარგებლოდ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...ის მიმდებარედ არსებულ 805 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ზ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მარტის №9 საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 2 აპრილის №196 განკარგულება ზ.ზ-ეზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ.ზ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...ის მიმდებარედ არსებულ 805,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, ზ.ზ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული კანონმდებლობით მოთხოვნილი, საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელი წინაპირობა - შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთი ასევე არ მდებარეობს ზ.ზ-ის საკუთრებაში ან მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, არამედ სადავო ტერიტორია მდებარეობს მოსარჩელის შვილის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წელს გადაეცა მოსარჩელისგან. კასატორი აღნიშნავს, რომ ზ.ზ-ის მიერ კომისიაში ვერ იქნა წარდგენილი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ.ზ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, არ დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 7 თებერვალს ზ.ზ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. ბათუმში, ..ის ქ. №...ის მიმდებარედ არსებულ 805 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თვითნებური დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მარტის №9 საოქმო გადაწყვეტილებით ზ.ზ-ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა ზ.ზ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

აღნიშნულის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 2 აპრილს გამოსცა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სადავო №196 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. აღნიშნული „წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის, ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი (მუხლი 3).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დავაში კომისიამ ზ.ზ-ის მოთხოვნის უარყოფის ერთ-ერთ საფუძვლად უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არარსებობა მიუთითა, ასევე, განმცხადებლის - ზ.ზ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ამავე მიწის ნაკვეთის არარსებობა მიუთითა, რაც გამორიცხავდა მოთხოვნილ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ზ.ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, აღნიშნავს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის განთავსებული ვაგონის ტიპის ნაგებობა, რასაც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, იგი 2007 წლამდე პერიოდიდან დღემდე, საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებს, ხოლო მიწის ნაკვეთს, მოსარჩელე 2004 წლიდან ნამდვილად ფლობს, სარგებლობს და ამუშავებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის სადავო აქტებში მითითებულ გარემოებებთან, რაც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის აუცილებლობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს არა მოსარჩელის, არამედ მოსარჩელის შვილის - ი.ზ-ის საკუთრებაში არსებული 2097 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც, ზ.ზ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა შვილს - ი.ზ-ეს.

საკასაციო პალატა, მიწის ნაკვეთების მომიჯნავეობის შესახებ განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმა, მიწის ნაკვეთების მომიჯნავეობის შესახებ, გულისხმობს ისეთ მოცემულობას, როდესაც თავად დაინტერესებულ პირს, რომელმაც მოითხოვა თავის სარგებლობაში არსებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნია ამ ნაკვეთის მომიჯნავე, სხვა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი ვერ იქნება ის გარემოება, დაინტერესებული პირი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე როდის გახდა, არამედ სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითია, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ თვითნებური დაკავების დრო (როდიდან იწყება ნაკვეთის დაკავების დრო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ და დაკავება გრძელდება თუ არა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნამდე). ასევე, დასადგენია, მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დანიშნულება, სახე, პარამეტრები, მიწის ნაკვეთზე მისი განთავსების დრო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია, გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.

მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო აქტები ისე იქნა კომისიის მიერ მიღებული, რომ მან კანონშესაბამისად არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად, არამედ, აღნიშნულის საპირისპიროდ, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი სწორედ ის გარემოება გახდა, რომელიც მოპასუხეს არ გამოუკვლევია.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის, ადგილზე დათვალიერების ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზ.ზ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი განაცხადის უპირობოდ დაკმაყოფილებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, სადავო აქტებში მითითებული და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებების ფარგლებში იმსჯელა აქტების კანონიერებაზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები და კანონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე